"ჯერჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით" - რას ამბობს პროკურორი? - კვირის პალიტრა

"ჯერჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით" - რას ამბობს პროკურორი?

პროკურატურა მალხაზ კობაურს ამ დროისათვის ლორა სმიტის გაუპატიურებას არ ედავება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განუცხადა. პროკურორის განცხადებით, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი, ამაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლორა სმიტის უკანა ტანში აღმოჩნდა კობაურის სპერმა, ეს მტკიცებულება არის საქმეში, თუმცა გვჭირდება მტკიცებულებათა ერთობლიობა. რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ახლო მომავალში შედეგიც იქნება. ის თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი, ამაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვითარებები დადგენილია და ამის თაობაზე მალე გეცოდინებათ პასუხები. ჯერჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით. ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, თუმცა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, იმ გარემოებებზე თუ როგორ აღმოჩნდა ეს სპერმა ლორა სმიტის სხეულში. გარდაცვლილს ეტყობოდა ძალადობის კვალი. განვმარტავ, რომ ამ საქმეში გარდა მალხაზ კობაურისა, სხვა პიროვნება არ იკვეთება, რაც შეეხება ლორა სმიტის ნაწილს, ბრალდება დღეის მდგომარეობით კვლავ პირვანდელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მალხაზ კობაურს არ ჩაუდენია დანაშაული. მტკიცებულებები არსებობს, თუმცა საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა", - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ", მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.