"სუბელიანს ვურჩევ, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას, აღიაროს რომ კალანდია და მღვდლის შვილი არიან ჩემი შვილის მკვლელები" - კვირის პალიტრა

"სუბელიანს ვურჩევ, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას, აღიაროს რომ კალანდია და მღვდლის შვილი არიან ჩემი შვილის მკვლელები"

მირზა სუბელიანს, შემიძლია, ვურჩიო - ან საბოლოოდ მაინც მოეგოს გონს და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას, აღიაროს, რომ მიხეილ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ, არიან ჩემი შვილის მკვლელები და მისი შვილის გამო არიან მოკლულები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა.

ის გამოეხმაურა მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ბრალდებული მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ კონკრეტული ადამიანებისგან ფული აიღო.ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი "დადგმულია“ იმ ჩანაწერების საპასუხოდ, რომელიც რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2“-მა გაავრცელა. სარალიძის თქმით, მირზა სუბელიანი კუთხეში არის მომწვდეული ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგან, რომელმაც აღარ იცის, რა თქვას.

"ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი გუშინ არის მომზადებული იმ ჩანაწერების გასაბათილებლად, რომელიც "რუსთავი 2“-ის მეშვეობით გავრცელდა. ეს არის პირდაპირ ხელისუფლების "ნარატივი“ გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი განეიტრალება უნდათ. უნდათ, რომ ყურადღება ჩემზე გადმოიტანონ, ფულები აიღო ზაზა სარალიძემო და შეეშვან მირზა სუბელიანის მიერ ნათქვამს, რა საქმეებიც დაასახელა, არამხოლოდ ჩემი შვილის საქმე, არამედ ფაქტობრივად, მთელი ხელისუფლება დანაშაულში ამხილა. რაც შეეხება ხელისუფლებასთან გარიგებას მისი ციხეში წასვლის მხრივ, ის ციხეში უნდა ჩამჯდარიყო და უნდა ჩამქრალიყო ის მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა. ხელისუფლება მაქსიმალურ კომპრომისზე წავიდა და მირზა სუბელიანს ეს ნაბიჯი გაადგმევინეს“, - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, მირზა სუბელიანმა რაც არ უნდა დააბრალოს, ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

"ხელისუფლებას და ძალოვან უწყებას ძალიან კარგად შეუძლიათ გამოიძიონ ჩემი 39 წლის მოღვაწეობა, რა ფული მაქვს აღებული, რა ვალებში ვარ დღესაც. შეუძლიათ ეს ყველაფერი ნათელი გახადონ. მირზა სუბელიანს, პირდაპირ შემიძლია, ვურჩიო - საბოლოოდ მაინც მოეგოს გონს და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას, აღიაროს რომ მიხეილ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ არიან ჩემი შვილის მკვლელები და მისი შვილის გამო იქნა მოკლულები ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი, თუ მირზა სუბელიანს უნდა გადაარჩინოს თავის შვილი იმ გაგებით, რომ მისი შვილის კისერზევე არის ეს მკვლელობა, რომელიც მას ადამიანად ვერანაირად ვერ აქცევს“, - განაცხადა სარალიძემ

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ბრალდებული მირზა სუბელიანი ამბობს, რომ "სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან“

იხილეთ ასევე: "სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან"