რა შეიძლება აკავშირებდეს ოთარ ფარცხალაძეს ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმასთან? - კვირის პალიტრა

რა შეიძლება აკავშირებდეს ოთარ ფარცხალაძეს ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმასთან?

ტელეკომპანაი "რუსთავი 2"-მა  ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის "შავი სახლის" ფოტოები და ვიდეომასალა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე სახლის ასაშენებლად ფარცხალაძემ სამი მიწის ნაკვეთი გააერთიანა, საიდანაც ერთ-ერთი დავით მამულაიშვილმა გადაუფორმა. მანამდე კი 1500 კვ.მ. ფართის მფლობელი ბიზნესმენი სოსო დოლიძე იყო, რომლის სახელიც ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეში ფიგურირებდა.

ალექსი პეტრიაშვილს 2016 წლის თებერვალში, საბურთალოს სასაფლაოზე დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ერთ-ერთი ვერსია, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის დავალება სოსო დოლიძეს ეკუთვნის. თვითმხილველების ნაწილი ორ თავდამსხმელზე საუბრობდა, თუმცა გამოძიებამ მხოლოდ ერთის ვინაობა დაადგინა. ლევან მექვაბიშვილს პეტრიაშვილზე თავდასხმის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და პატიმრობა 3 წლამდე შეუმცირეს.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გაიფორმა თუ არა ძვირად ღირებული ქონება სოსო დოლიძისგან ოთარ ფარცხალაძემ, ყოფილი პროკურორი კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს. არსებობს ეჭვი, რომ  ამ საქმის ჩაფარცხვისა და მექვაბიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ შეიძლება მიეღო ფარცხალაძეს სოსო დოლიძისგან  მიწის ეს ნაკვეთი.

"რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებული რეპორტაჟის თანახმად, ოთარ ფარცხალაძის "შავი სახლის" მშენებლობა 8 თვის განმავლობაში უკანონოდ მიმდინარეობდა, რის გამოც მშენებელი კომპანია დააჯარიმეს კიდეც.

რეპორტაჟის თანახმად, ყოფილი მთავარი პროკურორის რკინა-ბეტონით აშენებულ საცხოვრებელ სახლს აქვს მიწისქვეშა სართული, სადაც განთავსებულია საძინებელი, 4 საწყობი და ავტოსადგომი. სახლის სიმაღლე მიწის ზემოთ 3 მეტრი და 90 სანტიმეტრია, მიწის ქვემოთ კი 4 მეტრი და 50 სმ. ფარცხალაძის სახლს გარშემორტყმული აქვს დიდი შავი ღობე და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის შენობას და მის მეპატრონეს მრავალრიცხოვანი დაცვა იცავს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნისას ოთარ ფარცხალაძე მხოლოდ 150 კვ.მ. ბინას და ავტომანქანას ფლობდა. მთავრი პროკურორის პოსტის დატოვების შემდეგ კი, ფარცხალაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მანქანების, ბიზნესწილების და შემოსავლების რაოდენობა გაიზარდა. ბიზნესწილების მფლობელები გახდნენ ასევე მისი ოჯახის წევრები - შვილი და მეუღლე.

იხილეთ ასევე: ვინ არის და როგორ გამოიყურება ოთარ ფარცხალაძის ცოლი?

იხილეთ ვიდეო