"მძღოლს ალბათ დააპატიმრებენ, მაგრამ ამ ბავშვებს ეს გააცოცხლებს?!" - საზარელ ავარიას შეწირული კიდევ 2 ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

"მძღოლს ალბათ დააპატიმრებენ, მაგრამ ამ ბავშვებს ეს გააცოცხლებს?!" - საზარელ ავარიას შეწირული კიდევ 2 ახალგაზრდა

3 ოქტომბერს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

გარდაცვლილი 20 წლის ახალგაზრდები - დემურ ბერიძე და მარიამ გოგიტიძე, კლასელები იყვნენ და მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ. მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდა მარიამის დაც, რომელიც, საბედნიეროდ, გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებული ავარიის ამსახველი კადრები გაავრცელა გარდაცვლილთა მეგობარმა დიანა დიასამიძემ, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

მარიამ გოგიტიძე

"ბოდიში ამ მძიმე კადრისთვის. ამას თქვენთვის ვდებ, ვინც ზის და ჭორაობს ახალგაზრდები არიან და მათი ბრალი იქნებოდაო. არ ყოფილა ჩემი მეგობრის ბრალი, ხალხო. ნათლად ჩანს, ვინ და რა არის დამნაშავე აქ. მოეშვით ჭორაობას! მოეშვით უსაქმურად ყოფნას! პატივი ეცით გარდაცვლილებს და ნუ აწუხებთ მათ სულებს, ძალიან გთხოვთ! არც ცოლ-ქმარი ყოფილან, საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მოდიოდნენ სხვისი ქორწილიდან", - წერს სოციალური მომხმარებელი საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევისას ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალებას გულისხმობს.

მომხდარი ტრაგედიის თაობაზე გარდაცვლილების ახლობელი გვესაუბრა.

- საშინელება მოხდა. თითქოს ბოლომდე ვერც კი ვაცნობიერებთ, მის შედეგს. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ 20 წლის ორი ულამაზესი და თბილი ადამიანი უცებ გაქრა. კი, დააპატიმრებენ ალბათ ავტობუსის მძღოლს, მაგრამ ამ ბავშვებს მისი დაპატიმრება გააცოცხლებს?! დემურის მანქანა, მძღოლის მხარეს ისეა გაუბედურებული და მიჭყლეტილი, გეგონება, ვიღაცამ "სვარკით" შეადუღაო, იქ ადამიანი როგორ გადარჩებოდა?! იმიტომაც ბიჭი იმ წუთშივე დაიღუპა, მარიამის გადარჩენაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

დემური და მარიამი კლასელები და საუკეთესო მეგობრები იყვნენ. დემური საუკეთესო ადამიანი იყო, შარშან უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, ქულები დააკლდა, დარდობდა, მშობლებს იმედი გავუცრუეო, წელს კი უკვე უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი ქულებით მოხვდა, ისეთი გახარებული იყო, 8 ოქტომბერს ეწყებოდა სწავლა, მაგრამ სტუდენტობა არ დასცალდა... უკვე კარგა ხანია მუშაობდა, სწავლის ფულიც ასე შეაგროვა. ჯერ კაფეში, - მთელი ბავშვობა ცეკვავდა და კაფეშიც ამას აკეთებდა, მერე კი ბენზინგასამართ სადგურზე გადავიდა. ამ მუშაობით მანქანაც კი იყიდა, რომელიც ბოლოს მისი ბედისწერა გახდა. აღარ ვიცი, რა ვთქვა… დემურ ბერიძე

დემური ბათუმელი არ ყოფილა, ის ბათუმის მახლობლად სოფელ წაბლანაში ცხოვრობდა. ამ წაბლანაში ერთი დიდი მთაა, რომელსაც ხალხი გოლგოთას ეძახის; აი, სწორედ ამ გოლგოთაზე აიჩემა საქართველოს დროში უნდა ავიტანოო, შარშან ზაფხულს, მეგობრებთან ერთად, აიტანა და დაამაგრა კიდეც.

მარიამი თითქოს წინასწარ გრძნობდა რა ელოდა, დაუწერია, - "ცოტა მაცალეთ და ისე წავალ, რომ არასოდეს დაგიბრუნდებითო".

ახალგაზრდები ცხოვრებას ახლა იწყებდნენ, ისინი ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წევრები იქნებოდნენ, თუმცა ყველაფერი დასრულდა...

იხილეთ ასევე: "ჩემთვის რა აზრი აქვს მის დასჯას, შვილი აღარ მყავს, იმას ვთხოვ, მეტი აღარავინ იმსხვერპლოს" - როგორ მიმართავს დედა მძღოლს, რომელმაც მისი 8 წლის მარიამი იმსხვერპლა

(სპეციალურად საიტისთვის)