ვინ არის პირი, რომელიც 10-კაციანმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა თანხის გამოძალვის მიზნით გაიტაცა? - კვირის პალიტრა

ვინ არის პირი, რომელიც 10-კაციანმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა თანხის გამოძალვის მიზნით გაიტაცა?

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც 10-კაციანმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა გაიტაცა, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი, გიორგი დეკანოიძეა.

გავრცელებული ცნობით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა.

რაც შეეხება დაკავებულ პირებს, მათ ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გუშინ გააკეთა. მათი ინფორმაციით, თბილისის პოლიციისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინეს. გამოძიების ინფორმაციით, გ.დ. შეიარაღებულ გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული. პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც გამტაცებლებს მძევალი ჰყავდათ გადამალული, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციამ გ.დ. ოჯახში უვნებლად დააბრუნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა", - განაცხადეს შსს-ში.

იხილეთ ვიდეო