ეკა ბესელია: "მოვითხოვე, გაერკვიათ, რა ინფორმაცია აქვს სუბელიანს" - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია: "მოვითხოვე, გაერკვიათ, რა ინფორმაცია აქვს სუბელიანს"

"ეს კორუმპირებული გვარამია, სუბელიანის ნაცვლად თვითონ ამთავრებს იმ წინადადებებს, რომლებიც გაუგებარია და ისე თარგმნის, როგორც მას უნდა"

ამ დღეებში საზოგადოებამ არაერთი სკანდალური ფარული ჩანაწერი მოისმინა. ერთ-ერთი ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული - ბრალდებულ მირზა სუბელიანს "ქართული ოცნების""დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი ესაუბრებიან. სუბელიანი უკმაყოფილოა მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ჩანაწერში უამრავი ბრალდება და მუქარა ისმის... მოგვიანებით პროკურატურამ სხვა ჩანაწერი გაავრცელა და საზოგადოებას მეტი უპასუხო კითხვა გაუჩინა... პროკურატურამ მირზა სუბელიანი დაჰკითხა, თუმცა მისი ჩვენება არ ხმაურდება.

"კვირის პალიტრას" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ესაუბრა:

- ბოლო დროს გავრცელებული არაერთი სკანდალური ჩანაწერი თქვენთვის მოულოდნელი იყო?

- ეს "ნაცმოძრაობის" ხელწერაა. ყველაფრის აპოგეა იყო პირველი ნაწილი - "ნაცმოძრაობის" წევრის, ვაშაძის მხარდაჭერა და ეს ბევრ რამეს ხდიდა ფარდას. მეორე ნაწილს, ჩანაწერების ახალ სერიასაც აშკარად ეტყობა, რომ ცუდი პოლიტიკური მიზანი აქვს.

"ნაცმოძრაობამ" და "რუსთავი 2"-მა იციან, რომ არეულობის გარეშე გამარჯვების შანსი არ აქვთ და ეცდებიან, სწორედ ასე მიაღწიონ მიზანს, მაგრამ არ გამოუვათ. როდესაც ქვეყანამ გააცნობიერა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ყველას უსმენდა და უთვალთვალებდა, გადაწყვიტა, ეს ანომალია დაესრულებინა. ამიტომაც მუხლი გავამკაცრეთ, ვთქვით, რომ აკრძალულია უკანონო ჩანაწერის მოპოვება, გავრცელება და შენახვა.

ვინც ახლა ჭკუას მასწავლის, რომ მედიისთვის დასაშვებია ამის ჩვენება, მათ ვეუბნები: ჩაიხედონ სისხლის სამართლის კოდექსში და ნახონ, თუ სადმე წერია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მედიაზე არ ვრცელდება.

- ციხეში ფარული ჩაწერაც ხომ დანაშაულია? - დეპუტატის შეხვედრა პატიმართან არ უნდა ჩაიწეროს, მით უმეტეს - ფარულად. ამიტომ ველოდებით გარკვევას, ვინ დაარღვია კანონი.

- ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ 5-6-ჯერ შეხვდა სუბელიანს. - ჯაფარიძე ამბობს, რომ თავისი ინიციატივით არ შესულა ციხეში, ამას სუბელიანი და მისი ოჯახი ითხოვდნენ.

- როცა პროკურატურამ გაავრცელა ახალი ჩანაწერები, ითქვა, რომ ეს ამ აჟიოტაჟის გადასაფარად გადაიღეს... - გამოძიებას შეუძლია გაასაჯაროოს მტკიცებულება, რადგან მას აქვს ექსპერტიზის ჩატარებისა და შემოწმების უფლება... შესაბამისად, საჭირო იყო ამ მტკიცებულების ჩვენება, რათა დაგვენახა სრული სურათი. "რუსთავი 2"-ის შექმნილმა სურათმა შეიძლება ადამიანები გააოგნოს, ამ დროს კი ჩნდება მეორე ჩანაწერი, რომელიც თავდაყირა აყენებს ყველაფერს... რაც შეეხება თქვენს კითხვას, თითქოს პროკურატურის გავრცელებული ჩანაწერი (სადაც ლაპარაკია, რომ თუ დასჭირდა, სუბელიანმა შეიძლება ტყუილიც თქვას) აჟიოტაჟის გადასაფარავად დაიდგა, უფრო ადრინდელი ჩანს... გაირკვა, რომ გამოძიება "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ბოლო ჩანაწერზე ადრე იყო დაწყებული, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცავმა ორგანომ ინფორმაცია მიიღო. სინამდვილეში სურათი არ არის ისეთი აპოკალიფსური, როგორსაც "რუსთავი 2" ხატავდა.

- სუბელიანი ჩანაწერში თქვენც გახსენებთ... - ამ ადამიანს არასოდეს შევხვედრივარ. მან ვიღაცების გვარები ახსენა, მერე თქვა, მომდიოდა რაღაც ინფორმაციაო, ოღონდ არ ჩანს, რა ინფორმაცია. მოვითხოვე, გაარკვიონ, რა ინფორმაცია აქვს სუბელიანს. მგონია, რომ ეს ნაწილი ხელოვნურად იყო ჩაგდებული. გვარამია, ეს კორუმპირებული ადამიანი, სუბელიანის ნაცვლად თვითონ ამთავრებს იმ წინადადებებს, რომლებიც გაუგებარია და ისე თარგმნის, როგორც მას უნდა. მე ვითხოვ, როცა დაჰკითხავენ სუბელიანს, ყველაფერი გაარკვიონ.

- ამ საკითხზე მთავარ პროკურორს ესაუბრეთ? - მთავარ პროკურორს ვუთხარი, რომ ველოდებით გამოძიების შედეგებს. მას შემდეგ, რაც ამ ჩანაწერების ნამდვილობა სადავო აღარ იქნება, უნდა გაირკვეს, რასაც სუბელიანი ამბობს, რატომ ამბობს, ვის ინტერესებს ემსახურება, ან ხომ არ მოიგონა...

- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თქვენი მისამართით ბრალდებები ისმის. - თუ ვიტყვით ვის ვახსენდები, მაშინ პასუხიც ძალიან მარტივია. ვახსენდები "ნაცმოძრაობას" და გვარამიას, იმიტომ, რომ ისინი დაუძინებელ ოპონენტად მთვლიან. სულ ვიბრძოდი მათ წინააღმდეგ და სანამ ცოცხალი ვარ, ვიქნები მათი მოწინააღმდეგე. ასე მახსენებენ იმიტომ, რომ ეშინიათ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ყველაზე მეტად ახსენებენ იმას, ვისიც ეშინიათ, ან ვისაც უნდათ, რომ დაემსგავსონ, მაგრამ მე ვერ დამემსგავსებიან, ვერც ბიძინა ივანიშვილს. ბატონი ბიძინა პირველ ადგილზეა და მას ვერ შევეჯიბრები, მაგრამ მერე, სადღაც სამეულში, აშკარად ვარ, ამიტომ ეშინოდეთ.

- სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ "უდოს" კომისიის საქმიანობის გამო დაჰკითხეს. რა საქმეზე მიდის გამოძიება? - პროკურატურაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.