"შვილი ორი დანით მომიკლეს... მკვლელებს სათანადოდ თუ არ დასჯიან, მათ ჩვენ გამოვუტანთ განაჩენს!" - კვირის პალიტრა

"შვილი ორი დანით მომიკლეს... მკვლელებს სათანადოდ თუ არ დასჯიან, მათ ჩვენ გამოვუტანთ განაჩენს!"

მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს. მას ცივი იარაღით სამი, მათ შორის ორი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, დაჭრილს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 25 ივლისს პოლიციამ მიმალვაში მყოფი, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი დავით (ჩაჩი) ნიგურიანი თბილისში დააკავა და გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობიდან სამი თვის თავზე ლუკა ფალიანის მკვლელობის საქმიდან მტკიცებულება გაქრა, კერძოდ, ვიდეოფირიდან ახალგაზრდის დაჭრის ამსახველი კადრი წაშლილია. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც მათ შვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ოჯახს ეჭვს აქვს, რომ მტკიცებულება პროკურატურის ხელშეწყობით გაქრა, ხელისუფლებას არ აქვს ამ საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება და მკვლელობაში მონაწილე პირებს მფარველობს. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი სათანადოდ არ დაისჯება, ლუკა ფალიანის ახლობლები დამნაშავეების სვანური წესით გასამართლებით იმუქრებიან.

როზა ავალიანი, ლუკა ფალიანის დედა: - ლუკას გარეშე ვეღარ ვსუნთქავ, ანგელოზივით გული ჰქონდა... ის ფირი, რომელზეც კარგად ჩანს, ჩემი შვილის სადისტური მკვლელობა, ჯერჯერობით არ ჩანს, არ ვიცი, მერე თუ გამოაჩენენ ან რატომ უნდა დაგვიმალონ? ადვოკატს მინც აჩვენონ. ფირზე მხოლოდ ჩხუბის მომენტია დარჩენილი. მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია. აღნიშნული ფირი შემთხვევის საღამოსვეა გამქრალი. აშკარაა, რომ მკვლელებს აფარებენ ხელს. ჩემი შვილი ორი დანითაა მოკლული და მხოლოდ ჩაჩი ნიგურიანია დაკავებული. როზა ავალიანი

იძულებული გაგვხადეს, ადვოკატი აგვეყვანა, რამდენს გვაწივლებენ და გვაკივლებენ, სამართალი ვერ გვიპოვია. კონფლიქტი იქედან დაიწყო, რომ თავდაპირველად იმ ექვსმა კაცმა მესტიაში ჩამოსული ვიღაც მუშა გალახა. ძმებ მუშკუდიანებსა და ძმებ ნიგურიანებს მასთან მოსვლიათ ჩხუბი და შემდეგ იმ "შაიკას" მაგრად უცემია ეს ბიჭი. ლუკა ისეთი ბიჭი იყო, ვერ აიტანდა სხვის დაჩაგვრას, ჩემი შვილი იმ ბიჭს გამოესარჩლა და ეს ჩაიდეს გულში... ბიჭები სასტუმროს ეზოში დიდ ეკრანზე ფეხბურთს უყურებდნენ და მაგ დროს გაიყვანეს ლუკა.  ნიგურიანს ცუდად მიუმართავს ლუკასთვის და ამტყდარა გაწევ-გამოწევა. იმ ექვსიდან ლუკა მხოლოდ ბექა მუშკუდიანს იცნობდა, თუმცა ორივე გვართან ნათესაური კავშირი გვაქვს (იმ ოთხის გარდა, ჩხუბში პაკელიანი და ქურდიანიც მონაწილეობდა). დღესდღეობით ჩაჩი ნიგურიანის გარდა, არავინაა დაკავებული, ისიც არ აღიარებს დანაშაულს. ჩემს შვილს სამჯერ ჩაარტყეს ზურგიდან დანა, მათ შორის ორი სასიკვდილო აღმოჩნდა, არტერია გადაეჭრა და სისხლისგან დაიცალა. ოპერაციას კი გაუძლო, მაგრამ სისხლისგან იყო დაცლილი და ვერ გადაიტანა.

- ამბობთ, რომ ლუკა ორი დანით მოკლეს. მეორე დანა ვის ეკუთვნოდა? - ლუკას დანა ჩაჩი ნიგურიანმაც ჩაარტყა და ბექა მუშკუდიანმაც. საქმეში ორი დანა ფიგურირებს. არ ვიცი, ვინ აფარებს ხელს ამ სადისტებს. მოწმეები კი არიან, მაგრამ როდესაც ისინი მივიდნენ, ლუკა უკვე დაჭრილი იყო, მუშკუდიანი კი ადგილიდან გაყვანილი. ნიგურიანი ჩემს შვილს კიდევ უქნევდა თურმე დანას. ძმები მუშკუდიანები რომ არა, ნიგურიანი ლუკას ვერ მოკლავდა, მათ წამოიყვანეს საჩხუბრად. ეს სადისტები და ვირთხები, როგორ გაიმეტეს ჩემი კეთილი და მოსიყვარულე ბიჭი. ნიგურიანს უკითხავს, რა ცხოვრებით ცხოვრობო და ლუკას უპასუხია, სიყვარულითო და ამაზეც დაუცინია. ბოროტებმა რა იციან სიყვარულის და სიკეთის?

- სისხლის აღებაზე მართლა ფიქრობთ?

- ამ უბედურების ექვსივე მონაწილე მკვლელია და დამნაშავე. მათ თუ სათანადოდ არ გასამართლებენ, სხვა გზას თუ არ დაგვიტოვებენ, იმ ვირთხებს ჩვენ გამოვუტანთ განაჩენს. ექვსივე უნდა დაისაჯოს, თუ არა და, ჩვენ დავსჯით, ლუკას მკვლელობას არავის შევარჩენთ!

მკვლელობის ამსახველი ფირის თაობაზე ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ მთავარ პროკურატურას დავუკავშირდით, რომელმაც შსს-ში გადაგვამისამართა. შსს-ს პრესსამსახურმა კი შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა:

"11 ივლისს, ღამით, მესტიაში ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1985 წელს დაბადებულმა წარსულში მრავალგზის ნასამართლევმა დ.ნ-მ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ლ. ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. მოპოვებული მტკიცებულებით დ.ნ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა. მიმდინარე წლის 25 ივლისს, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული პირი ქ. თბილისში დააკავა. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით. სქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია ინციდენტის თვითმხილველი პირები, თუმცა არც ერთი მათგანის ჩვენებით დანაშაულში სხვა პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ დასტურდება. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპეტიზა რომელიც უტარდება სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერსაც. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დამატებით ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სხვა პირი/პირების შესაძლო ბრალეულობის გამოვლენისას არსებული ბრალის სტანდარტის შესაბამისად მოხდება კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა".

(სპეციალურად საიტისთვის)