"სოფო გაყინული ეგდო იატაკზე, ჩვილს კი ისე ღრმად ეძინა, საღამომდე ვერ გამოვაფხიზლეთ" - კვირის პალიტრა

"სოფო გაყინული ეგდო იატაკზე, ჩვილს კი ისე ღრმად ეძინა, საღამომდე ვერ გამოვაფხიზლეთ"

"გარდაცვლილს ყელზე ტელეფონის კაბელი ჰქონდა შემოხვეული, სხეულზეც ეტყობოდა წამების კვალი - სიგარეტით ამომწვარი კანი და სილურჯეები, ხელში კი ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა"

საბერძნეთში 24 წლის სოფო შანშიაშვილის მკვლელობის დეტალებს ბერძენი სამართალდამცავები არკვევენ. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი გაგუდულია, თუმცა უცნობია, ვინ და რატომ გაიმეტა იგი. სოფო სოციალურ ქსელში დედის გვარით იყო დარეგისტრირებული, ამიტომაც გავრცელდა ცნობა, რომ გარდაიცვალა სოფო წიკლაური, თუმცა ოფიციალურად ის შანშიაშვილია.

სოფო მეგობარ გოგონასთან ერთად ხუთი წლის წინ ჩავიდა ათენში, იქ მუშაობდა. შარშან ქართველი ბიჭი გაიცნო და ოჯახიც შექმნა. წყვილს ვაჟი შეეძინა, ცოტა ხნის წინ კი სოფოს მეუღლე დააპატიმრეს. თვითონ ორი თვის შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

უახლოესმა მეგობარმა იმ დღეს სოფოს ძებნა დაიწყო, რადგან დილიდან ის ტელეფონს არ პასუხობდა. ციხიდან ნერვიულობდა მისი ქმარიც, რადგან ცოლს ვერ უკავშირდებოდა.

ქეთი ძიგუა, სოფოს მეგობარი: - მე და სოფო დებივით გავიზარდეთ. ხუთი წლის წინ ათენშიც ერთად ჩამოვედით. იმ დილით ჩემს მესიჯებს რომ არ უპასუხა, ვინერვიულე. დილით, 7 საათზე, სოფოს მესენჯერი ჩართული იყო. მე სმს-ებს ვწერდი. 9-ის წუთებამდე ციმციმებდა მესენჯერი, მერე ტელეფონიც გამოირთო. მისმა მეუღლემაც დამირეკა ციხიდან, ტელეფონები გათიშული აქვს, ასე არ იცის და რა ხდება, გაარკვიეო. სამსახურიდან პირველ საათზე მასთან გავიარე. კარი არავინ გამიღო. შიგნიდან ძაღლის ყმუილი მესმოდა, არადა, სოფო ძაღლს სახლში მარტოს არ ტოვებდა. ქმარმა ისევ დამირეკა, მერე ორი მეგობარი გამოგზავნა. ბიჭებმა კარი რომ შეამტვრიეს, სოფო გაყინული ეგდო იატაკზე. ალბათ, რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. ბავშვს ისე ღრმად ეძინა, საღამომდე ვერ გამოვაფხიზლეთ. ახლა საავადმყოფოშია. როგორც ითქვა, პატარა დამამშვიდებელი წამლით იყო გაბრუებული, ალბათ, ამდენი ხანიც ამიტომ ეძინა. ძაღლი ბავშვს სდარაჯობდა და ყმუოდა.

- ითქვა, რომ მან თავი მოიკლა. - ცხედარი პირველად რომ ვნახე, მეც მეგონა, თავი მოიკლა, რადგან ტელეფონის კაბელი ჰქონდა ყელზე შემოხვეული, მაგრამ პოლიციელმა მითხრა, გამორიცხულიაო. სხეულზეც ეტყობოდა წამების კვალი - სიგარეტით ამომწვარი კანი და სილურჯეები, ხელში კი ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა, ეტყობა, სიმწრისგან ჩამოგლეჯილი... ალბათ, გული გაუსკდა გაგუდვის დროს. ძალიან გაშავებული იყო ცხედარი.

სოფოს მეუღლე პატიმარია და ამაზე ნერვიულობდა, ეს იყო მისი პრობლემა, მაგრამ ამის გამო თავს არ მოიკლავდა. მიდიოდა, მეუღლეს ბავშვს აჩვენებდა, სასამართლო პროცესებს ელოდებოდა... შვილის დაბადების შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო, თავს დაჰფოფინებდა, ოთახიდან ოთახში რომ გადიოდა, მაშინაც არ ტოვებდა, სულ ხელში ეჭირა.

- მეუღლე საბერძნეთში გაიცნო? - მისი მეუღლე ქართველია, აქ გაიცნო და დაქორწინდნენ. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. საბუთების გამო, ხომ იცით, პრობლემებია... ამიტომ დაიჭირეს მისი ქმარი და ახლა სასამართლოს ელოდება.

სოფოს დედა, წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს. საქართველოს კონსული გალაქტიონ პაიჭაძე ამბობს, რომ დედას ჯერ არ გადაუწყვეტია, შვილს საქართველოში გადმოასვენებს თუ საბერძნეთში დაკრძალავს, სოფოს მეგობარი ქეთი ძიგუა კი კატეგორიულად ამბობს, რომ სოფო შანშიაშვილს საქართველოში გადმოასვენებენ. ამას ითხოვენ გარდაცვლილის ნათესავებიც.

საბერძნეთში წასვლამდე სოფო ლილოს დასახლების სოფელ ნასაგურში პაპის ბიძაშვილის, ნუგზარ შანშიაშვილის სახლში ცხოვრობდა. ამ სოფელშია დაკრძალული სოფოს მამაც.

ნუგზარ შანშიაშვილი, პაპა: - სოფო ოთხი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ამის შემდეგ დედამ წაიყვანა და მასზე არაფერი ვიცოდით. ერთ დღეს გავიგე, რომ ხევსურეთში, ინტერნატში ჩემი მოგვარე ბავშვი იყო. რომ გავარკვიე, ის ბავშვი სოფო აღმოჩნდა და მაშინვე წამოვიყვანე. მაშინ 15 წლის იყო. ჩვენთან ძალიან ბედნიერი იყო, სულ თვალებგაბრწყინებული დადიოდა. ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი ბავშვი იყო. სწავლა უნდოდა და ბრიტანეთში სასწავლებლადაც კი გაუშვეს რაღაც პროგრამით. მერე საბერძნეთში წავიდა.

ბოლოს ერთი კვირის წინ ველაპარაკე. ქმარზე მითხრა, სერიოზული არაფერი ჩაუდენია, ეჭვმიტანილია და ახლა ფული მინდა, რომ ადვოკატი დავუქირავოო... საკონსულოს დავუკავშირდები და ჩამოსვენებაში დახმარებას ვთხოვ. დედას თუ შვილი უნდოდა, ცოცხალი რომ იყო, მაშინ მიეხედა. როცა დედაზე ვეკითხებოდი, ამბობდა, ის ჩემთვის არ არსებობსო. აქ რომ იყო, ხშირად დადიოდა მამის საფლავზე. სოფო ჩემი სისხლი და ხორცია და აქ უნდა დასაფლავდეს. რაც შეეხება მის პატარას, ბავშვს მამა ჰყავს და მისი ოჯახის აზრი მნიშვნელოვანია. სოფო მეუბნებოდა, ჩემი დედამთილი კარგი ქალია, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თორემ ისიც აქ იცხოვრებდა და ბავშვის გაზრდაში დამეხმარებოდაო.

სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით.

"სოფო სამი წლის წინ გავიცანი. გოგონას ჭკვიანი, კრიალა თვალებიდან სევდანარევი ტკივილი მიყურებდა. მივხვდი, ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. მინდოდა, დავხმარებოდი, ვთხოვე, მოსულიყო ჩვენს "ქართულ სახლში". დამპირდა, კიო. თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა.…ამ დღეებში ბავშვის სურათი გამომიგზავნა და ბოდიში მომიხადა, რომ "დავიკარგეთო..." ტრაგიკულად დამთავრდა ამ გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის. ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება, ვერაფერს ვშველით", – წერს დარეჯან ღამბაშიძე.