"ვფიქრობ, რომ თვითონ სუბელიანის ორგანიზებულია ამ ჩანაწერების გაჟონვა.ეს არის მისი ვენდეტა" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, რომ თვითონ სუბელიანის ორგანიზებულია ამ ჩანაწერების გაჟონვა.ეს არის მისი ვენდეტა"

"სუბელიანი გადაგდებულად გრძნობს თავს"

ჩანაწერების პროცესი შესაძლოა, შეფასდეს არა მანკიერი, კრიმინალური სისტემის მარცხად, არამედ, სისტემის გამარჯვებად არსებულ ხელისუფლებაზე, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებენ.

როგორც ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის მირზა სუბელიანის ვენდეტა.

„პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს. ფაქტია, რომ ხელისუფლება კარგავს თვითკონტროლს. აღარ არის უკვე სახელმწიფოს კონტროლზე საუბარი. ურჩხული არის შიგნით. ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ გადმოიბარებდა არსებულ დანაშაულებრივ მექანიზმს, ინსტრუმენტს, რაც მანამდე იყო ფორმირებული და მას მართავდა, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ურჩხულმა დღევანდელი ხელისუფლება მძევლად აიყვანა და ამ პრეცედენტებს ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ დღეს. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელსაც სისტემური პასუხი სჭირდება. რისთვისაც ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო აქვს, რომ პასუხი გასცეს. ეს პასუხი ერთადერთია, ურჩხული უნდა დაისაჯოს სისტემურად. თუმცა არის კითხვა - აქვს ურჩხულის დასჯის ძალა ხელისუფლებას? - შესაძლოა, პროცესს უკვე შეუქცევადი ხასიათი აქვს მიღებული და თუ ეს ასეა, ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად უნდა უთხრას ეს საზოგადოებას. სხვაგვარად ეს ურჩხული თავის მშობელს შეჭამს უახლოეს პერიოდში. ეს პროცესი შესაძლოა, შეფასდეს არა მანკიერი, კრიმინალური სისტემის მარცხად, არამედ, სისტემის გამარჯვებად არსებულ ხელისუფლებაზე, რომელიც სულ სხვა მიზნებით და ამოცანებით მოვიდა 2012 წელს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ოპერაციას ალბათ, აქვს კოდური სახელი „ბუმერანგი“.

„ეს ჩანაწერები შესაძლოა, იყოს სუბელიანის თვალით დანახული პროცესები. რატომღაც მეჩვენება, რომ თვითონ სუბელიანის ორგანიზებულია ამ ჩანაწერების გაჟონვა. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ ვინც მასთან ციხეში იმყოფებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა გამოიტანა ეს ჩანაწერები. ეს არის სუბელიანის ვენდეტა იმ “უსამართლობასთან“ დაკავშირებით, რასაც მის მიმართ ხელისუფლება აწარმოებს. მოვლენების ლოგიკა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ქმნის საფუძველს, რომ სუბელიანი გადაგდებულად გრძნობს თავს. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ქვეყანა სად მიდის. ფაქტია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ უფსკრული ახლოსაა. სრული დეზორგანიზაციაა შიგნით. ფაქტია, რომ კონტროლი დაკარგეს არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, საკუთარ თავზეც. პროცესებს აღარავინ მართავს, ურჩხული გამოვიდა და ჭამს თავის მშობელს. ეს იქნებოდა ხელისუფლების პრობლემა, რომ არსებობდეს არაკომპრემეტირებული ძალა, რომელიც ხელისუფლებას გადაიბარებდა, მაგრამ ასეთი ძალა არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრიზისი გადადის სახელმწიფოებრივ კრიზისში, რაც ძალიან მძიმეა. „ქართული ოცნება“ წყალსაც წაუღია, მაგრამ რა ვუყოთ სახელმწიფოს, სადაც არ არსებობს ძალა, რომელის გადაიბარებს ხელისუფლებას და პოლიტიკურ სტაბილურობას შეინარჩუნებს ქვეყანაში?! ეს განსაკუთრებით დრამატულს ხდის მთელ ამ პროცესს. ამ ოპერაციას ალბათ, აქვს კოდური სახელი „ბუმერანგი“. ვიღაცას მიაჩნია, რომ 2012 წელს ჩანაწერები გახდა „ქართული ოცნების“ მთავარი იარაღი და ახლა უბრუნებს ამ ჩანაწერებს ბუმერანგივით. ეს არ არის ობიექტური, მაგრამ სცენარისტი, ურჩხული ასე უყურებს ამ პროცესს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს იქნება ყველაზე ცხელი კვირა და საარჩევნო პროცესის პიკი. თუმცა, მისივე თქმით, დღევანდელი არჩევნების პარადოქსია ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა ვისთან უნდა წააგოს, არ ჩანს.

„ვფიქრობ, ეს კვირა იქნება პიკი, ყველაზე ცხელი კვირა, საარჩევნო ლოგიკით, ეს ასეა. როგორც ჩანს, ეს ჩანაწერები ხდება ცენტრალური თემა ამ ჩანაწერებში. თუმცა, დღევანდელი არჩევნების პარადოქსია ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა ვისთან უნდა წააგოს, არ ჩანს. თუ დღევანდელი ხელისუფლება ურჩხულის, სისტემის მძევალია, მისი ალტერნატივა არის ამ ურჩხულის რეალური მშობელი და ეს ამომრჩეველს კარგად ესმის. მას არ აქვს კარგი არჩევანი. აბსოლუტურად გაუგებარი სიტუაციაა. ამას აღარ შეიძლება არჩევნები ეწოდოს. ეს არის ჩანაწერებზე დაფუძნებული რეალითი შოუ. აღარ გვაქვს არანაირი ბმა საარჩევნო კანდიდატებთან. მიგვაჩნია, რომ ყველა ძირითადი მოთამაშე დანაშაულშია შემჩნეული. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველი ან აღარ მიდის არჩევნებზე, ან იყიდება; ნატურალური ამომრჩეველი აღარ დარჩა ამ არჩევნებში. შესაბამისად, ვინც არ უნდა იყოს არჩეული, მას არ ექნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ის არ იქნება ხალხის არჩეული, ის იქნება ერთჯერადი კონტრაქტით ნაყიდი და ასეთი შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილი. ჩემთვის ეს არის დრამა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

იხილეთ ასევე: "მირზას საუბარი არ ჩავთვალე სერიოზულად" - დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან საუბარს ადასტურებს