რას ამბობენ პროკურატურაში ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც "ბასიანსა" და "გალერიში" დაკავებული რამდენიმე პირი ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა? - კვირის პალიტრა

რას ამბობენ პროკურატურაში ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც "ბასიანსა" და "გალერიში" დაკავებული რამდენიმე პირი ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა?

მთავარი პროკურატურა სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ კლუბებში - "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რამდენიმე ბრალდებული ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ადვოკატების შესაბამისი განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

"ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ ციტრამონს და პარაცეტამოლს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს. ამასთან, რამდენიმე ბრალდებულთაგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა ასევე ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ.

კლუბებში - "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.

როგორც ჟამუტაშვილის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ და მურუსიძის ადვოკატმა გია გოროზიამ ambebi.ge-ს განუცხადა, ციტრამონი და პარაცეტამოლი მტკიცებულების სახით არის ამოღებული.

იხილეთ: "ისინი არ ყიდდნენ ნარკოტიკს... ამოღებულია ციტრამონი" - რას ამბობს ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულების ადვოკატი?