ძარცვა-ყაჩაღობის 17-მდე ეპიზოდი და 9-წელში მოხდილი 18-წლიანი პატიმრობა - რის საფუძველზე გაათავისუფლეს ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული? - კვირის პალიტრა

ძარცვა-ყაჩაღობის 17-მდე ეპიზოდი და 9-წელში მოხდილი 18-წლიანი პატიმრობა - რის საფუძველზე გაათავისუფლეს ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული?

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც ცნობილი გახდა, ნებიერიძე საბრალდებო სკამზე მესამედ აღმოჩნდა და მისი კრიმინალური წარსული მძიმე დანაშაულებებისგან შედგება. kvirispalitra.ge - მ გაარკვია, რა დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს და რის საფუძველზე გათავისუფლდა 9 წელიწადში პატიმარი, რომელსაც 18 წელი ჰქონდა მისჯილი.

სასტიკად მოკლული და ლიახვის სანაპიროზე დატოვებული გოგონას კვალზე სამძებრო სამუშაოებში ჩართული კინოლოგები გავიდნენ.

სანდო წყარო იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც იაგო ნებიერიძემ სასჯელი თანხის ანგარებით გამოძალვის მუხლით მოიხადა, მეორედ 2008 წელს დააპატიმრეს. სასამართლომ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით არაერთგზის ჩადენილი ძარცვა-ყაჩაღობისთვის მას 18 წელი შეუფარდა (ბრალდებულს ჰყავდა 17-მდე დაზარალებული, რომელთაგან ნებიერიძემ ზოგს ტელეფონი წაართვა, ზოგს - სამკაული და ა.შ.). ნებიერიძის მიერ ჩადენილი ძარცვვა-ყაჩაღობის ეპიზოდები ხდებოდა როგორც გორის, ასევე თბილისის მასშტაბით. სასამართლომ ყველა ეს საქმე შეკრიბა და ბრალდებული ერთიანად გაასამართლა.

ოფიციალურად დადასტურებულია, რომ: "გორის მცხოვრები 26 წლის იაგო ნებიერიძე მეორედ 2008 წელს დააკავეს, 2009-ში მას სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით (178-ე და 179-ე მუხლებით) 18 წელი მიუსაჯეს, 2013 წელს მას ამნისტიით სასჯელის მეოთხედი მოაკლდა და სააპელაციომ შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე 10 წელი დაუტოვა. 2014 წელს, იაგო ნებიერიძემ საპატიმრო დაწესებულებაში მიიყენა თვითდაზიანება და მას სამართებლის შენახვისთვის (378-ე პრიმა მუხლი) დაუმატეს 5 წელი. 2016 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნებიერიძეს სასჯელის ვადა გაუნახევრა და 2018 წლის თებერვალში გათავისუფლდა".

რაც ეხება გორში გატაცებული არასრულწლოვანის, ზაქრო ბერძნიშვილის გატაცებისა და ოჯახისთვის თანხის გამოძალვის საქმეს, რომელიც 2004 წლით თარიღდება, როგორც წყარო გვიყვება, ბერძნიშვილების ოჯახში, ავტოფარეხის მშენებლობაზე იაგოს მამა მუშაობდა. იმავე წლის ნოემბერში ბავშვი გაუჩინარდა. თავდაპირველად ეჭვი ნებიერიძის მამაზე, თუმცა შემდეგ ეჭვი მის შვილზე  - იაგოზე  მიიტანეს, მაგრამ გამოძიებამ ეჭვი ვერ დაამტკიცა. იაგო ნებიერიძე საბოლოოდ, თანხის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს. მან ამ ბრალდებით პატიმრობაში 4 წელი გაატარა. იხილეთ ასევე: "მუშამ, რომელმაც ნებიერიძის ქცევაში ეჭვი შეიტანა, ითანამშრომლა გამოძიებასთან" - რა დანაშაულებისთვის იყო გასამართლებული ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული?

(სპეციალურად საიტისთვის)