"სუბელიანის ყველა ფრაზა საგანგაშოა" - კვირის პალიტრა

"სუბელიანის ყველა ფრაზა საგანგაშოა"

კობახიძეს ჯგუფის ლიდერად ნუ წარმოვიდგენთ, ის გამხმოვანებელია, ეს ჯგუფი კი უფრო კახა კალაძესთან ასოცირდება... გაზაფხულზე, როდესაც ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ მობრუნდა, პარტიაში სამი დაჯგუფება მაინც იყო. ეს ჯგუფები არც დღეს გამქრალან, მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიაში გაძლიერება მათი მთავარი მიზანია

მირზა სუბელიანის ჩანაწერებთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ესაუბრა. ის აღნიშნავს, რომ სუბელიანის ყველა ფრაზა საგანგაშოა, განსაკუთრებით - ქვეყანაში არაფორმალური დაჯგუფებების შესაძლო არსებობის შესახებ.

- ვფიქრობ, ჩანაწერები ახლა საგანგებოდ გამოქვეყნდა. კალენდარს რომ დავხედოთ, ამაში იოლად დავრწმუნდებით... რამდენი ხანია, სუბელიანი გისოსებს მიღმაა, მაგრამ ეს ხმაური, რატომღაც, ყველაზე მოწყვლად, საარჩევნო პერიოდს დაემთხვა. შესაძლოა, ეს ჩანაწერები პოლიტიკური ვაჭრობის საგანიც იყოს და კულისებს მიღმა გარიგებებიც შედგეს, მაგრამ ფაქტია, დრო შეგნებულად შეირჩა.

ახლა პროკურატურის გამოქვეყნებულ ჩანაწერებზეც ვთქვათ... ამ ჩანაწერებს სახელმწიფოც ახლა აქვეყნებს, არჩევნების პიკზე, როცა ჩვენი პროკურატურის დამოუკიდებლობა ისედაც საეჭვოა? ეს ადასტურებს, რომ ამომრჩეველს პატივს არ გვცემენ და წინასაარჩევნოდ ჩვენი ყურადღება ასეთ შოუებზე გადააქვთ.

- ჩანაწერებით ყველაზე პრობლემური რა იკვეთება? - სუბელიანის ჩანაწერებში ყოველი მეორე წინადადება სისტემურ პრობლემებზე მიანიშნებს, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ სახელმწიფოში, რომელსაც ჰყავს ჯარი, პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა პირს დაქვემდებარებული არაოფიციალური, გასამხედროებული, თუ რა დავარქვა, არ ვიცი, გაერთიანებები. ეს ხომ სახელმწიფოებრიობის დასასრულს ნიშნავს?! ესე იგი სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და თუ ვერ ასრულებს, მაშაAსადამე, აღარც სახელმწიფოებრიობა გვაქვს! ეს პრობლემა მხოლოდ სუბელიანის ჩანაწერში არ იკვეთება - დაჯგუფება არ იყო "ომეგას" საქმეშიც მთავარი ფიგურანტი?! სად არის სახელმწიფო?! აშკარაა, ხელისუფლებაში რაღაც კარგად ვერ არის და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი რომ დაბრუნდა პოლიტიკაში, ეს მანაც განაცხადა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მმართველი პარტიაა...

- თქვენი აზრით, სუბელიანს რატომ აფარებენ ხელს, მის ხელთ არსებული შესაძლო კომპრომატების ეშინიათ? - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საკითხი ყურადღების ცენტრში არ მოექცეს. სხვათა შორის, ვიქტორ ჯაფარიძემ მედიას ჰკითხა და არა გამოძიებას, ვინც ეს ჩაწერა, იმ პირით რატომ არ ინტერესდებითო?.. როგორც ჩანს, ჩანაწერები ისევ კეთდება და ამაზე სახალხო დამცველმაც მიუთითა. ან გარეთ როგორ გამოიტანეს ეს ჩაAნაწერები? ესე იგი, სუბელიანს ციხეშიც აქვს ისეთი გავლენა, რომ ვიღაცას აიძულებს, ეს ფირები გარეთ გამოიტანოს? ცხადია, ამ საქმეში მხოლოდ სუბელიანი არ არის, მას ხელისუფლებაში მხარდამჭერები ჰყავს, მმართველ გუნდში შექმნილი დაჯგუფებების შესახებ კი ყველას ბევრი გვსმენია...

- სუბელიანი თავის გადარჩენას და ამ მიზნით ჩანაწერების გამოქვეყნებას ცდილობს, ვიღაც კი ამას პოლიტიკური მიზნით იყენებს... - როგორც გითხარით, ყველაფერი საარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ჩანაწერები ივლისში გაკეთდა, მაგრამ ახლა გამოქვეყნდა. ვეჭვობ, სუბელიანს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლებაში დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას, შესაძლოა, ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზანიც ჰქონდეს, ანუ სუბელიანისა და რომელიღაც ჯგუფის ინტერესები საარჩევნო პერიოდში ერთმანეთს ემთხვევა და ამით ყველა სარგებლობს!

ორი დაჯგუფების შესახებ უკვე ვიცით - ყიფიანის ე.წ. სარდაფის სკანდალმა და ახლა ამ საქმემ ისინი გამოააშკარავა, ხელისუფლება კი ცოცხალი თავით ამ საქმეებს არ იძიებს, ამბობენ, შინაარსს არ განვიხილავთო, არადა, არსებითი სწორედ შინაარსია, თორემ ჩანაწერის ნამდვილობას მონაწილეებიც ადასტურებენ... ორივე შემთხვევაში ხელისუფლება შინაარსის გამოძიებაზე კატეგორიულ უარს ამბობს და ეს მეტ კითხვას აჩენს. ხომ შეიძლება, ეს ჯგუფები მართლაც არსებობდნენ და სწორედ მთავრობის უმოქმედობის გამო გაძლიერდნენ, მერე კი მთავრობასვე შეუქმნან პრობლემები?

- ხელისუფლება რატომ ცდილობს ჩვენებას, თითქოს ყველაფერი დადგმულია, სუბელიანი გაგიჟდა და რაღაცებს იგონებს? მით უმეტეს, რომ საზოგადოებას მათი არ სჯერა... - ხელისუფლებას, ალბათ, ჰგონია, რომ საკუთარ ინტერესებს ასე უფრო დაიცავს... როდესაც გამოძიება რაღაცას ვერ იძიებს (ან იქნებ არც უნდათ, გამოიძიონ), ცდილობენ, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანონ და როგორც ჩანს, ეს არასდროს დამთავრდება - 28 ოქტომბრის მეორე დღესვე იწყება საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და წინ უფრო საინტერესო "კინო" გველოდება.

- ამ ყველაფერში ძალიან აქტიურია პარლამენტი, განსაკუთრებით - კობახიძის ჯგუფი... - კობახიძეს ჯგუფის ლიდერად ნუ წარმოვიდგენთ, ის გამხმოვანებელია, ეს ჯგუფი კი უფრო კახა კალაძესთან ასოცირდება... გაზაფხულზე, როდესაც ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ მობრუნდა, პარტიაში სამი დაჯგუფება მაინც იყო და ის, ვის მიმართაც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ძველებიც და ახლებიც, სწორედ კალაძის დაჯგუფება გახლდათ. ეს ჯგუფები არც დღეს გამქრალან. მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიაში გაძლიერება მათი მთავარი მიზანია. როდესაც პარტია დემოკრატიულად არ იმართება და ყველაფერი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, ამ ერთისთვის თავის მოწონებით გაძლიერება მათი მთავარი ამოცანაა. როგორც ჩანს, სხვანაირად თავს ვერ შეინარჩუნებენ და უღირთ საზოგადოების თვალში იმიჯის შელახვა...

რუსა მაჩაიძე