ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსანი, გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსანი, გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით თვალავაძის დაცვის მხარემ მიმართა, რის საფუძვლადაც მან დაკავებულის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

"ჩავატარეთ ექსპერტიზა. გიას მდგომარეობა არის რთული. შესაბამისად, ექსპერტის პასუხები წარვიდგინეთ სასამართლოს და მოსამართლემაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა აფციაურმა.

პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის" სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

იხილეთ ასევე: ვინ არის პროფესიით ქირურგი, ღირსების ორდენის კავალერი გია თვალავაძე, რომელიც სუს - მა დააკავა?

"ინტერპრესნიუსი"