"შესაძლოა სუბელიანი ცდილობს ცრუ ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს საქმის მსვლელობაზე" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა სუბელიანი ცდილობს ცრუ ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს საქმის მსვლელობაზე"

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.

მათივე განმარტებით, ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

"საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.

გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს, რომლებიც სავარაუდოდ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიოფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მ.ს.-ს, პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით ცუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი. დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, ისევე, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, რასაკვირველია, მოითხოვს სპეციალურ საექსპერტო კვლევას, რაც უკვე დაწყებულია. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე“, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

იხილეთ ასევე: ადვოკატის განცხადებით, მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა