ჭკუაში არ დაგიჯდეთ ოპერაცია - "ტუალეტის ქაღალდი"! - კვირის პალიტრა

ჭკუაში არ დაგიჯდეთ ოპერაცია - "ტუალეტის ქაღალდი"!

საკანონმდებლო აბსურდი

5-ლარიანი წიგნები 100 ლარად?!

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, წიგნები გათავისუფლებულია საგადასახადო ვალდებულებისაგან, მაგრამ ეს კანონი მხოლოდ ქაღალდზეა და როცა საქმე საქმეზე მიდგება, გადასახადი 10-ჯერ მაინც აღემატება თვით წიგნის ღირებულებას, - ერთი 5 ან 10-ლარიანი წიგნის განბაჟება 100-დან 120 ლარამდე ჯდება!

საგამომცემლო სახლმა "კვირის პალიტრამ" სხვადასხვა დროს წიგნების რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. წესისამებრ, რეკვიზიტებიც გაცვალა კოლეგებთან. მას შემდეგ სხვადასხვა საგამომცემლო კომპანია შეთავაზების სახით წიგნების ნიმუშებს საჩუქრად უგზავნის და ამანათით მოსული ყოველი 5-10-ლარიანი წიგნის განბაჟება მედიასახლს 100-დან 120 ლარამდე უჯდება. კომპანიებიდან კი ბევრი უინტერესო შემოთავაზებაა. თითქოს გამოსავალი მარტივია, - თუ წიგნი არ მოგწონს და არც გჭირდება, შეგიძლია უკან დააბრუნო, ან სულაც უარი თქვა მის წამოღებაზე, მაგრამ სიყვარულისა არ იყოს, ჩვენს კანონსა და სამართალს რას გაუგებ კაცი! ერთი სიტყვით, უსარგებლო ამანათის დაბრუნება მხოლოდ მაშინ შეგიძლია, თუ ჯერ განაბაჟებ, 100 ლარს გადაიხდი და მერე უკან გაგზავნი. უკან გაგზავნა კი დამატებით 100 დოლარზე მეტი ჯდება! ახლა ისიც ვნახოთ, თუ უარი თქვი ამანათზე, რამდენს იზარალებ. თუ ამანათს 20 დღის განმავლობაში არ მოიკითხავ და არ განაბაჟებ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100-ლარიანი ჯარიმა გერიცხება (მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა); თუ მაინც გაჯიუტდი და ამ აბსურდს არ შეეგუე, უარესი გელის, - სპეციალურ მონაცემთა ბაზაში შეგიყვანენ და შენს მისამართზე მოსულ ყველა ტვირთს დააკავებენ! ერთი სიტყვით, გინდა თუ არა, გჭირდება თუ არა, მაინც უნდა გადაიხადო, თან არცთუ მცირე თანხა (რამდენიმე დღის წინ "პალიტრამ" ათამდე უსარგებლო ამანათი მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი ინდური გამომცემლობიდან. ინდოელებს წიგნთან ერთად კატალოგიც მოეყოლებინათ, რაც ინვოისში არ ჰქონდათ მითითებული. კიდევ კარგი, წიგნი და კატალოგი ერთად იყო შეფუთული და მებაჟეს აღარ გაუხსნია, თორემ დაჯარიმება მერე გენახათ! სრულიად უსარგებლო ერთი წიგნის განბაჟებაში 100 ლარი ხომ გადავიხადეთ, ზედ ჯარიმასაც დაგვირთავდნენ, ინვოისში კატალოგი მითითებული არ არისო, - ამბობს გამომცემლობის მენეჯერი). მართალია, კანონში მითითებული საბაჟო მოსაკრებელი 3.000 ლარზე ქვემოთ ღირებულ  ტვირთზე მხოლოდ 5 ევროა, სამაგიეროდ, საბაჟო დეკლარაციის შევსება ღირს 50 ლარი, ამას ემატება საწყობის თანხაც და აბსურდიც სახეზეა. ერთი სიტყვით, მთელ ამ სისულელეს "საბაჟო კოდექსი" ჰქვია და მებაჟე იძულებულია მისი მოთხოვნები პირნათლად შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაც ჯერ არს, იქ უკრავენ თავს. ეს კანონი ფიზიკურ პირებზე ანუ რიგით მოქალაქეებზე არ ვრცელდება, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის არის განკუთვნილი. მებაჟეებმა კი გვირჩიეს, ამანათები ფიზიკური პირის მისამართზე გამოაგზავნინეთო, მაგრამ როდის იყო საერთაშორისო გამოფენებში გამომცემლობების ნაცვლად ფიზიკური პირები მონაწილეობდნენ?!

ეს მხოლოდ მედიასახლ "კვირის პალიტრის" პრობლემა როდია. ასეთივე დღეშია ყველა ქართული გამომცემლობა. ჩვენი კანონმდებლობით დამფრთხალმა ზოგიერთმა გამომცემელმა სწორედ ამის გამო გადაწყვიტა უცხოური კომპანიისთვის ფიზიკური პირების რეკვიზიტები და მისამართები მიეცა. ამან კი უცხოელები შეაფიქრიანა და დააფრთხო კიდეც, თაღლითებთან ხომ არა გვაქვს საქმე, კომპანიები გზავნილების მენეჯერებისა და დირექტორების პირად მისამართებზე გაგზავნას რატომ ითხოვენო? ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრაში" ცნობილი ინგლისური გამომცემლობის ხელმძღვანელმა დარეკა და ერთ-ერთი ქართული გამომცემლობა და მისი თანამშრომლის გვარ-სახელი იკითხა, აინტერესებდა, ასეთი გამომცემლობა და ასეთი პირი საქართველოში თუ არსებობსო. უცხოელი გაოცებული იყო, ეს ხალხი ამანათების გამოგზავნას ფირმის იურიდიულ მისამართზე კი არა, კერძო პირის სახელზე გვთხოვს და რაშია საქმეო. ჩვენი იურისტი ინგლისელს დიდხანს უხსნიდა, რომ ეს ფოკუსი გამომცემლობას ქართული საბაჟო კანონმდებლობისგან თავდასაცავად დასჭირდა, მაგრამ ლოგიკას შეჩვეულმა უცხოელმა მაინც ვერაფერი გაიგო, კომპანიის რეპუტაცია საეჭვოდ მიიჩნია და მასთან თანამშრომლობაც შეწყვიტა.

დიმიტრი გაბუნია, იურისტი: "ამ აბსურდის გამოსწორება მხოლოდ კანონის შეცვლით შეიძლება. ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში სასწრაფოდ უნდა შევიდეს ცვლილება ინსტრუქციის სახით და საბაჟო კოდექსი საგადასახადო კოდექსის მუხლებთან შესაბამისობაში მოვიდეს. როგორ შეიძლება 5-10-ლარიანი წიგნის განბაჟება 100 ლარი ჯდებოდეს?"

სხვათა შორის, დაინტერესებულ პირებს ამ კანონის ამა თუ იმ ფირმის გასაკოტრებლად გამოყენებაც შეუძლიათ. იდეა ძალზე მზაკვრულია, მაგრამ იქ, სადაც დიდ ფულსა და კონკურენტის ჩაძირვაზეა ლაპარაკი, მზაკვრობა და უზნეობა რა მოსატანია. დაინტერესებულმა პირმა კონკურენტ ფირმას შეიძლება დაუსრულებლად უგზავნოს ფირმის იურიდიულ მისამართზე ამანათი, რომელშიც, მაგალითად, 1 ცალი ტუალეტის ქაღალდი იქნება. აბსურდული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამანათის მიმღები ფირმა იძულებული იქნება, ამანათი მიიღოს და თითოეულში 100 ლარი გადაიხადოს. ერთი სიტყვით, 1000 ცალი ტუალეტის ქაღალდი (ან სხვა ნებისმიერი ნივთი, ეს გამომგზავნის ფანტაზიაზეა დამოკიდებული) შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს კონკურენტი ფირმის დასასუსტებლად. სხვათა შორის, კარგა ხანს ვიფიქრე, ამ აბსურდული კანონის "სიკეთე" გაზეთში გამეხმაურებინა თუU არა, ემანდ ბიზნესმენებისა და მედიის შევიწროებაზე დახელოვნებულ ხელისუფლების ზოგიერთ მოხელეს ოპერაცია "ტუალეტის ქაღალდი" ჭკუაში არ დაუჯდეს-მეთქი.

პ.ს. შუა საუკუნეების ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ქალებს, რომელთა წონა 50 კილოგრამს არ აღემატებოდა, კოცონზე წვავდნენ. მართალია, ეს სრული აბსურდი იყო, მაგრამ კანონია! იმედია, შუა საუკუნეების ეპოქას არ დავუბრუნდებით.

P.P.S. უახლოეს დღეებში ქართული გამომცემლობები შეკრებას და თავისი სატკივარის პარლამენტარებამდე მიტანას გეგმავენ. იმედია, ძლიერნი ამა ქვეყნისანი ყურადღებას არ დაიშურებენ.