სიგიჟის ზღვარზე - კვირის პალიტრა

სიგიჟის ზღვარზე

"10.000 კი არა, 500 ლარი რომ მქონოდა, ჩემს მიცვალებულს ხომ დავმარხავდი?.."

"დავიჯერო, ნორმალურ ადამიანს ამის ჩადენა შეეძლო?"

"ქალმა გაანადგურა ის, რამაც ჩიხში შეიყვანა. ეს ჩიხი კი იყო ხუთი თვის საპენსიო კრედიტის გადახდის პასუხისმგებლობა"

8 მაისს ჭიათურაში ტრაგედია დატრიალდა. 62 წლის რუსუდან ბებიაშვილმა გარდაცვლილი მეუღლის ცხედარი ნაჯახით აკუწა და მდინარე ყვირილაში გადაყარა. რუსუდან ბებიაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, მაგრამ ქალი შეურაცხადი არ აღმოჩნდა(!).

რუსუდან ბებიაშვილი აწ გარდაცვლილ მეუღლესთან, ბიგენტი სამხარაძესთან ერთად ჭიათურაში, პატარიძის ქ. #3-ში ცხოვრობდა. 2010 წლის 8 მაისს 82 წლის ბიგენტი სამხარაძე შინ დაბრუნებულ მეუღლეს გარდაცვლილი დახვდა.

იმის გამო, რომ დასაკრძალავი თანხა არ გააჩნდა და ამასთან, უნდოდა, ქმრის პენსია კვლავ აეღო (რაც მისი გარდაცვალებისთანავე ავტომატურად შეწყდებოდა), განიზრახა, დაემალა მეუღლის გარდაცვალება და ნაჯახით დაანაწევრა გვამი, - ნაწილი მდინარე ყვირილაში გადაყარა, ნაწილს კი აივანზე პლასტმასის ჭურჭელში ინახავდა. ექსპერტიზის დასკვნით, რუსუდან ბებიაშვილის სახლში ნაპოვნი სხეულის ნაწილი მამრობითი სქესის ადამიანს ეკუთვნოდა, მისი ასაკისა და სიკვდილის მიზეზის დადგენა კი უკვე შეუძლებელი იყო.

რუსუდან ბებიაშვილს ბრალი დაედო მიცვალებულის უპატივცემულობაში და რადგან ეს მსუბუქ დანაშაულთა კატეგორიაში გადის (მხოლოდ ერთწლიან სასჯელს ითვალისწინებს), რუსუდან ბებიაშვილი არ დაუპატიმრებიათ, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10.000 ლარის გადახდა დააკისრა.

გადავწყვიტე, ჩემი თვალით მენახა ქალი, რომელმაც 40-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე ასო-ასო აქნა და მდინარეში გადაყარა. ჭიათურაში ჩასულს რუსუდან ბებიაშვილი შინ არ დამხვდა. მეზობლებმა მითხრეს, ქუთაისში წავიდა, სასამართლო გადაწყვეტილების გასასაჩივრებლადო.

ჭიათურა ღვთისა და კაცისაგან მიტოვებული ქალაქია. სახლი, სადაც ეს ამბავი მოხდა,  მაღაროელთა დასახლებაშია. უზარმაზარი, მრავალბინიანი დაფხავებული კორპუსი ალაგ-ალაგ ფიცრებით არის შეჭედილი. აქ ახლა მხოლოდ 10-ოდე ოჯახი ცხოვრობს.

პირველი სართულის აივანზე ახალგაზრდა ქალს მოვკარი თვალი და გავესაუბრე. თურმე რუსუდან ბებიაშვილი ყურადღებას არ აკლებდა ინვალიდ მეუღლეს და ეს რამ გააკეთებინა, ამის ახსნა  გაუჭირდა.

- არა, მისი შიში არა გვაქვს, ჩამოდის მეზობლებთან, ბავშვებს კანფეტებს ურიგებს. თვითონ მოგვიყვა ყველაფერს, ჯერ თავი მოვაჭერი, შემდეგ ხელებიო. ძალიან გაჭირვება კი არის ჩვენში, მაგრამ მიცვალებულის დამარხვას მოვახერხებდით როგორმე. რამდენიმე წლის წინ ერთ გაჭირვებულ ოჯახში კაცი გარდაიცვალა. გარდერობში ჩავასვენეთ და ყვირილის პირას დავასაფლავეთ(!).

KvirisPalitra.Ge- როგორც ვიცი, დანაწევრებულ გვამს რუსუდან ბებიაშვილი აივანზე ინახავდა, სუნი არ იგრძნობოდა?

- განსაკუთრებული არაფერი. ბიგენტი რომ ვეღარ დავინახეთ, მოვიკითხეთ. ხან ამბობდა, აქაურ საავადმყოფოში წევსო, ხანაც ქუთაისშიო. ამან დაგვაეჭვა. ბოლოს თვითონაც ძალზე არეულ-დარეულად ლაპარაკობდა. მერე შვილიშვილებმა და შვილმაც მოიკითხეს მამა... ამ დროს რუსუდან ბებიაშვილიც გამოჩნდა, მითხრეს, მიდით, დაელაპარაკეთ, რა თქმა უნდა, თუ არ გეშინიათო. რუსუდან ბებიაშვილმა სახლში მიმიპატიჟა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, გულიც გადამიშალა:

- ჩემი მეუღლე ბიგენტი სამხარაძე, ინჟინერი, 39 წლისა მაღაროში აფეთქდა. ეს უბედურება რომ შემატყობინეს და მივედი, სადღა იყო კაცი? მხოლოდ დანახშირებული კუნძი ეგდო და  თვალებს აბრიალებდა. არ გადარჩებაო, მითხრეს. თბილისში წავიყვანე, სამი თვე საავადმყოფოში სკამებზე მეძინა, ფულით მაღაროელები მეხმარებოდნენ, ყველას უყვარდა საცოდავი. მარტო ვიშნევსკის მალამოს უსვამდნენ და  რას უშველიდა? წავედი თურმანიძესთან და იმის მალამომ გადაარჩინა. ხუთი თვის შემდეგ ტანსაცმელი რომ ჩავაცვი, სიხარულისგან ვტიროდი.

კი გადარჩა, მაგრამ ვაი, ასეთ სიცოცხლეს, ფსიქიკაც შეერყა საწყალს. ექიმმა მითხრა, ჩამოყალიბებული ფსიქოპათია აქვს, არ მორჩებაო. დავრჩი ასე გაუბედურებული სამი შვილით. მე სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად ვმუშაობდი. 33 წელიწადი ვიმუშავე საფარის მე-4 სკოლაში. მალე ამ უბედურებას ისიც დაერთო, რომ ჩემი 13 წლის ვაჟი თამაშისას კლდიდან გადავარდა და დაიღუპა.

სამი დღე სისხლი მოსდიოდა ბავშვს გაჩეხილი თავიდან, ვერ შეუჩერეს ვერაფრით. რა არ მაქვს გადატანილი ამ საშინელ ქალაქში! რა უნდა მექნა, ბედს დავმორჩილდი, ინვალიდს მოვლა-პატრონობა ესაჭიროებოდა. საწარმოო ტრავმის გამო რეგრესის პენსია დაენიშნა. ამ ფულით ვაცოცხლებდი, ხან გადასხმებს ვუკეთებდი, ხან ვიტამინებს, წამალსა და საკვებს არ ვაკლებდი. რამდენიმე წლის წინ კი, ახალი მთავრობა რომ მოვიდა, რეგრესის პენსია მოუხსნეს.

ძალიან გაგვიჭირდა. ისეთი მძიმე მოსავლელი იყო, სიცოცხლის ბოლომდე მარგანეცი ამოსდიოდა ტანიდან. თანაც არ სჯეროდა, საწარმოო ტრავმის კომპენსაცია რომ მოუხსნეს. მეუბნებოდა, გაძლევენ და შენ ფლანგავო. ვუმტკიცებდი, მთავრობამ შეაჩერა-მეთქი. როგორ თუU შეაჩერა, წადი და სტრასბურგში იჩივლეო!

თავის სარჩენი რომ ვეღარ გამოვნახე, სოფელში პატარა ნაკვეთი მქონდა და გავყიდე. ამის გამო სიძე გამინაწყენდა, სამი ბიჭი ჰყავთ (არც მელაპარაკებოდნენ, უკმაყოფილება გვქონდა), დღედაღამ ჯაფაში არიან და მაინც გაჭირვებაში ცხოვრობენ. მეორე ქალიშვილი ქუთაისშია გათხოვილი. სამი წლის წინ ჩამოვიდა და მამამისს 20 ლარი აჩუქა. მოკლედ, ყველას თავისი საზრუნავი ჰქონდა, ყველას თავი უჭირდა და ამიტომაც არ მქონდა არავის იმედი.

ბიგენტის გადასხმები ესაჭიროებოდა და საპენსიო კრედიტი ავიღე, ხუთი თვის - ჩემი და ხუთი თვის - მისი. იმ დღეს ბაზარში ვიყავი, დიდძალი პროდუქტი მოვიმარაგე. ბიგენტის წამლები ვუყიდე და შინ რომ დავბრუნდი, უგონოდ დამხვდა. ჯერ კიდევ თბილი იყო, პირში ჯერ ნიტროგლიცერინი ჩავუდე, ამან რომ არ გაჭრა, კონიაკი  ჩავასხი, იქნებ მობრუნდეს-მეთქი, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. რომ მივხვდი, მკვდარია-მეთქი, თავზარი დამეცა. რომ გამახსენდა, რამდენი რამ უნდოდა მიცვალებულს, კუბო, ქელეხი, მე კი საფულეში მხოლოდ 5 ლარი და 20 თეთრი მედო. იმედიც არავისი მქონდა - არც შვილების, არც მეზობლების.

უმწეობის, უპატრონობისა და სასოწარკვეთილებისაგან ბოთლში დარჩენილი კონიაკი სულ გამოვცალე. ერთი ფიქრიღა მიტრიალებდა თავში, როგორმე მომეშორებინა მიცვალებული თავიდან. თანაც იმ დღეებში ავიღე მისი ხუთი თვის პენსია. ვიფიქრე, რით გავისტუმრო, ახლა ხომ უკან მომთხოვენ-მეთქი. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი კიდეც ჩემს უბედურ ქმარზე, ამდენი ხანი გაცოცხლე და რაღა ახლა მოკვდი, პენსიის გასტუმრებამდე მაინც გეცოცხლა-მეთქი.

უკვდავი მეგონა 82 წლის კაცი. ამიტომ გადავწყვიტე, გვამი თავიდან მომეშორებინა. ვიტყოდი, ფსიქიკურად იყო დაავადებული და დაიკარგა-მეთქი. დაკარგული იქნებოდა და არა მკვდრად გამოცხადებული, ესე იგი, წინასწარ გამოტანილი პენსიის გადახდა აღარ მომიწევდა. მერეღა გავიგე, რომ თურმე პენსიას უკან აღარ ითხოვს სახელმწიფო. ეს რომ მცოდნოდა, არ ვიზამდი ამას.

მიცვალებულის შეუმჩნევლად გარეთ გატანასა და დამარხვას ვერ მოვახერხებდი. ტყეში შეშას საჩეხად მე დავდიოდი და ნაჯახის ხმარება მემარჯვება. დავანაწევრე და აივანზე, პლასტმასის კასრში დავმალე, მერე ნაწილ-ნაწილ ჩანთით ჩამქონდა მდინარე ყვირილაზე. იქ ერთი ადგილი შედარებით ღრმაა, ერთხელ ჩავვარდი და ვიცოდი. იქ ვაგდებდი და მაშინვე მიჰქონდა ყვირილას. ვიცი, არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ იმ წუთებში სხვა გამოსავალი ვერ მოვძებნე(?!).

სასამართლოში მითხრეს, გირაო უნდა გადაიხადო, 10.000 ლარიო, თუU არა და, დაგიჭერთო. 10.000 კი არა, 500 ლარი რომ მქონოდა, ჩემს მიცვალებულს ხომ დავმარხავდი?..

რუსუდან ბებიაშვილის ქალიშვილი მაია სამხარაძე საჩხერეში ცხოვრობს და მასთან  გასაუბრებაც გადავწყვიტეთ. გვაინტერესებდა, მამის გარდაცვალების სხვა ვერსია ხომ არ ჰქონდა.

მაია სამხარაძე: - დედას ძალიან უყვარდა მამა. თუ მამამ აქამდე იცოცხლა, მხოლოდ მისი დამსახურებაა, არაფერს აკლებდა. არ ვიცი, რამ გააკეთებინა ეს? ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარეს და ნორმალურია. ეჭვი მეპარება, არ ჰგავს ეს ნორმალური ადამიანის საქციელს.

- მამის გაუჩინარება როდის შენიშნეთ?

- როცა ჩემი შვილი ბაბუის სანახავად წავიდა, დედაჩემმა უთხრა, ჭიათურაში, ინვალიდების საავადმყოფოში დავაწვინეთო, საავადმყოფოში კი ჩემს შვილს უთხრეს, ასეთი კაცი არც შემოუყვანიათო. მერე დედაჩემმა თქვა, ქუთაისში წავიყვანეო. არც იქ აღმოჩნდა. ძალიან არეულად რომ დაიწყო ლაპარაკი, იძულებული გავხდი, პოლიციისთვის მიმემართა. ბინა გაჩხრიკეს და პლასტმასის კასრიდან მამაჩემის ტანის ნაწილი ამოიღეს მხოლოდ.

ის ნაწილი დავკრძალეთ საჩხერეში ჩემი ძმის გვერდით. დავიჯერო, ნორმალურ ადამიანს ამის ჩადენა შეეძლო? ახლა 10.000 ლარს ითხოვენ გირაოდ. საიდან უნდა მოვიტანოთ?

- ეჭვი, რომ მამათქვენი ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა, არ დაბადებიათ სამართალდამცველებს ან თუნდაც თქვენ?

- არა. მამა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. დედაჩემს იმ დღეს ნაყიდი წამლების ქვითარიც კი აქვს.

- თქვენ არ ეხმარებოდით დედას მამის მოვლაში?

- ერთი წელი არ მინახავს მამა. ძალიან გვიჭირს, დიდი ჯაფა გვადგას, როგორმე თავი რომ გავიტანოთ. დედაჩემი ჩამოდიოდა ხშირად და შეძლებისდაგვარად სურსათ-სანოვაგეს ვატანდი. დედაჩემი მამას თუ რაიმეს დაუშავებდა, არც მიფიქრია. არც სამართალდამცველებს გასჩენიათ ეჭვი. ყველამ იცის, რომ 40 წელზე მეტი დედაჩემი უმძიმეს ავადმყოფს პატარა ბავშვივით უვლიდა.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა: - ფსიქოლოგიაში არის დაცვითი მექანიზმის ცნება, რომელსაც ადამიანი მიმართავს იმ შემთხვევაში, როცა შინაგანი წინააღმდეგობის გამო სამყაროსა და მოვლენებს ვერ პასუხობს ადეკვატურად. ამ შემთხვევაში ეს არის ან ნარცისიზმის, ან სუიციდის გამოვლინება. სუიციდი მხოლოდ თვითმკვლელობას კი არა, საზოგადოდ, სიცოცხლის განადგურებას ნიშნავს. ქალმა ფსიქიკური რესურსი ვეღარ გამოძებნა საკუთარ თავში. ვერ გაუძლო წინააღმდეგობას გარე სამყაროსთან (კონკრეტულ შემთხვევაში, პენსიის გადახდის პასუხისმგებლობას).

მან საკუთარ თავში მოკლა სიცოცხლის ტენდენცია. აუცილებლად ექნებოდა უმწეობისა და საკუთარი მნიშვნელობის დაკარგვის განცდა. ეს კი ფსიქიკური აშლილობა არ არის. ქალმა გაანადგურა ის, რამაც ჩიხში შეიყვანა. ეს ჩიხი კი იყო ხუთი თვის საპენსიო კრედიტის გადახდის პასუხისმგებლობა. შესაძლოა, ვინმეს მისი ლაპარაკი რეალობასთან შეუსაბამო ეჩვენება, მაგრამ  ეს არ ნიშნავს შეურაცხადობას.