"ნომერ პირველი დამნაშავე საქართველოში" - ვინ არის სამუდამო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე? - კვირის პალიტრა

"ნომერ პირველი დამნაშავე საქართველოში" - ვინ არის სამუდამო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე?

უვადო პატიმრობამისჯილის შალვა აბულაძის, იგივე "შალალოს" ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის პროკურატურას სხვადასხვა გახმაურებული საქმის რეალური დამნაშავეები დაუსახელოს და ამის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პატიმარი შალვა აბულაძე საუბრობს, როგორც პოლიციელის მკვლელობის, ასევე დეპუტატის დაყაჩაღების, უცხოელების გატაცებასა და თავდასხმის საქმეებზე.

"დღეს მომივიდა ასეთი ინფორმაცია, რომ რამდენიმე ცნობილი დეპუტატის დაყაჩაღების, ერთი პოლიციელის მკვლელობის და ა.შ. საქმეებზე ერთ-ერთმა პატიმარმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და გახსნა ეს საქმეები. მოქმედ დეპუტატებზე, მოქმედ პოლიტიკოსებზეა საუბარი და ამ დღეებში გახმაურდება. ახლა ამის გაჟღერება და ხალხის ფსიქიკის დაძაბვა ზედმეტი იქნება. ეს არის რამდენიმე წლის წინანდელი - 2001 -დან დაწყებული, 2006, 2007 წლის ჩათვლით მომხდარი საქმეები, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელის, პატრულის თანამშრომლის

მკვლელობის საქმეა, რის გამოც, სასჯელი მოიხადა ერთმა პირმა, მაგრამ ეს პოლიციელი სხვამ მოკლა, რომელიც გარეთ არის. გვარებს ჯერ ვერ გავაჟღერებ მარტივი მიზეზის გამო - 2 კვირის განმავლობაში მზადდებოდა ეს დოკუმენტი და იმედია, გამოძიება თავის სიტყვას იტყვის. საკმაოდ სერიოზულ დანაშაულებებზეა საუბარი, მათ შორის, უცხოელების გატაცებაზე, თავდასხმაზე, რის გამოც საქართველო სერიოზულ დიპლომატიურ კონფლიქტებში იყო", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შალვა აბულაძე ამ საქმეების გახსნის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

"სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ითხოვს საპროცესო შეთანხმებას. ეს ჩვეულებრივი ამერიკული მოდელია. ნეტავ, მხოლოდ ამაზე იყენებდნენ საპროცესო შეთანხმებებს და არა გაუკუღმართებული ფორმებით. ეს პატიმარი მეორე წელია სასჯელს იხდის და მისი საქმე განხილვის სტადიაშია. ვიმეორებ, საკმაოდ გახმაურებულ საქმეებზეა საუბარი. ის ასახელებს დამნაშავეებს, ნივთებს, გატაცებულებს და ა.შ. ძალიან ბევრი ცნობილი სახე შეიძლება ვიხილოთ, მათ შორის "ნაკოლშიკებად" ასახელებს მოქმედ პოლიტიკოსებს. ეს პოლიტიკოსები მმართველი გუნდის წევრებიც არიან და ოპოზიციის წევრებიც. გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები, მმართველ გუნდში არავინ არ არის.

ბევრი ისეთი დამნაშავის გვარია დასახელებული, რომლებიც გარეთ დადიან, ზოგი ბიზნესშია, ზოგი პოლიტიკაში და რაღაც საქმიანობებს ეწევიან; ზოგი კრიმინალურ საქმიანობას ეწევა. ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის პირად დაცვაში მუშაობს. ამიტომ გამოძიებას ვურჩევ კარგად დაინტერესდეს და განცხადება კარგად წაიკითხოს. საუბარია შალვა აბულაძეზე - "შალალოზე", რომელიც 4 პოლიციელის მკვლელობასა და 8 პოლიციელის მკვლელობის მცდელობაზეა, ნომერ პირველი დამნაშავეა საქართველოში. დიდი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანია. აქვს ეს ინფორმაციები და ასახელებს. მან წერილი გამომიგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი მოთმინების ფიალა ივსება. შესაძლებელია პირდაპირ ეთერებში ტელევიზიებსაც ჩაერთოს და არც არაფერს დამალავს, ყველაფერს იტყვის", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ჩვენში ბევრმა ეს განცხადება პოლიტიკური პროცესების ჭრილში დაინახა, ანუ შესაძლოა მავანი ცდილობდეს უმძიმესი დანაშაულების ჩამდენი პირი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინაღღმდეგ იარაღად გამოყენოს.

მოდით, გადავხედოთ ვინ არის სამუდამო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე?

შალვა აბულაძე, 1977 წელს ბორჯომში დაიბადა. კრიმინალურ წრეებში მას "შალალოს" სახელით იცნობენ. ის მრავალჯერაა ნასამართლევი. შალვა აბულაძეს ბოლოს 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. წლების წინ ორი ადამიანი მძიმედ დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მაშინ აბულაძე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისგან რესტორნის გადაცემას მოითხოვდა. საქმის გარჩევას სროლა მოჰყვა, მაშინ აბულაძეც დაიჭრა... ციხეში 7 წელიწადი იჯდა, ჯერ ამნისტია შეეხო, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა, შემდეგ "უდოს" კომისიამ გაათავისუფლა. (იხილეთ სრულად)

2015 წლის 23 იანვარს ბორჯომში შალვა აბულაძემ ორ პოლიციელს ესროლა. სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი, რომელიც 6 თებერვალს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე, მძიმედ დაიჭრა მისი მეწყვილე, ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი მახარაშვილი.

მეორე ტრაგედია 4 აპრილს თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან მოხდა. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, შალვა აბულაძემ კვლავ ესროლა პოლიციელებს, სროლის შედეგად დაჭრილი ისანი-სამგორის რაიონის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მძიმედ დაიჭრა ბექას მეწყვილე, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი.

ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის შემდეგ შალვა აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდა, თუმცა რამდენიმე დღეში ბორჯომში სოფელ არდაგანში სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი დააკავეს. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. დაკავებული თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს. შალვა აბულაძის ძებნის ოპერაციაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი.

2015 წლის 21 დეკემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დასწრებია.

აბულაძეს ორი პოლიციელის მკვლელობა, ორის დაჭრა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად.