"დგებუაძემ ისიც თქვა, მე თვითონ მოვახდენ ბადრის ლიკვიდაციასო" - კვირის პალიტრა

"დგებუაძემ ისიც თქვა, მე თვითონ მოვახდენ ბადრის ლიკვიდაციასო"

გასულ კვირას პროკურატურამ სკანდალური ჩანაწერები გამოაქვეყნა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენა. "კვირის პალიტრა" აქვეყნებს პატარკაციშვილის დაცვის ყოფილი წვერების ჩვენებებს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"მზარეულების და ბარმენების ვინაობა სჭირდებოდა იმისთვის, რომ ამ ხერხით მოეშორებინათ ბადრი პატარკაციშვილი"

ფრაგმენტები მოწმე მამუკა შაროვის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):

"2007 წლის დასაწყისში საგარეჯოში ჩასულს მამაჩემმა მითხრა, რომ მის ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა და მიკითხა. რამდენიმე დღეში ჩემს ნომერზე გიორგი დგებუაძემ დარეკა და მითხრა, რომ შეხვედრა სურდა... დგებუაძეს 1997 წლიდან ვიცნობდი, მაშინ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვმუშაობდი, ისიც მუშაობდა ოპერატიულ თანამშრომლად... იცოდა, რომ მე პატარკაციშვილთან ვმუშაობდი ოქროყანაში... პუშკინის ქუჩაზე შევხვდი, ჩვენს საუბარს არავინ შესწრებია. აინტერესებდა, იქ რას ვაკეთებდი, რამხელა პერიმეტრი იყო ობიექტზე, სად იყო განლაგებული ვიდეოკამერები, სისტემა იყო თუ არა ისეთივე, როგორიც ურეკში... დგებუაძე ასევე დაინტერესდა მზარეულების და ბარმენების ვინაობით. ინფორმაციის მოპოვების სანაცვლოდ კარგ ცხოვრებას და მაღალანაზღაურებად სამსახურს დამპირდა... როდესაც ძალიან ჩამეძია, ვუთხარი, რომ ხანდახან ამოდიოდნენ მზარეულები, თუმცა ვინაობა არ მითქვამს. ვკითხე, რატომ აინტერესებდა ეს ყველაფერი. მითხრა, რომ მის ჯგუფს სააკაშვილისგან დავალებული ჰქონდა, ბადრიზე მოეხდინათ რაღაც მოქმედება, რათა შეეშინებინათ... "მასტერამ" მითხრა, რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩვენი საუბარი უნდა დარჩენილიყო ჩვენ ორს შორის. მითხრა, რომ ბადრი აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას და მისი არჩევის შემდეგ ქვეყანა უკან წავიდოდა... როგორც მივხვდი, მზარეულების და ბარმენების ვინაობა სჭირდებოდა იმისთვის, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი ხერხი, მოეშორებინათ ბადრი პატარკაციშვილი. დგებუაძემ ისიც თქვა, მე თვითონ მოვახდენ ბადრის ლიკვიდაციასო. ჩემი საუბრიდან მიხვდა, რომ ვერ შევასრულებდი იმას, რასაც მთხოვდა... გამიჩნდა შიში, ვინაიდან მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, ერთი რიგითი "პაიკი", ჩემს ზურგს უკან არავინ დგას, ხოლო "მასტერას" ზურგს უკან იდგა სახელმწიფო. გადავწყვიტე, არანაირი ინფორმაცია არ გამეტანა ობიექტიდან და არ მიმეწოდებინა მისთვის. დგებუაძეს ვაძლევდი ორჭოფულ პასუხებს, რათა მალე დამთავრებულიყო ჩვენი საუბარი... მას ჩემთვის მერე აღარ დაურეკავს... როცა ბადრი პატარკაციშვილი გარდაცვლილი იპოვეს, მაშინვე გამახსენდა დგებუაძესთან ჩემი საუბარი. შინაარსი არავისთვის მითქვამს, ისევ შიშის ფაქტორის გამო - თუკი გავახმაურებდი, ცუდად დამთავრდებოდა ჩემი ოჯახისთვის. ამის შემდეგ სინდისის ქენჯნა მაწუხებდა. როდესაც შეიცვალა მთავრობა, მინდოდა მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე. შეიძლება პატარკაციშვილის ოჯახს ესაყვედურა, სად იყავი აქამდე, წადი ახლა, თავისუფალი ხარ სამსახურიდანო. ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა... ისიც ვიფიქრე, რომ რამდენიმე პირი იყო თავისუფლებაში დარჩენილი და მათგან მომხვდებოდა მუშტიც..."

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "მკვლელობა ისე უნდა დაგეგმილიყო, რომ მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების კვალი გამოჩენილიყო" - ვის შეიძლება მოეკლა მილიარდერი?