სამტრედიაში დეპუტატ გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს - კვირის პალიტრა

სამტრედიაში დეპუტატ გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და დამნაშვეეები უკვე დაკავებული არიან.

"ქურდობის ფაქტები გახშირებულია, თუმცა უმეტესობა გამოძიებული არ არის. ამ შემთხვევაში, რადგან დეპუტატის სახლი იყო, გამოძიებაში მაღალჩინოსნები ჩაერთნენ და შედეგიც რამდენიმე დღეში მოჰყვა. საქმე არ გახმაურდა, რადგან ხელისუფლებას არ სურდა", - განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კახიანის სახლის გაქურდვის ფაქტს ადასტურებს სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია.

მისი თქმით, მომხდარის გამო დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა მერი მოსახლეობის შენიშვნებს არ იზარებს და აცხადებს, რომ სამტრედიაში კრიმინალი გაზრდილი არაა.

"არავითარი ისეთი არ ხდება, რაც არ ხდებოდა ადრე - ქურდობაც ხდება და გამოვლენაც ხდება. მე სტატისტიკას ვეყრდნობი და მომატებულს ვერ ვხედავ კრიმინალს. ეს უფრო სამართალდამცველების საქმეა, მაგრამ მეც, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი პასუხს ვაგებ ყველაფერზე, რაც ქალაქში ხდება. რაც შეეეხება კახიანის სახლს, ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულებიც არიან რამდენადაც ვიცი, გამოძიებაშია საქმე. ზოგადად კი, დანაშაული გაზრდილი არაა, მე სტატისტიკაზე დაყრდნობით ვამბობ," – განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.