"მირზა სუბელიანმა სუიციდის მცდელობის გამო მიიღო დაზიანებები ფეხებზე, ხელსა და კისერზე" - კვირის პალიტრა

"მირზა სუბელიანმა სუიციდის მცდელობის გამო მიიღო დაზიანებები ფეხებზე, ხელსა და კისერზე"

სხეულზე - ფეხებზე, ხელსა და კისერზე მირზა სუბელიანმა დაზიანებები სუიციდის მცდელობის გამო მიიღო, - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ინგა ჩალაურმა სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანთან მისი ადვოკატები - ეკა ხუციშვილი და ინგა ჩალაური შევიდნენ.

როგორც ინგა ჩალაურმა შესვლამდე განაცხადა, მირზა სუბელიანის, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მდგომარეობა დღემდე კრიტიკული იყო. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება სწორედ მირზა სუბელიანის სუიციდის მცდელობის გამოსაწვევად მოხდა.

"რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასზე თითქოსდა ადგილი ჰქონდა ძალადობას, ვერაფერს გეტყვით. ახლა მოვედით შესახვედრად, თუმცა სუიციდის მცდელობის შედეგად მან მიიღო სხეულზე დაზიანებები - ფეხებზე, ხელსა და კისერზე.

რაც შეეხება საჯაროდ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანი დაკითხული არ არის და მისი პოზიცია უცნობია.

მიმდინარეობს ფსიქოლოგიური შეტევა იმ ადამიანზე, ვინც დღეს პატიმრობაშია. სწორედ ასეთ ქმედებას ვგულისხმობ - ჩანაწერის გავრცელებას შედეგად მოჰყვა ის, რომ სუბელიანს ჰქონდა სუიცუდის მცდელობა. ჩემი აზრით, ამ აუდიოჩანაწერების გავრცელება მიზნად ისახავდა ასეთი შედეგის დადგომას. მირზა სუბელიანი დღეს მძიმე რთულ ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია," - განაცხადა ინგა ჩალაურმა.

"ინტერპრესნიუსი"