რა ჩვენება მისცეს გამოძიებას ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრებმა
რა ჩვენება მისცეს გამოძიებას ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრებმა
ფოტო:ბადრი პატარკაციშვილი
გასულ კვირას პროკურატურამ სკანდალური ჩანაწერები გამოაქვეყნა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლე­ლობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენა. დაკავებულია კუდ-ის ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, ბრალი წაუყენეს სამმართველოს უფროსის­ ყოფილ მოადგილეს, ლევან ქარდავას და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს, რევაზ შიუკაშვილს. პროკურატურა აცხადებს, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ჩხრეკისას იპოვეს შსს-ს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა და ჩანაწერები. ჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა", ესაუბრება პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის
გადმობირებას ცდილობს. საუბრისას დგებუაძე ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან პატარკაციშვილი ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდ-მა უნდა განახორციელოს.

მეორე ჩანაწერში, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდ­ება, დგებუაძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი კუდ-ის თანამშრომლები (ლევან ქარდავა, რევაზ
შიუკაშვილი, გიორგი მერებაშვილი) პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმას განიხილავენ და მსჯელობენ მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რომელიც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს.­ ამასთან, კუდ-ის თანამშრომლები პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს მკვლელობისთვის შესაფერისი პირობების შექმნის სანაცვლოდ სხვადასხვა შეღავათს სთავაზობდნენ... "კვირის პალიტრამ" მოიპოვა მოწმეთა ჩვენებები. ძირითადად, დაკითხ­ული არიან ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრები. 2016 წელს მიცემულ ჩვენებებში ისინი ჰყვებიან, თუ როგორ ცდილობდნენ მათ გადაბირებას კუდ-ის თანამშრომლები.

"მზარეულების და ბარმენების ვინაობა სჭირდებოდა იმისთვის, რომ ამ ხერხით მოეშორებინათ ბადრი პატარკაციშვილი"

გთავაზობთ ფრაგმენტებს მოწმე მამუკა შაროვის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):
"2007 წლის დასაწყისში საგარეჯოში ჩასულს მამაჩემმა მითხრა, რომ მის ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა და მიკითხა. რამდენიმე დღეში ჩემს ნომერზე გიორგი დგებუაძემ დარეკა და მითხრა, რომ შეხვედრა სურდა... დგებუაძეს 1997 წლიდან ვიცნობდი, მაშინ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვმუშაობდი, ისიც მუშაობდა ოპერატიულ თანამშრომლად... იცოდა, რომ მე პატარკაციშვილთან ვმუშაობდი ოქროყანაში... პუშკინის ქუჩაზე შევხვდი, ჩვენს საუბარს არავინ შესწრებია. აინტერესებდა, იქ რას ვაკეთებდი, რამხელა პერიმეტრი იყო ობიექტზე, სად იყო განლა­გებული ვიდეოკამერები, სისტემა იყო თუ არა ისეთივე, როგორიც ურეკში... დგებუაძე ასევე დაინტერესდა მზარეულების და ბარმენების ვინაობით. ინფორმაციის მოპოვების სანაცვლოდ კარგ ცხოვრებას და მაღალ­ანაზღაურებად სამსახურს დამპირდა... როდესაც ძალიან ჩამეძია, ვუთხარი, რომ ხანდახან ამოდიოდნენ მზარეულები, თუმცა ვინაობა არ მითქვამს. ვკითხე, რატომ აინტერესებდა ეს ყველაფერი. მითხრა, რომ მის ჯგუფს სააკაშვილისგან დავალებული ჰქონდა, ბადრიზე მოეხდინათ რაღაც მოქმედება, რათა შეეშინებინათ... "მასტერამ" მითხრა, რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩვენი საუბარი უნდა დარჩენილიყო ჩვენ ორს შორის. მითხრა, რომ ბადრი აპირებდა არჩევნებში­ მონაწილეობას და მისი არჩევის შემდეგ ქვეყანა უკან წავიდოდა... როგორც მივხვდი, მზარეულების და ბარმენების ვინაობა სჭირდებოდა იმისთვის, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი ხერხი, მოეშორებინათ ბადრი პატარკაციშვილი. დგებუაძემ ისიც თქვა, მე თვითონ მოვახდენ ბადრის ლიკვიდაციასო. ჩემი საუბრიდან მიხვდა, რომ ვერ შევასრულებდი იმას, რასაც მთხოვდა... გამიჩნდა­ შიში, ვინაიდან მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, ერთი რიგითი "პაიკი", ჩემს ზურგს უკან არავინ დგას, ხოლო "მასტერას" ზურგს უკან იდგა სახელმწიფო­. გადავწყვიტე, არანაირი ინფორმაცია არ გამეტანა ობიექტიდან და არ მიმეწოდებინა მისთვის. დგებუაძეს ვაძლევდი ორჭოფულ პასუხებს, რათა მალე დამთავრებულიყო ჩვენი საუბარი... მას ჩემთვის მერე აღარ დაურეკავს... როცა ბადრი პატარკაციშვილი გარდაცვლილი იპოვეს, მაშინვე გამახსენდა დგებუაძესთან ჩემი საუბარი. შინაარსი არავისთვის მითქვამს, ისევ შიშის ფაქტორის გამო - თუკი გავახმაურებდი, ცუდად დამთავრდებოდა ჩემი ოჯახისთვის. ამის შემდეგ სინდისის ქენჯნა მაწუხებდა. როდესაც შეიცვალა მთავრობა, მინდოდა მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე. შეიძლება პატარკაციშვილის ოჯახს ესაყვედურა, სად იყავი აქამდე, წადი ახლა, თავისუფალი ხარ სამსახურიდანო. ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა... ისიც ვიფიქრე, რომ რამდენიმე პირი იყო თავისუფლებაში დარჩენილი და მათგან მომხვდებოდა მუშტიც..."


"შიუკაშვილმა მკითხა, ხომ არ ვფლობდი რაიმე ინფორმაციას ჯოზეფ ქეის ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით..."

პროკურატურის მოწმეა ბესიკ ნადირაძეც. ის რამდენჯერმე შეხვდა რევაზ შიუკაშვილს. მის ჩვენებაში ვკითხულობთ (სტილი დაცულია):
"2007 წლის დასაწყისში დამიკავშირდა ტელეფონით პირი, რომელიც გამეცნო რეზო შარიქაძის სახელით. მითხრა, რომ იყო კონსტიტუციის უსაფრთხოების დეპარტამენტიდან, სამმართველოს უფროსი. შემდეგ ტელევიზიით შევიტყვე, რომ მისი გვარი იყო შიუკაშვილი და არა შარიქაძე. შევხვდით კაფეში, მოდულის შენობის წინ. 20 წუთი ვისაუბრეთ. მითხრა, რადგან ბადრი პატარკაციშვილი წარმოადგენდა საფრთხეს სახელმწიფოსთვის, მას უნდა სცოდნოდა ინფორმაცია. ვუთხარი, რომ ვიყავი ჩვეულებრივი პოლიციის თანამშრომელი და არ მიმიწვდებოდა ხელი ინფორმაციაზე...…მეორე შეხვედრა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ასევე მოდულის შენობის გვერდით, ეკლესიასთან შედგა. მან მკითხა, პირველი შეხვედრის შემდეგ რაიმე ხომ არ მოგიფიქრებიაო. პირადად მაჩვენა ის სია, სადაც ჩამოწერილი იყო დაცვის თანამშრომლების სახელები და გვარები, რომლებიც ხსენებულ მისამართზე მუშაობდნენ. მან გადაამოწმა ჩემთან, ნამდვილად მუშაობდნენ თუ არა ისინი. მე მას დავუდასტურე. შიუკაშვილმა შემომთავაზა როგორც სამსახურებრივი დაწინაურება, ასევე ფინანსურიც. მითხრა, რომ ღირებული ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში დავსაჩუქრდებოდი სოლიდური თანხით... კიდევ ერთი შეხვედრის დროს გამომკითხა, ხომ არ ვფლობდი რაიმე ინფორმაციას ჯოზეფ ქეის ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით..."

"ბადრიმ მითხრა, რომ მის საცხოვრებელ ობიექტებს იცავდა რუსული კომპანია "მეცხრე ტალღა" და გადაწყვეტილი ჰქონდა მათთან ურთიერთობის შეწყვეტა"


საინტერესოა მოწმე ნოდარ­ გორჯოლაძის ჩვენებაც. ის ამბობს, რომ კუდ-ის თანამშრომლებთან შეხვედრის ამბავი ბადრი პატარკაციშვილსაც უამბო.
(სტილი დაცულია): "დამიბარა კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე გელა ჩხარტიშვილმა და მითხრა, ვინაიდან მე ვმეგობრობდი ხელისუფლების მტერთან, ბადრი პატარკაციშვილთან, უნდა წავსულიყავი სამსახურიდან. ეს მითითება მოდიოდა კონტრდაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ჟღენტისგან, ხოლო თავის მხრივ მას დავალება მისცა ამირან მესხელმა. დავწერე განცხადება და წამოვედი სამსახურიდან. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ პირადად ვუამბე ბადრი პატარკაციშვილს... ბადრიმ მითხრა, რომ მის საცხოვრებელ ობიექტებს (რიტუალების სასახლეს, ოქროყანის, ბაკურიანის და ურეკის საცხოვრებელ სახლებს) იცავდა რუსული კომპანია "მეცხრე ტალღა", რომელსაც მართავდნენ რუსი ეროვნების პირები. გადაწყვეტილი ჰქონდა მათთან ურთიერთობის შეწყვეტა, შესაბამისად, შემომთავაზა გამეგრძელებინა მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება. დავეთანხმე და რამდენიმე დღეში შევუდექი საქმიანობას... ბადრი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და ემზადებოდა არჩევნებისთვის. 2007 წლის 7 ნოემბრის საყოველთაოდ ცნობილი მოვლენების შემდგომ, იმავე დღეს, თბილისის აეროპორტიდან გაფრინდა დიდ ბრიტანეთში, რის შემდეგაც აღარ მინახავს. 2008 წლის თებერვალში ტელევიზიით შევიტყვე, რომ ლონდონში გარდაიცვალა. მე იმავე ობიექტზე ზაფხულამდე ვმუშაობდი, რის შემდეგაც წამოვედი. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხორციელდებოდა თვალთვალი და მიყურადება ბადრი პატარკაციშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ. გარე პერიმეტრზე ვამჩნევდი ერთსა და იმავე ავტომობილებს, ისმინებოდა ჩემი ტელეფონი. 2007 წელს აეროპორტში შევხვდი ჩემს მეგობარს. მითხრა, რომ ჩემთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ის დაიბარეს კუდში და მოუყოლიათ მისთვის ჩვენი ერთმანეთთან საუბრის შინაარსი..."

P.S. როგორც ჩანს, პროკურატურას მოწმეების პროცესზე მიყვანა არ გაუჭირდება. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილებას, უცნობია, რატომ შეცვალა მან რუსული კომპანია ქართული დაცვის სამსახურით და შემდეგ რა მეთოდებს მიმართეს კუდ-ის თანამშრომლებმა. პატარკაციშვილის ოჯახი ამბობს, რომ მათთვის ეს ჩანაწერები მოულოდნელობა იყო და ისე იმოქმედა, რომ ბადრის დედა, ნათელა პატარკაციშვილი გულის შეტევით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.

"დედა რეანიმაციაშია, ძალიან მაღალი წნევა ჰქონდა, შაქარი - 500-მდე. მას ბადრი მეორედ მოუკლეს. ეს იყო უმძიმესი ჩანაწერები. ჩვენი ოჯახის უდიდესი თხოვნაა, სასწრაფოდ გამოიძIიონ ეს საქმე," - ამბობს ნანა პატარკაციშვილი.


პენსიონერი.
23 ოქტომბერი 2018 21:10
არცერთი დანაშაული გაუხსნელი არ უნდა დარჩეს, რადგან მიმაჩნია, რომ დანაშაულებების გახსნით, იხვეწება და ყალიბდება ქვეყანა. ასეთი მკვლელობა, მხოლოდ იმითი, რასაც წერენ არ შემოიფარგლება. ფესვები უფრო ღრმად აქვს გადგმული და ცვენამდე ალბათ არც მოვა.
სოსო
23 ოქტომბერი 2018 13:44
გაოცებული ვარ.ესე იგი ოჯახის წევრებს სერიოზულად სჯეროდათ,რომ ცხონებული ბადრი,ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა?ერთი ეგაა,რაღა ახლა გაახსენდათ ეს?ან რომელი პოლიტიკური მკვლელობა გახსნეს,ან რომელი დამნაშავე დაიჭირეს?ჩაივლის არჩევნები და ისევ ნაცარს მიაყრიან ამ საქმეს.ან ვინ უნდა გახსნას?ისევ ის დამნაშავეებიან მათი მეგობრები სხედან საკვანძო თანამდებობებზე.და სიტუაციასაც ნაცები მართავაენ.
მედეა
23 ოქტომბერი 2018 10:59
"ასავალ-დასავალშიც" იბეჭდება სოლიკო ხაბეიშვილზე სტატიათა ცუკლი და ახლა ბადრი პატარკაციშვილზეც დაიწყო იგივე--კი მაგამ, რას ემსახურება ახლა ასე დაგვიანებული, უკვე გარდაცვლილ გამოგლოვილი მოკლულების ისტორიის გაჟღერება? მედიის დიდ ნაკლად მიმაჩნია ყოველივე ეს. საწყალ დედას დანდობა არ უნდა? მე ძალიან მსიამოვნებს ცოცხალი ბადრის დანახვა, რადგან მისი მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ არაფრის მომტანი მგონია ეს კამპანია, სრულიად ზედმეტია და ძაბავს ისედაც ემოციებით გადაღლილ საზოგადოებას მედია ყ ვ ი თ ე ლ ი ა და ძალიან ღარიბი , უნიჭო კომენტატორებითა და ერთიდაიგივე ცნობების უაზრო გამვრცელებელი კანტორა, სადაც ხალხის გასაღიზიანებელი მანქანაა დაქოქილი და უმოწყალოდ აფრქვევს პროდუქციას. კიდევ კარგი ახალგაზრდები არ ეკარებიან მას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები