"დახვრეტის წინ ნამგალაური ეწეოდა... თავისთვის ჩაილაპარაკა: ეს რა ვქენი, თავიც დავღუპე და ნათესავებიც შევარცხვინეო" - კვირის პალიტრა

"დახვრეტის წინ ნამგალაური ეწეოდა... თავისთვის ჩაილაპარაკა: ეს რა ვქენი, თავიც დავღუპე და ნათესავებიც შევარცხვინეო"

საქართველოში დღემდე ახსოვთ გასული საუკუნის 80-იან წლებში მომხდარი სასტიკი დანაშაული.

ტიტულოვანი სპორტსმენი, თამაზ ნამგალაური, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობდნენ და ძიუდოს ვირტუოზად იყო აღიარებული, 1988 წლის 12 ივნისს დააკავეს, ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვასაც კი მოითხოვდნენ.

9 წლის გოგონას გაუპატიურებასა და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ თამაზ ნამგალაურის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ოფიციალური ვერსიით, 1991 წელს ორთაჭალის ციხის ბუნტის შემდეგ 5 დღეში აღსრულდა. ნამგალაურის დედა შვილის გადასარჩენად მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ ვერაფრით დაეხმარა. საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ადვოკატის მოთხოვნა და არც სსრკ-ის გენერალური პროკურატურის პროტესტი განაჩენის შეცვლისა და სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

ცნობილ ძიუდოისტს, ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, თამაზ ნამგალაურს 1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ნამგალაურის ძირითადი ბრალდება 9 წლის დუშელი გოგონას (მისი ახლო ნათესავის) გაუპატიურება და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა იყო.

თამაზ ნამგალაურის დედა თამარ იანტბელიძე და და მანანა ნამგალაური ბავშვის მკვლელობასა და სხვა დანაშაულებს "საბჭოთა სპორტის მაფიის მიერ ჩაწყობილად" მიიჩნევდნენ.

მოკლული გოგონას დედა მაყვალა ნამგალაური, ძმა - დავით ნამგალაური და იმ მცირეწლოვანი ბავშვების დედა (რომელთა გაუპატიურება, საქმის მასალების თანახმად, ნამგალაურმა ვერ მოახერხა) უტყუარად მიიჩნევდნენ, რომ ნამგალაური მართლაც დამნაშავე იყო.

დერეფანი ორთაჭალის ციხეში, რომლითაც სიკვდილმისჯილი საკნიდან განაჩენის აღსასრულებლად მიჰყავდათ

თავად ნამგალაურმა დანაშაული აღიარა. იგი მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში თავჩაღუნული იჯდა და ყურები თითებით ჰქონდა დახშული. ადვოკატმა ბრალდებულის ფსიქიკის გამოსაკვლევად სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ნამგალაურის დედის ხელთ არსებული ცნობის ქსეროასლით, თამაზ ნამგალაური 1991 წლის 1-ლ ნოემბერს დახვრიტეს.

თამაზ ნამგალაურმა სიკვდილმისჯილთა საკანში სამი წელი გაატარა. 1991 წლის 25 ოქტომბერს კი იზოლატორში მოწყობილ ბუნტში იღებდა მონაწილეობას, თუმცა პატიმართა დიდი გაქცევა არ შედგა.

რამდენიმე წლის წინ გაზეთმა „ახალმა ვერსიამ“ გამაოქვეყნა სტატია ამ თემაზე, რომლის ავტორიც კახა ჩაკვეტაძეა.

სტატიაში ვკითხულობთ:

ნამგალაურის დედის განცხადება გორბაჩოვმაც წაიკითხა

სამი წლის განმავლობაში, ვიდრე შვილი სიკვდილმისჯილთა საკანში განაჩენის აღსრულებას ელოდებოდა, მისი დედა თამარ იანტბელიძე სსრკ-ის უმაღლეს საბჭომდე მივიდა. 1989 წელს სასტუმრო "მოსკოვში", სადაც სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ცხოვრობდნენ, 50 დღე-ღამე სკამებზე გაათენა. მას ხელში ეჭირა ტრანსპარანტი: "დამეხმარეთ!"

თამარ იანტბელიძე: "საქართველოს დეპუტატები ნოდარ ამაღლობელი და ვალერიან ადვაძე არ დამეხმარნენ - თქვენმა შვილმა შეგვარცხვინაო. უკრაინელმა დეპუტატმა ნიკოლაი კუცენკომ, რომელიც მიხეილ გორბაჩოვის თანაკურსელი იყო, ანატოლი სობჩაკს შემახვედრა. სობჩაკმა - ამ საქმეს ცუდი სუნი უდის და პირველს გავაცნოთო. კუცენკომაც განცხადება პირადად გორბაჩოვს გადასცა. რამდენიმე დღეში სსრკ-ს გენერალური პროკურორის მოადგილემ შადრინმა მიმიღო..."

1989 წელს სსრკ-ს გენერალურ პროკურატურას ქართული ჭიდაობის რესპუბლიკურმა ფედერაციამ, ძიუდოს საქართველოს ფედერაციამ, გაზეთ "სოვეტსკი სპორტის" რედაქციამ და საკავშირო "დინამოს" მწვრთნელმაც მიმართეს, რომ ნამგალაურს სტაციონარული სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარებოდა და გამოეკვლიათ, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენა სპორტულ ტრავმებს ხომ არ მოუხდენია.

1989 წლის 30 ნოემბერს სსრკ-ის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს უმაღლეს სასამართლოს პროტესტი გამოუგზავნა: "...შესაძლოა, ნამგალაურს ავადმყოფური სწრაფვა ჰქონოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მან 1980 წელს მიიღო ბეჭის მოტეხილობა და ოპერაცია გაუკეთდა ნარკოზის ქვეშ, რის შემდეგაც დაეწყო პათოლოგიური გადახრები. ნამგალაური სქესობრივ კავშირს ამყარებდა გონებადაკარგულ ადამიანებთან. ხოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიდიოდა შინ, მშვიდად ჭამდა, უყურებდა ტელევიზორს და იძინებდა. ეს იწვევს ეჭვს მის ფსიქიკურ სრულყოფილებაში. დანაშაულის მტკიცებულებებში არ გეკამათებით, მაგრამ განსასჯელის ფსიქიკური მდგომარეობა საკმარისად შემოწმებული არ არის. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, განაჩენი შეცვალოთ და საქმე დააბრუნოთ ხელახლა განსახილველად".

საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ პროტესტი არ დააკმაყოფილა. არც განმეორებით პროტესტებს მიაქციეს ყურადღება. მიწერ-მოწერა 1 წელი გაგრძელდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საბოლოო სიტყვა სსრკ-ის უმაღლესმა სასამართლომ თქვა: "დადგენილია, რომ ნამგალაურმა მთვრალმა ჩაიდინა დანაშაული და იგი არ იყო სულიერად ავადმყოფი. ობიექტური საფუძველი სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარებასა და განაჩენის შეცვლაზე არ არსებობს".

შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პიროვნებასთან, ვინც აცხადებს, რომ ნამგალაურის დახვრეტის პროცესს ესწრებოდა. იგი დეტალურად აღგიწერთ სიკვდილმისჯილთა დასჯის წესებსაც...

"სიგარეტი მოსწია და თავისთვის ჩაილაპარაკა: ეს რა ვქენი, თავიც დავღუპე და ნათესავებიც შევარცხვინეო"

მაშინდელი კანონმდებლობით, როდესაც სიკვდილმისჯილი მისთვის მინიჭებულ ყველა უფლებას ამოწურავდა, ანუ მას შეწყალებაზეც უარს ეტყოდნენ, იზოლატორის ადმინისტრაცია ვალდებული იყო, 5 დღის ვადაში განაჩენი სისრულეში მოეყვანა. მსჯავრდებულს გამოუცხადებდნენ, რომ მისი თხოვნა შეწყალების შესახებ არ გაიაზრეს, განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და იგი უნდა აღსრულდეს. აღსრულების პროცესს ზედამხედველი პროკურორი, იზოლატორის უფროსი, ექიმი და შემსრულებელი ესწრებოდნენ, რომლებიც სათანადო საბუთებს ადგენდნენ. ორთაჭალის ციხე, სიკვდილმისჯილთა ოზოლატორი

#1 საგამოძიებო იზოლატორის მაშინდელი უფროსი შოთა კოპაძე ზუსტ თარიღს ვერ იხსენებს, თუმცა ახსოვს, რომ ნამგალაურის განაჩენის აღსრულების შესახებ ბრძანება იზოლატორის ადმინისტრაციამ ციხის ბუნტის შემდეგ მიიღო და განაჩენიც რამდენიმე დღეში აღსრულდა.

საკნიდან ადმინისტრაციულ შენობამდე გზა სიკვდილმისჯილთათვის უცხო არ იყო. ამ მარშრუტით ისინი თითქმის ყოველ დღე სამედიცინო შემოწმებაზე მიჰყავდათ... საკარანტინო განყოფილების დერეფნის გავლის შემდეგ თხუთმეტიოდე ნაბიჯში რკინის კარი გაიღებოდა, შვიდ საფეხურს ჩაივლიდნენ და ძალიან ვიწრო, გრძელ გვირაბში გადიოდნენ. აქ კი, შემზარავ სიჩუმესა და ბნელეთში, ორმოციოდე ნაბიჯის გავლაში მთელი ცხოვრება ეშლებოდათ თვალწინ და საკუთარი გულისცემა გვირაბის წყვდიადიდან გამობრუნებულ ექოდ ჩაესმოდათ ყურში. იცოდნენ, ის საბედისწერო ოთახი სადღაც იქვე იყო, მაგრამ სად, არავინ ეტყოდათ. "ჯალათთა სამფლობელოს" საიდუმლოება ხომ მისი "მნახველებისთვის" სამუდამო წარსულად რჩებოდა. მომავალი კი უსახელო საფლავი იყო... გვირაბის ბოლოს, მარცხნივ, ვიწრო დერეფნით ადმინისტრაციულ კორპუსშია გასასვლელი. სწორედ ამ გასასვლელშია კიდევ ერთი შეუმჩნეველი შესახვევი.

შოთა კოპაძე: "იქ რომ შევახვევინეთ, ნამგალაური მიხვდა... ოთახის შესასვლელთან სიგარეტი გვთხოვა, ჩაჯდა და გააბოლა. ჩაფიქრებული ეწეოდა, თითქოს მთელი ცხოვრება თვალწინ გადაეშალაო. ბოლომდე რომ მოსწია, თავისთვის ჩაილაპარაკა: ეს რა ვქენი, ჩემი თავიც დავღუპე და ნათესავებიც შევარცხვინეო და ისევ გვთხოვა, ერთიც მომაწევინეთო. წარმოვიდგინე, რამდენად ძვირფასი იყო მისთვის ის უკანასკნელი წუთები. მივეცით. ისიც რომ ჩაათავა, გადააგდო და ოთახში შევიდა. მინიშნებულ ადგილზე დადგა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. აქ კი უცნაური რამ მოხდა. წარმოიდგინეთ, იარაღი არ გავარდა, "ასეჩკა" მისცა. "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტისთვის ასეთი რამ იშვიათობაა. თითქოს ღმერთმა კიდევ ერთი წუთი აჩუქაო. გაოგნდა, მაგრამ არც ხმა ამოუღია და არც შემობრუნებულა..."

თუ სიკვდილმისჯილი საკნიდან გამოყვანისას წინააღმდეგობას გასწევდა, ბადეს დააფარებდნენ და ისე მიჰყავდათ. დასახვრეტ ოთახში კედელთან გაჭრილ ორმოსთან დააჩოქებდნენ. წინააღმდეგობის შემთხვევაში კისერზე ლითონის კაუჭს დაადგამდგნენ. კეფაში მოხვედრილი ტყვია სხეულს თავით ორმოში ჩააგდებდა, რომელშიც ნახერხი ეყარა. სისხლის ჩამორეცხვის შემდეგ გვამს იმავე ოთახში, ფარდის იქით დებდნენ, რადგან ზოგჯერ ზედიზედ რამდენიმე უნდა დაეხვრიტათ და რიგით მომდევნოს წინას გვამი არ უნდა დაენახა. საღამოს გვამებს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს გახდიდნენ, სპეცმანქანაში შედებდნენ და ალგეთის მიმართულებით მიჰქონდათ. გვამი მალე რომ გახრწნილიყო, ქლორს აყრიდნენ და პირდაპირ მიწაში დებდნენ. სიკვდილმისჯილთა საფლავების ადგილმდებარეობა დღესაც მკაცრად არის გასაიდუმლოებული“.

სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ასევე: "თუ გამოვალ ციხიდან, რა გარანტიაა, რომ იგივეს არ ჩავიდენ... გთხოვთ, სასჯელის უმაღლესი ზომა მომისაჯოთ"