იტალიაში 71 არალეგალი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - კვირის პალიტრა

იტალიაში 71 არალეგალი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში დააკავეს ორი ქართველი მამაკაცი, რომლებსაც არალეგალი მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ედებათ ბრალი.

იტალიელმა სამართალდამცველებმა, ტრეფიკიორები 18 ოქტომბერს, გამთენიისას დააკავეს, მაშინ როცა 14-მეტრიანი ნავით, იტალიის საზღვაო საზღვარი გადაკვეთეს, ლეჩეს პროვინციაში ქალაქ გალაპოლში შევიდნენ და სანაპიროდან უახლოესი დასახლებისაკენ აიღეს გეზი. ნავში 71 არალეგალი იმყოფებოდა, რომლებიც დაუდასტურებელი ინფორმაციით პაკისტანელები არიან. შემთხვევის შესახებ იტალიური მედია წერს.

კარაბინერებისა და ფინანსური პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, მოხდა ნავის კონფისკაცია და მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანა, სადაც ამჟამად მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ჯერჯერობით დაუდგენელია, ჰყავდათ თუ არა ქართველ ტრეფიკიორებს თანამონაწილე ნავზე, რომელიც შესაძლოა თავს მიგრანტად ასაღებდეს.

თავად დაკავებულები, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი განცხადებით, იმ კონკრეტულ მომენტში, სანაპიროზე შემთხვევით აღმოჩნდნენ. გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე ეჭვმიტანილთა დაკითხვა მიმდინარეობს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს, ამავე ბრალდებით ქართველების დაკავების, მესამე შემთხვევაა.

სექტემბერში სასაზღვრო პოლიციამ, ფაქტზე აიყვანა ქართველი მამაკაცი, რომელსაც ზემოთ აღნიშნულ რეგიონში, ირანელი და ერაყელი ცხრა მიგრანტი გადაჰყავდა არალეგალურად. მათ შორის, ორი ქალი და ერთი - არასრულწლოვანი. ასევე, ივლისის თვეში არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინელებთან ერთად დააკავეს ქართველი ტრეფიკიორები. იტალიური მედიის ინფორმაციით, ისინი 5 000 ევროს სანაცვლოდ, 69 არალეგალი პაკისტანელის თურქეთიდან იტალიის ტერიტორიაზე გადაყვანას ცდილობდნენ. გაგრძელება