„ბავშვი ნაცემიცაა. ეტყობა, ისე დაარტყა, რომ მოკლა” - კვირის პალიტრა

„ბავშვი ნაცემიცაა. ეტყობა, ისე დაარტყა, რომ მოკლა”

გორში საზარელი მკვლელობით შეძრული ხალხი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. პოლიციამ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა და 34 წლის იაგო ნებიერიძე ციხეში უკვე გამოკეტა. მას არასრულწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი და ამ უმძიმესი ბრალდებით წარდგება სასამართლოს წინაშე. ცნობილია, რომ ნებიერიძე დანაშაულს არ აღიარებს. ის ბავშვის მკვლელობის ღამეს გორში, მისი საცხოვრებელი ბინიდან აიყვანეს. მომხდარ ტრაგედიაზე ვრცელი სტატია მოამზად გაზეთმა „კვირის პალიტრამ“, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

გოგონას ბაბუის ძმა ხვიჩა ბერიაშვილი ამბობს, რომ ბავშვი ნაცემიცაა:

"ნანიკო ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი და მოწესრიგებული ბავშვი იყო, უცხო ადამიანს არსად შეჰყვებოდა, ეს გამორიცხულია! ცხოველები ძალიან უყვარდა და ერთადერთი, თუ ეტყოდი, ძაღლს გაჩვენებო, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შეჰყოლოდა ვინმეს... ფაქტია, ბავშვი ნაცემია. ეტყობა, ისე დაარტყა, რომ მოკლა. ყველგან ვეძებდით და თურმე მკვლელი ამ ხალხს შორის ტრიალებდა და ინფორმაციას ისმენდა. ძაღლი მოიყვანეს, ძაღლმა კვალი ერთ მხარეს აიღო და მთელი ხალხი იქით წავიდა. მან ამ მომენტით ისარგებლა და ბავშვი გვერდით ქუჩაზე ურიკით ჩამოატარა. სამშენებლო ნარჩენები ადრეც გაუტანია და ამას ყურადღება არავინ მიაქცია. ალბათ, წყალში აპირებდა გადაგდებას, მაგრამ ჩოჩქოლი რომ ატყდა, მიაგდო და წავიდა. გამაპატიოსნებინეთ ჩემი პატარა და მერე სახალხოდ უნდა დავწვა! მკვლელობისთვის უნდა გავსამართლდე, მაგრამ ჯიშჯილაგიანად ამოვწყვეტ. დაგვდევდა ყველას და ისმენდა, რა ხდებოდა. ჩვენ რომ მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე არ ჩაგვერია, ეს საქმე ასე ოპერატიულად არ გაიხსნებოდა. კახა გორელია და კაცური სიტყვა მომცა, 24 საათი არ დამჭირდება, საქმე თითქმის გახსნილი მაქვს, გათენდება და გეცოდინება, ვინ არის მკვლელიო, მითხრა ღამის 4 საათზე. მადლობა მას. იმ სახლს მე დავანგრევ, სადაც ეს დანაშაული მოხდა, იქ ვერ იცხოვრებს ვერავინ. ამ ბავშვის სიკვდილს ვის შევარჩენ?!

"რომ წარმოვიდგინე, ჩვენს კორპუსში ცივსისხლიანი მკვლელი ცხოვრობს, ცუდად გავხდი"

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე დედისერთაა, მისი მშობლები გორში, რუსთაველის ქუჩაზე ოროთახიან ბინაში ცხოვრობენ. ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა, მაგრამ დახმარება მოუხსნეს. მამა ავადმყოფია და ამჟამად ხაშურის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

ნებიერიძეების მეზობლებიც დამნაშავის დასჯას ითხოვენ: - რომ წარმოვიდგინე, ჩვენს კორპუსში ცივსისხლიანი მკვლელი ცხოვრობს, ცუდად გავხდი. იაგო ახლახან გამოვიდა ციხიდან და კიდევ ეს საშინელება ჩაუდენია...

შალვა ბალაშვილი, ნებიერიძეების მეზობელი: - იაგოს ვიცნობ. ციხიდან ახალი გამოსულია და მესალმებოდა ხოლმე. დედამისთან მეგობრობდა ჩემი მეუღლე. ნუნუ დამლაგებლად მუშაობს მაღაზიებში. დიდი ხანია, ეს ოჯახი აქ ცხოვრობს, ისე ხაშურის რაიონიდან არიან. ადრე ჩემი მეუღლე ეხმარებოდა, ძალიან გაუბედურებული სახლი ჰქონდათ, ღუმელი ედგათ და გაჭვარტლულ სახლში ცხოვრობდნენ, სოციალურ დახმარებას იღებდნენ და იმით ირჩენდნენ თავს, მერე ისიც მოუხსნეს...

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "მუშამ, რომელმაც ნებიერიძის ქცევაში ეჭვი შეიტანა, ითანამშრომლა გამოძიებასთან" - რა დანაშაულებისთვის იყო გასამართლებული ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული?