რას აცხადებს შსს 8 წლის გოგონას გარდაცვალების თაობაზე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს შსს 8 წლის გოგონას გარდაცვალების თაობაზე?

გორში 25 ოქტომბერს, შუადღისით გაუჩინარებულ 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მოზარდის ბიძამ დაუდასტურა. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე იპოვეს. გოგონა მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებენ, რომ ის გაკვეთილებს დაესწრო, შემდგომ სახლში წავიდა, შუადღისით კი სახლიდან ისევ სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.

მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს.

გამოძიების ოფიციალური ვერსია ცნობილი არ არის. ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა და შემდეგ ცხედარი ამ ადგილას, მდინარის სიახლოვეს მიიტანეს. ამ ვერსიის მოტივად გარდაცვლილის ახლობლები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ტერიტორია, სადაც ცხედარი იპოვეს, მანამდე რამდენჯერმე დაათვალიერეს.

გორში 8 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.