უკავშირდება თუ არა გია თვალავაძის დაკავება შიდასახელისუფლებო დაპირისპირებას - კვირის პალიტრა

უკავშირდება თუ არა გია თვალავაძის დაკავება შიდასახელისუფლებო დაპირისპირებას

"მამა სერგეენკოს მარჯვენა ხელი იყო და ამ გზით შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრს ებრძვიან, ან მამაჩემის სკამს ვიღაც უმიზნებდა"

ჟანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თავმჯდომარე გია თვალავაძის დაკავებას გასულ კვირას საპროტესტო აქციები მოჰყვა - კიკვიძის ბაღში მისი ახლობლები შეიკრიბნენ და თვალავაძის დაკავება გააპროტესტეს. თვლიან, რომ იგი ვიღაცის ინტერესებს შეეწირა. საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ საქმეშიც გაიჟღერა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გვარმა. ერთ-ერთი ვერსიით, ფარცხალაძეს ბიზნესინტერესები აქვს ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის კუთხით და მისი და თვალავაძის ინტერესები გადაიკვეთა... გამოძიება თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. თვალავაძე დანაშაულს არ აღიარებს. მისი ქალიშვილის თამთა თვალავაძის თქმით, ბატონ გიას ჯანმრთელობა გამოძიების დაწყების შემდეგ შეერყა.

- ამ საქმეს მაისიდან იძიებდნენ. პირადად მამაზე არ ყოფილა საქმე აღძრული. თავიდან რაღაც თანხებზეც იყო საუბარი, მაგრამ მიხვდნენ, რომ ფულთან მამას შეხება არ ჰქონია. არ ყოფილა შემთხვევა, დაებარებინოთ დაკითხვაზე და მამაჩემი არ მისულიყო. რაც ხდებოდა, ძალიან განიცდიდა, რადგან მამაჩემისთვის ღირსება და სახელი ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოლო თვეებში მამას წინააღმდეგ ერთადერთი ადამიანი ეწეოდა ანტიკამპანიას, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილი, რომელიც თავს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელად ასაღებს. მუხიგულაშვილი მინისტრ სერგეენკოსაც ებრძვის.

მამა ამბობდა, რაღაც ხდება ჩემს თავს, მაგრამ ვერ ვხვდები, რაო. არ მინდა დავიჯერო, რომ ვიღაც ცუდ რამეს ამზადებსო. დაკითხვიდან შინ დაბრუნებული აანალიზებდა დასმულ კითხვებს. სულ იმეორებდა, რატომ მაკავშირებენ ამ აფთიაქებსო.

- მას აფთიაქების ლობირებას ედავებოდნენ. დოკუმენტში ისიც წერია, რომ ერთ-ერთი აფთიაქის მეპატრონეს ოკუპირებული ტერიტორიიდან ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა და მამათქვენის მეგობარი, ნუგზარ ჯანჯღავა იყო შუამავალი. - ჯანჯღავას გვარმა რომ გაიჟღერა, მახსოვს, მამა გაოგნდა, ძალიან გაბრაზდა, რატომ ითქვა ჩემი კურსელისა და მეგობრის გვარი, მე რატომ მიკავშირებენ, ვინმე ჩემს სახელს ხომ არ იყენებდაო.

მამას ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაგდებთ და ნურაფერს მთხოვთო. პროკურორი ამბობს, სარგებელი არ უნახავს გია თვალავაძესო, აფთიაქების მეპატრონეები ამბობენ, გია თვალავაძეს არც ვიცნობთო, ჯანჯღავაც კატეგორიულად უარყოფს ასეთ რამეს. თურმე სხვადასხვა ოთახში ერთდროულად იკითხებოდნენ მამა და ჯანჯღავა. მაშინ რის საფუძველზე ჰყავთ დაკავებული? ყველამ იცის, რა ქონების პატრონიც ვართ. 14 წელია კაცი მუშაობს ამ თანამდებობაზე, 6 მინისტრი გამოიცვალა, იმიტომ, რომ პატიოსანია. ბოლო 8 წელია შვებულებაშიც არ გასულა და უცებ ამხელა ბრალდება. ამდენი მილიონი რომ ჰქონოდა მისაკუთრებული, ქვეყანას არ დატოვებდა და დაელოდებოდა დაკავებას?

- ჯანმრთელობის პრობლემა ადრეც ჰქონდა? - ბოლო დაკითხვის დროს კლინიკაშიც იწვა. სერგეენკომაც სთხოვა, ჯანმრთელობას მიხედეო, იმდენად ეტყობოდა, რომ ცუდად იყო. ივნისიდან მოყოლებული 25 კილოგრამი დაიკლო. ჩაფიძის კლინიკაში იყო, სანამ უკეთესად არ გახდა, მერე ციხეში დააბრუნეს. ახლა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდა ღუდუშაურში. დარწმუნებული ვარ ექსპერტი იტყვის, რომ არ შეიძლება მისი ციხეში ყოფნა. სისტემატურად შედიან მამასთან სასულიერო პირები, მის სულიერად გაძლიერებას ცდილობენ, მაგრამ ყველასთან ამბობს, არ ვიცი, აქ რატომ ვზივარ, არ ვიცი, ვინ მებრძვისო.

- ამბობენ, რომ მას თანამშრომელი ქალი ამხელს, რომელიც ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია. - ის ქალი რას ამბობს, არ ვიცი. ვერავინ იტყვის, რომელიმე აფთიაქს მფარველობდაო. ყველა ის აფთიაქი თავის დროზე დაჯარიმებული ჰყავს.

- ერთ-ერთი ვერსიით, მამათქვენისა და ოთარ ფარცხალაძის ინტერესები გადაიკვეთა, მეორე ვერსიით, მისი თანამდებობა უნდოდათ, მესამე ვერსიით, ამ გზით სერგეენკოს ებრძვიან... - მეც მოვისმინე ფარცხალაძეზე ვერსია. ამაზე მამას ჩვენთან არ უსაუბრია. მთელი ლანჩხუთი, გურია ფეხზე დგას, ამბობენ, ბოიკოტს გამოვუცხადებთ არჩევნებსო.

მამა სერგეენკოს მარჯვენა ხელი იყო და ამ გზით შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრს ებრძვიან, ან მამაჩემის სკამს ვიღაც უმიზნებდა. მედიაში დაიწერა, ამის უკან პრემიერ-მინისტრ ბახტაძის ინტერესებიც დგას, ასე ებრძვის ის სერგეენკოსო. როგორც ამბობენ, ბახტაძის ნათესავი გახვეულა `სააფთიაქო ნარკომანიის~ სკანდალში. პრესაში დაიწერა კიდეც ეს, გაიხსენეს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის დაკავება. მაშინ მას ედავებოდნენ, თითქოს ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც მიმოქცევაში მოხვდა საჭიროზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტიო. ერთ-ერთი ასეთი კომპანიის მეპატრონე ბახტაძის ნათესავი იყო.

ჩემი აზრით, მამას დაკავება ან გაუგებრობაა, ან ვიღაცის ინტერესი.