სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დღეს ხადას ხეობაში, შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანენ - კვირის პალიტრა

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დღეს ხადას ხეობაში, შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანენ

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს დღეს ხადას ხეობაში, შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანენ და იქ გამოკითხავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე გამოიკითხოს.

„მალხაზ კობაურის შემთხვევის ადგილზე ჩაყვანა და გამოკითხვა ჩვენი, ადვოკატების თანდასწრებით მოხდება“, - განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.