"ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს" - რას ამბობენ პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებულები? - კვირის პალიტრა

"ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს" - რას ამბობენ პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებულები?

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი აცხადებს, რომ არ იცნობს არცერთ პირს, ვინც მის წინააღმდეგ საქმეზე ჩვენებას აძლევს. ამის შესახებ მერებაშვილმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მერებაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა იჯდეს ციხეში.

"თქვენს მიერ ჩამოთვლილი პირები ჩემთვის უცნობია და საერთოდ არ ვიცნობ მათ. უკანონო არაფერი ჩამიდენია არასდროს. რაც შეეხება მიმალვას, რატომ უნდა მივიმალო? ვისაც ოპერატიულ საქმიანობასთან და ძებნილებთან ჰქონია შეხება, იცის, რომ მიმალვაში ყოფნა ძალიან დიდ მატერიალურ სახსრებს მოითხოვს. მე კი ასეთი სახსრები არ გამაჩნია", - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

კიდევ ერთი ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი საქმეს ფალსიფიცირებულს უწოდებს.

"მაინტერესებს, არჩევენამდე ორი კვირით ადრე, რატომ ხდება ყველაფერი და რატომ მიყენებთ ბრალს?! 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იყო და ორი კვირით ადრე 26 მაისის საქმეზე წამიყენეთ ბრალი. 2 წელია საქმე სასამართლოში განიხილება და 20 მოწმეა მხოლოდ დაკითხული, მთავარი დამნაშავე და დამრბევი კი გარეთაა. ახლა ეს ბრალი და აგერ 11 დღეში კიდევ არჩევნებია. ყველაფერი ფალსიფიცირებულია და თქვენ ყველაფერზე მოგეთხოვებათ პასუხი ძალიან მალე.

მინდა ვაღიარო მარტო ერთი რამ - ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს. როდის წამიყენებთ ამაზე ბრალს?“, - მიმართა პროკურორებს რევაზ შიუკაშვილმა.

ამ წუთებში სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი, - ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერაბაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავა-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

"ინტერპრესნიუსი"