ეკონომიკის სამინისტრომ სასამართლო დავა წააგო - რა ხდება ავტომობილების ტექდათვალიერების ბიზნესში? - კვირის პალიტრა

ეკონომიკის სამინისტრომ სასამართლო დავა წააგო - რა ხდება ავტომობილების ტექდათვალიერების ბიზნესში?

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ შპს "სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი"-სთან სასამართლო დავა წააგო.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე ჯინჭველაშვილმა 20 სექტემბერს სრულად დააკმაყოფილა შპს "სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი"-ს სარჩელი და ეკონომიკის სამინისტროს ამ კომპანიასთან ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის მოწყობისა და აღჭურვის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება დაავალა", - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შპს "სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი" ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შერჩევაში მონაწილეობდა და თბილისში ინსპექტირების 7 ხაზით აღჭურვილი ცენტრის მოწყობას გეგმავს.

"მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ყველა დოკუმენტი წარადგინა, ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ უთხრა. ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მიმდინარე წლის მაისში, სასამართლოში გაასაჩივრა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა, რომ ავტომობილების ინსპექტირების რეფორმის პროცესში ეკონომიკის სამინისტრო კანონშეუსაბამოდ მოქმედებდა. " - ნათქვამია ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მიმდინარე რეფორმის პროცესში ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისტემური ხასიათის არის და სადაოა. ამიტომაც მათ არაერთი საჩივრით მიმართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს მთავრობას, ერთი კვირის წინ კი ეკონომიკის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ოფიციალურად მოითხოვეს.