რა კავშირშია ბიზნესმენის შვილის გატაცებასთან აფხაზეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება? - რას ამბობს პროკურორი? - კვირის პალიტრა

რა კავშირშია ბიზნესმენის შვილის გატაცებასთან აფხაზეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება? - რას ამბობს პროკურორი?

გამოძიება ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცებაში ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მონაწილეობის ვერსიაზეც მუშაობს. საქმის პროკურორის ბექა ხუნაშვილის განმარტებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს და შეისწავლის. ამასთან, როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაძლოა საქმეზე გამოძიების დაწყებამდე გადავიდნენ.

"ნაწილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შესაძლოა მოახდინა იმ ეტაპამდე ვიდრე საქმეზე გამოძიება დაიწყებოდა", - განმარტა ბექა ხუნაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქმეში ჩართული ყოფილიყო აფხაზეთში მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტი ასტამბურ შამბა, პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიების პროცესში ყველა ვერსია მუშავდება.

"საქმეზე გამოძიება გრძელდება. არანაირ ვერსიას არ გამოვრიცხავთ და ყველა ვერსიას შევისწავლით", - აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებული 10 პირიდან ხუთის გათავისუფლებას, ბექა ხუნაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიზეზით არ წაუყენეს ამ ადამიანებს ბრალი.

ამასთან, პროკურორი მიიჩნევს, რომ 5 ბრალდებულთან მიმართებაში სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

"ჩვენს ინტერესებში არანაირად არ შედიოდა მათი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება, მტკიცებულებების განადგურება თუ მიმალვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუნებრივია, ჩვენი ეს არგუმენტაცია გაიზიარა. გამოძიება გრძელდება. ამ 5 პირის გარდა ბუნებრივია იდენტიფიცირებულები უნდა იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა სავარაუდო წევრები. მე როგორც პროკურორი გარწმუნებთ, რომ თითოეული პირი, რომელსაც დაუდგინდება მიზეზობრივი ბრალეული კავშირი ამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, კანონის ფარგლებში სამაგალითოდ იქნება დასჯილი", - განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კალისტრატე ერქვაიას, მამუკა მარგველაშვილს, გოჩა ჩეჩელაშვილს, თემურ კენჭაძეს, მამუკა ესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

"ინტერპრესნიუსი"