მიცკევიჩზე 40 წლის მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
23-09-2018
მიცკევიჩზე 40 წლის მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა და ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით 1979 წელს დაბადებული შ. ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი შ. ჩ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით