შსს "გირჩის" მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
21-10-2018
შსს "გირჩის" მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო "გირჩის"  მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,"გირჩის“ მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე, ე.წ. მარიხუანას ფესტივალის ორგანიზების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2018 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით დაიწყო, რაც მცენარე კანაფის/მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. ამასთან, ე.წ. ფესტივალის დაანონსების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
გაავრცელა არაერთი განცხადება, რომლითაც საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ფესტივალის მართლსაწინააღმდეგო ხასიათის და საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი მთელი რიგი ქმედებების შესახებ.

„ფესტივალის ორგანიზატორებს მოვუწოდეთ, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციის, სამართალდარღვევების ჩადენის წახალისების და ღონისძიების ორგანიზებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის (მათ შორის გირჩის წარმომადგენლების თუ პრეზიდენტობის კანდიდატის)
მიმართ გამოყენებული იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

აღნიშნული გაფრთხილებების მიუხედავად, 2018 წლის 20 ოქტომბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დედა ენის ბაღში, (მათ მიერ გავრცელებული განცხადების შესაბამისად) ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გასაღების და მოხმარების მიზნით, შეიკრიბნენ გირჩის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, თუმცა, დედა ენის ბაღში შეკრებილებმა ვერ შეძლეს ე.წ. ფესტივალის გამართვა.

სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკის ჩასატარებლად პოლიციის დაწესებულებაში გადაიყვანეს ფესტივალის მონაწილე 8 პირი. აღნიშნულ პირებს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩაუტარდათ ჩხრეკა და გამოკითხვის შემდეგ დატოვეს პოლიციის დაწესებულება. ჩხრეკის შედეგად ორი პირისგან ამოღებული იქნა მცირე ოდენობით სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

სამართალდამცველებმა, ასევე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, დააკავეს 6 პირი.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მის მიმართ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.

ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში გაჰყვა ნებაყოფლობით, სადაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით და გამოკითხვის შემდეგ დატოვა პოლიციის დაწესებულება. მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საარჩევნო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე, ცესკო-ს ინფორმირების მიზნით, ეცნობა საქართველოს პროკურატურას.

ნარკოტიკული საშუალებების (მათ შორის მარიხუანას) პოპულარიზაციის, მოხმარების წახალისების და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

საჯარო სივრცეში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, პოპულარიზაციის და გასაღების ნებისმიერი მსგავსი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი სამართალდამცველების მიერ. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება და რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით