ახლობლების ვარაუდით, შესაძლოა ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა, შემდეგ კი ცხედარის დამალვა სცადეს - კვირის პალიტრა

ახლობლების ვარაუდით, შესაძლოა ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა, შემდეგ კი ცხედარის დამალვა სცადეს

გორში 25 ოქტომბერს, შუადღისით გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მოზარდის ბიძამ დაუდასტურა. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ნახეს. გოგონა მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებენ, რომ ის გაკვეთილებს დაესწრო, შემდგომ სახლში წავიდა, შუადღისით კი სახლიდან ისევ სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.

მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი ნახეს, რის მერეც გაუჩინარდა.

ტერიტორიაზე, სადაც გოგონა გარდაცვლილი ნახეს, ახლობლები, აღნიშნული დასახლების მცხოვრებლები და ოჯახის ნათესავები არიან შეკრებილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გარდაცვლილი ბავშვის ნათესავები ცხედართან მისვლას ცდილობენ, რის გამოც პერიმეტრზე განლაგებულ სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირებაც მოუვიდათ.

გამოძიების ოფიციალური ვერსია ცნობილი არ არის. ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა და შემდეგ ცხედარი ამ ადგილას, მდინარის სიახლოვეს მიიტანეს. ამ ვერსიის მოტივად გარდაცვლილის ახლობლები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ტერიტორია, სადაც ცხედარი იპოვეს, მანამდე რამდენჯერმე დაათვალიერეს.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში ჯერ არ გადაუსვენებიათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მოხდება ცხედრის გადასვენება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპრეტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.