"სააფთიაქო სკანდალი" რას ჰყვება გია თვალავაძე დაკითხვის ოქმში - კვირის პალიტრა

"სააფთიაქო სკანდალი" რას ჰყვება გია თვალავაძე დაკითხვის ოქმში

გია თვალავაძე: "არ მახსოვს, რა შინაარსის დოკუმენტი გადავეცი ჯანჯღავას"

სააფთიაქო ნარკომანია რომ პრობლემაა, ამას ნარკოლოგები დიდი ხანია ამბობენ და კანონის გამკაცრებას ითხოვენ, თუმცა ეს საკითხი ვერა და ვერ მოგვარდა. ადამიანები თავისუფლად ყიდულობენ ფსიქოტროპულ წამლებს... ნარკოლოგების ნაწილი იმასაც ეჭვობს, რომ ამ ბიზნესს მფარველები ხელისუფლებაში ჰყავს...

როგორც ჩანს, არც აფთიაქის გახსნაა ძნელი. სპეციალური ლიცენზია ეძლევა ყველა ფარმაცევტს, ვისაც დიპლომი აქვს, დირექტორი და დამფუძნებელი კი შეიძლება სხვა იყოს. ბუნებრივია, ამ დროს პასუხისმგებლობა დირექტორს ეკისრება.

"მისი დიპლომი ლიცენზიისთვის რომ გამოიყენონ, ფარმაცევტს 200 ლარს უხდიან. ფაქტობრივად, ფარმაცევტი დიპლომს ყიდის და ამის შემდეგ იმ აფთიაქში არც მუშაობს. შინაურულ წრეში ამ სქემას დიპლომების გაქირავებას ეძახიან. ფარმაცევტს პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რადგან გამომძიებლებმაც კარგად იციან, რა სქემით მუშაობენ რეალური მეპატრონეები... ავტორიზებულ აფთიაქებს აქვთ ფსიქოტროპული წამლების გაყიდვის უფლება, თუმცა წამალი ფორმა #1-ის რეცეპტის საფუძველზე უნდა გაიცემოდეს. ზოგიერთი მეპატრონე ისეთი თავხედია, საერთოდ ურეცეპტოდ ყიდის წამალს, ზოგიერთი კი, თუ გამოწერილია 10 ტაბლეტი, მყიდველს 20 ტაბლეტს აძლევს. არიან ისეთები, არასრულწლოვნებისთვისაც რომ შეუძლიათ წამლის მიყიდვა. სააფთიაქო ნარკომანიას საშველი არ დაადგა. ადმინისტრაციულ ჯარიმას ყოველთვის იხდიან, რადგან ზოგჯერ ამ ჯარიმის თანხას ერთ დღეში იღებენ", - გვიამბობს რესპონდენტი.

დამრღვევ აფთიაქებს, ძირითადად, ადმინისტრაციულ ჯარიმას აკისრებენ. პირველ შემთხვევაში ჯარიმა 6.000 ლარია, მეორე შემთხვევაში - 12.000, მესამედ დარღვევის აღმოჩენისას აფთიაქს ლიცენზიას უუქმებენ, თუმცა ეს მეპატრონისთვის ტრაგედია არ არის, რადგან იმავე მისამართზე რამდენიმე დღეში ისევ იხსნება ახალი აფთიაქი, ოღონდ - სხვა სახელით. თავიანთი ბიზნესის წარმართვა, ეტყობა, უადვილდებოდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელისუფლებასთან შუამავლები გამოძებნეს. ძალოვანები ირწმუნებიან, რომ ერთი ასეთი სქემა გახსნეს და აფთიაქარებთან ერთად დააკავეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე. გია თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. როგორც საქმიდან ჩანს, მას დიდი ხანია უთვალთვალებდნენ, მის სამუშაო კაბინეტში დამონტაჟებული იყო ვიდეო და აუდიოაპარატურა.

გია თვალავაძე ბრალს არ აღიარებს. მისგან განსხვავებით, ბრალს აღიარებენ სხვა ბრალდებულები. პატიმრობაშია 5 პირი: ნინო კ., ქეთევან ჩ., ლაშა ჩ., ნინო გ. და ნათელა მ. 14-ს გირაო შეეფარდა. სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტო რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 4.094.709 ლარია.

ჩვენ მოვიპოვეთ პროკურატურის დადგენილება, სადაც აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია ქრთამის აღების ფაქტზე. ატყობინებდნენ, რომ გია თვალავაძე შუამავლების მეშვეობით კორუფციულ გარიგებაში იყო ფსიქოტროპული მედიკამენტებით მოვაჭრე აფთიაქების მეპატრონეებთან და მფარველობას უწევდა არალიცენზირებული, კონტრაბანდული გზით შემოტანილი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციაში. ამის სანაცვლოდ თვალავაძე თითოეული აფთიაქის მეპატრონისგან შუამავლების მეშვეობით ყოველთვიურად ქრთამის სახით 8.000-დან 10.000 ლარამდე თანხას იღებდა.

გამოძიება ირწმუნება, რომ ერთ-ერთი შუამავალი გია თვალავაძის მეგობარი ნუგზარ ჯანჯღავა იყო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შპს "რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორის მოადგილეა. გამოძიების მტკიცებით, ჯანჯღავა დანაშაულებრივ კავშირშია ნინო კ-სთან, რომელსაც რუსეთიდან საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიის გავლით უკანონოდ შემოაქვს ფსიქოტროპული მედიკამენტები. მედიკამენტების რეალიზაცია კი ნინო კ-სა და მისი გარემოცვის კუთვნილ აფთიაქებში ხდება.

გამოძიების ინფორმაციით, ნაცვლად იმისა, რომ ასეთი მედიკამენტების რეალიზაციაზე თვალავაძეს მოეხდინა სამართლებრივი რეაგირება, მისი დავალებით სააგენტოს აფთიაქების ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლები წინასწარ აფრთხილებდნენ აფთიაქების მეპატრონეებს მოსალოდნელი შემოწმების შესახებ. ამ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული იყვნენ ოპერატიული თანამშრომლები.

როგორც ირკვევა, გია თვალავაძის კაბინეტში ვიდეოკამერა დაამონტაჟეს. გამოძიების მასალებში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს ნუგზარ ჯანჯღავას თვალავაძემ გადასცა სია, ანუ სააგენტოს "ცხელ ხაზზე" შემოსული იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც რეცეპტის გარეშე იყიდებოდა მედიკამენტები. სწორედ ამ სიას ეძებს ახლა გამოძიება ჯანჯღავას კომპიუტერში.

გამოკითხვის ოქმში ბრალდებული გია თვალავაძე ირწმუნება, რომ აფთიაქებთან დაკავშირებული დოკუმენტი ჯანჯღავასთვის არ გადაუცია. "არ მახსოვს 19 ივლისს რა შინაარსის დოკუმენტი გადავეცი მას, შესაძლებელია, გადავეცი ჯანდაცვის სფეროს რეგულაციასთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტი. ის ჩემი კურსელი და ახლო მეგობარია"

დაკითხულია ნუგზარ ჯანჯღავაც>: "გია თვალავაძესთან მოსანახულებლად შევიარე, ვისაუბრეთ გარკვეულ საკითხებზე, რა დროსაც მან მაჩვენა მაგიდაზე დადებული დოკუმენტი, სადაც იყო აფთიაქების ჩამონათვალი. გიამ მკითხა, ვიცოდი თუ არა რაიმე ამ აფთიაქებზე. ვუპასუხე, რომ არაფერი ვიცოდი. როგორც მახსოვს, მან გადმომცა მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელზეც ჩამოთვლილია კრიტერიუმები ნებართვის გასაცემად. სხვა დოკუმენტი ჩემთვის არ გადმოუცია".

გამოძიების ჩანაწერი კი სხვა რამეს ადასტურებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჯანჯღავამ წინასწარ გააფრთხილა ნინო კ. და მისი მეშვეობით სხვებიც, რომ მათთან შემოწმებაზე შევიდოდნენ.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც თვალავაძეს ედავებიან, მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის დირექტივის მიცემაა. გამოძიების მტკიცებით, თვალავაძეს თანამშრომელმა კაბინეტში შეუტანა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, თუმცა თვალავაძისგან მიიღო დავალება, რომ ამ ობიექტებში შესამოწმებლად არ შესულიყვნენ. როგორც ჩანს, ეს ჩანაწერიც აქვს გამოძიებას. თუმცა თვალავაძე ფაქტს ასე ხსნის:

"ეს იყო ივნისის თვე, სააგენტოში მიმდინარეობდა ტრენინგი და ინსპექტირების სამმართველოს ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა. როგორც მახსოვს, ადგილზე რჩებოდა 4 ან 5 თანამშრომელი და არსებული რესურსით, გეგმიური შემოწმების პარალელურად, შეუძლებელი იყო ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის გადამოწმება. ქალბატონ ნანასთანაც შევთანხმდი, რომ შემოწმება გადაგვედო მომდევნო თვისთვის, როდესაც თანამშრომლები შეივსებოდნენ სრულად".

თვალავაძის ადვოკატი ლალი აფციაური დარწმუნებულია მისი დასაცავის უდანაშაულობაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა და იმედოვნებს, რომ გია თვალავაძეს გაათავისუფლებენ. თუმცა მას დღეს ყველაზე მეტად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადარდებს - თვალავაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, დიაგნოზი მწვავე კორონარული სინდრომია.

- პატიმრობის საფუძველი არ არსებობდა. ბრალდებამ ბრძანა, რომ ჩემი დასაცავი მიიმალება, არადა, გამოძიება მაისიდან მიმდინარეობს და ყველა გამოძახებაზე მიდის. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლე არის უსამართლო!