"მაფიის ბოსი" თავისუფალია - დაბრუნდება თუ არა სამშობლოში ნადირ სალიფოვი? - კვირის პალიტრა

"მაფიის ბოსი" თავისუფალია - დაბრუნდება თუ არა სამშობლოში ნადირ სალიფოვი?

აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი ნადირ სალიფოვი, იგივე "გულუ" რომელიც "კანონიერ ქურდებთან" შეხვედრის შემდეგ დააკავეს,  საინფორმაციო სააგენტო ПРАЙМ КРАЙМ-ის ცნობით 18 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

როგორც სპუტნიკის აზერბაიჯანული გამოცემა ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტზე დაყრდნობით იუწყება, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი "გენერალი" სალიფოვი სტამბოლის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკვე გათავისუფლდა.

როგორც "მაფიის ბოსის კლანის" წევრები იმედოვნებდნენ, 8 ოქტომბერს დაკავებული "გულუ" მალევე უნდა გამოეშვათ სტამბოლის ციხიდან, თუმცა დრო საკმაოდ გაიწელა. საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, ნადირ სალიფოვის გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ის ამ დრომდე გისოსებს მიღმა რჩებოდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელ კრიმინალურ ავტორიტეტს არც დეპორტაცია ემუქრება და ის ისევ სტამბოლში დარჩება. (წყარო)

დღეს ნადირ სალიფოვი, მერაბ ჯანგველაძესთან (სოხუმსკი) და ლაშა შუშანაშვილთან (რუსთავსკი) ერთად ყველაზე გავლენიან "კანონიერ ქურდებად" მიიჩნევიან. სწორედ მათ აქვთ პრეტენზია რუსული კრიმინალური სამყაროს სათავეში მოექცნენ. მათ სხვა რეალური კონკურენტი ჯერჯერობით არ ჰყავთ, რადგან კრიმინალურ ავტორიტეტს შაქრო კალაშოვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იხილეთ ასევე: სტამბოლში კრიმინალური ავტორიტეტების "სხადნიაკს" გავლენიანი "კანონიერი ქურდის" დაკავება მოჰყვა

მოამზადა ნიკა გულუამ