"ყელზე ტელეფონის კაბელი ჰქონდა შემოხვეული, სავარაუდოდ, გაგუდეს" - რას ამბობენ საბერძნეთში გარდაცვლილი გოგონას ბიძა და მეგობარი? - კვირის პალიტრა

"ყელზე ტელეფონის კაბელი ჰქონდა შემოხვეული, სავარაუდოდ, გაგუდეს" - რას ამბობენ საბერძნეთში გარდაცვლილი გოგონას ბიძა და მეგობარი?

"ბავშვობაც მძიმე ჰქონდა, რას ვიფიქრებდი, რომ დედა ინტერნატში ჩააბარებდა... სოფო მეუბნეოდა, მე ისეთი დედა არასოდეს ვიქნები, როგორც დედაჩემიაო"

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, 24 წლის გოგონა გარდაცვლილი ნახეს. ახალგაზრდა ქალი სახლში 2 თვის ჩვილთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დედის გარდაცვალების შემდეგ, პატარას, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ძაღლი სდარაჯობდა. როგორც ირკვევა, სოფო დედის გვარით იყო სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული, ამიტომაც თავდაპირველად გავრცელდა, რომ გარდაცვლილი სოფო წიკლაური იყო, თუმცა ოფიციალურად მისი გვარი შანშიაშვილია. მისი მეგობარი გოგონა, რომელმაც გადაცვლილი ნახა ამბობს, რომ თავდაპირველად თვითმკვლელობა ეგონა, თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ სოფოს ძალადობის ნიშნები ეტყობოდა.

როგორც ირკვევა, სოფოს ძებნა მისმა უახლოესმა მეგობარმა ქეთიმ მას შემდეგ დაიწყო, როცა ურეკავდა, სოფოს ტელეფონები მუდმივად გამორთული იყო. ასევე მას ციხიდან დაუკავშირდა სოფოს მეუღლეც, ისიც ცოლს ეძებდა და ამბობდა, რომ ვერ უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, გოგონამ საბერძნეთში გაიცნო მომავალი მეუღლე, ის ქართველია და მასზე იქორწინა. წყვილს ვაჟი შეეძინა და ბედნიერად ცხოვრობდნენ, თუმცა ბავშვის დაბადებიდან მალევე სოფოს მეუღლე სამართალდამცავებმა დააკავეს. ჯერჯერობით მისი სასამართლო პროცესი არ დაწყებულა.

გარდაცვლილი უახლოესმა მეგობარმა ნაქირავებ ბინაში იპოვა. ის მომხდარით შეძრულია, თუმცა მკვლელობის მოტივზე ლაპარაკი  უჭირს.

ქეთი ძიგუა:

- მე და სოფო დებივით გავიზარდეთ, უახლოესი მეგობრები ვართ და სულ ერთად ვიყავით. ათენშიც ერთად ჩამოვედით 5 წლის წინ. იმ დილით ჩემს მესიჯებს რომ არ უპასუხა, ვინერვიულე. მას 2 თვის შვილი ჰყავს. მისმა მეუღლემაც დამირეკა ციხიდან, სოფოს გათიშული აქვს ტელეფონები და რა ხდება გაარკვიეო. სამსახურიდან როცა სახლში წავედი, პირველ საათზე, მასთან სახლში გავიარე, კარზე ზარი დავრეკე, მაგრამ არავინ გამიღო. მერე ზემოთ ავედი. ძაღლის ყმუილის ხმა მესმოდა, ვიფიქრე რამე ხომ არ მოხდა მეთქი, რადგან ვიცოდი სოფო ასე ძაღლს სახლში მარტო არ დატოვებდა. მისმა ქმარმაც გამოგზავნა ორი მეგობარი, კარი მე ვერ გავაღე, მერე იმ ბიჭებმა შეამტვრიეს. იქ ვნახეთ საშინელება, სოფო უკვე გაყინული იყო, სავარაუდოდ, რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო, ცხედარი ძირს, იატაკზე ეგდო.

- ბავშვი სად იყო ამ დროს?

- ბავშვს ეძინა, საღამომდე ვერ შევაფხიზლეთ. ახლა საავადმყოფოშია. როგორც ითქვა, ბავშვი იყო დამამშვიდებელი წამლის ზემოქმედების ქვეშ - ძაღლი ბავშვს სდარაჯობდა და ტიროდა. დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა, პატარა ჰყავდა და ძირითადად სახლში იყო, ვერ მუშაობდა. ბოლო დროს, სულ ბავშვთან ერთად იყო.

- თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავი მოიკლა, რამეზე ნერვიულობდა სოფო?

- თვითმკვლელობა გამოირიცხა, მოკლულია. გამოძიება მიმდინარეობს და ისინი გაარკვევენ მიზეზს. ცხედარი რომ ვნახე, მეგონა, რომ თავი მოიკლა, რადგან ტელეფონის კაბელი ჰქონდა ყელზე შემოხვეული. ეს რომ ვთქვი, პოლიციელმა მითხრა, გამორიცხულია, ეს თავიდან ამოიგდეო. სავარაუდოდ, გაგუდეს. გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენენ ალბათ მიზეზს. სოფო გულჩათხრობილი გოგო იყო, თავის პრობლემებზე საუბარი დიდად არ იყვარდა სხვებთან, მაგრამ ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც უზიარებდა ყველაფერს, მეც ასე ვიყავი მასთან. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, მეცოდინებოდა. ის დეპრესიული არ იყო, მეუღლე ჰყავდა პატიმარი, მიდიოდა, აჩვენებდა ბავშვს... სოფო ძალიან ბედნიერი იყო შვილის დაბადების შემდეგ, გიჟი დედა იყო, თავს დაფოფინებდა თავის პატარას. ოთახიდან ოთახში რომ გადიოდა, მაშინაც არ ტოვებდა ბავშვს, სულ ხელში ეჭირა.

- ჭრილობა ხომ არ აქვს ცხედარს?

- ჭრილობა არ ჰქონდა, სავარაუდოდ, გაგუდულია...  სხეულზე სიგარეტის ნამწვავები და სილურჯეები აღენიშნებოდა, ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში, ეტყობა, სიმწრისგან ჩამოგლეჯილი... ცხედარი რომ გაიყინოს, 5 საათი მაინც არის საჭირო. ყველა ვარიანტში მოკლულია, რა მოხდა ამაზე პასუხი არ მაქვს, ვერაფერს ვერ ვამბობ წარმოდგენა არ მაქვს. "ფეისბუკის" პაროლიც კი ვიცოდით ერთმანეთის, ისე ვენდობოდით და გვიყვარდა ერთმანეთი.

როგორც გავარკვიეთ, სოფოს სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ, ლილოს დასახლების სოფელ ნასაგურში დაკრძალავენ, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მისი ბიძა და მეურვე, ნუგზარ შანშიაშვილი ზრდიდა.

ნუგზარ შანშიაშვილი: - ამხელა კაცი ვარ და ჩემს სიცოცხელში არასოდეს მიტირია, ახლა კი ვტირი, - ეს ბავშვი ჩემი გული და დარდი იყო. მართალია ჩემი ბიძაშვილის შვილიშვილია, მაგრამ განგებამ მე მარგუნა მისი პატრონობა, რადგანაც არავინ დარჩა.

სოფო ჩვენს სოფელში დაიბადა, თითქოს ბედნიერ ოჯახში - დედაც ჰყავდა, მამაც და პაპა-ბებიაც; მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი უკუღმა წავიდა. ოთხი წლისაც არ იყო, მამა რომ მოუკვდა, მამის სიკვდილი პაპა-ბებიამ ვერ გადაიტანეს, ამ ტრაგედიას გადაყვნენ... დედამ კი აქაურობა დატოვა და სოფოც თან წაიყვანა. მეგონა, რომ თავის ოჯახში ჰყავდა და გული მშვიდად მქონდა, თუმცა ბავშვს ვერ ვნახულობდი, რადგანაც ქალმა ჩვენთან ურთიერთობა აღარ მოინდომა, რას ვიფიქრებდი, რომ დედა ბავშვს ინტერნატში ჩააბარებდა, 15 წლის იყო სოფო, როცა ნაცნობმა მითხრა ხევსურეთში, ინტერნატში შენი მოგვარე ბავშვია და ვინ არისო?... წავედი და ჩამოვიყვანე. ჩემთან იყო გარკვეული ხანი, მერე თავად მოინდომა, დედასთან საბერძნეთში წასვლა, ამბობდა, იქ ვისწავლიო. აღარ დავუშალე. სოფო სწავლობდა და ამ დროს გაიცნო მომავალი ქმარი, რომელიც სამტრედიიდან არის. ბავშვი რომ შეეძინათ, ეს ბიჭიც დაიჭირეს, - სოფო მეუბნებოდა, ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ არ ეშველოს, ადვოკატს ავუყვანო.

- დედა არ ეხმარებოდა? გავრცელებული ინფორმაციით, ის საბერძნეთშია გათხოვილი...

- სოფო მეუბნებოდა, მე ისეთი დედა არასოდეს ვიქნები, როგორც დედაჩემიაო.  აქედან გამომდინარე, ალბათ არ ეხმარებოდა. ბოლოს რომ ველაპარაკე, მითხრა, ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას, ორივე ნახევარი განაკვეთით ვიმუშავებთ, ბავშვს მისი დახმარებით გავზრდი, ისიც ბინის ქირას აღარ გადაიხდისო. მერე აღარ ვიცი, რა მოხდა. რატომ არ აღმოჩნდა ეს გოგონა მის გვერდით, როცა სოფო გარდაიცვალა. სოფოს ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და პასუხის შემდეგ გავიგებთ, ზუსტად რაც მოხდა. მერე კი უსათუოდ აქ, ჩემთან დავკრძალავ, თავისი მამის გვერდით. ბავშვსაც არასოდეს მივატოვებ, როგორც ვიცი, ის მამის დედას მიჰყავს სამტრედიაში.

ეთერ ერაძე თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)