"დამეხმარეთ ჩემი პატიმარი ძმის მოძებნაში" - კვირის პალიტრა

"დამეხმარეთ ჩემი პატიმარი ძმის მოძებნაში"

რამდენიმე დღის წინ, "კვირის პალიტრას" უვადო პატიმარი ზურაბ გეთიაშვილი დაუკავშირდა, რომელიც სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდიდა და გვითხრა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა, შემდეგ კი პირი ამოიკერა. უვადო პატიუმარი გვიყვებოდა: "ათი დღეა, რაც ვშიმშილობ, პროტესტის ნიშნად პირიც ამოვიკერე. ერთი კვირის ნაოპერაციები ვიყავი (ხერხემალზე გამიკეთეს ოპერაცია), მდგომარეობა გამირთულდა, წესიერ მკურნალობას ვითხოვდი, რის გამოც საკანში 30 კაცი შემომივარდა, თრევა-თრევით ჩამიყვანეს კიბეებზე და "ვანდალურში" (სამარტოო საკანი) ჩამკეტეს. ბიჭებს რომ არ აეტეხათ ხმაური, ალბათ მომკლავდნენ. იცით, რა დღეში ჩამაგდეს? ვეღარ დავდივარ, ფეხი გამიშეშდა. პირის ამოკერვაზე მეუბნებოდნენ, ეს თვითდაზიანებაა, ამის უფლება არ გაქვსო. აქ რისთვის ვზივარ, დღემდე აზრზე არ ვარ, ეს ცალკე თემაა. ექსპერტიზის დასკვნა გამიყალბეს, შემთხვევის ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა, არც ვყოფილვარ. მგონი, პროკურატურაც არაა აზრზე, აქ რატომ ვარ. ვინმე დამეხმარება? რა გავაკეთო, როდემდე ავიტანო უსამართლობა?"

რამდენიმე დღის შემდეგ, ჩვენ დაგვიკავშირდა პატიმრის ძმა  ალეკო გეთიაშვილი და გვითხრა, რომ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიის მერე, ზურა უგზო-უკვლოდ გაქრა, სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს და ოჯახს ამის შესახებ ინფორმაციას უმალავენ.

ალეკო გეთიაშვილი: - ჩემს ძმასთან 9 ოქტომბერს მქონდა ჩანიშნული პაემანი, წავედი რუსთავში, მაგრამ ის იქ აღარ დამხვდა. მანამდე, წინა პაემანზე, ზურასთვის გადასაცემად წავიღე თეთრეული, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები. დაწესებულებაში მივედი და რიგი დავიკავე. რაც მივიტანე, სკანერზე გაატარეს, დასვარეს, დაშალეს და გააფუჭეს ყველაფერი. მერე შემიყვანეს სადღაც გვირაბში, ხელები მაღლა ამაწევინეს, ფეხსაცმელიც გამხდევინეს, ამის მერე "პერედაჩებში" შევედი, სადაც თავიდან დაშალეს ყველაფერი და ტანსაცმლის გახდა და ბუქნების გაკეთება მომთხოვეს. ამაზე უარი ვთქვი და როცა პაემანზე შევედი, ზურას მოვუყევი ყველაფერი. ზურამ დირექტორის ნახვა მოითხოვა. მოადგილე ჩამოვიდა და მას უსაყვედურა. ამის მერე დავკარგე ჩემი ძმა. არ ვიცი მისი ამბავი. 9 ოქტომბერს ჩავედი, ვეძებე და ვერსად მივაგენი, არ ვიცი, სად წაიყვანეს. როგორც ვიცი, ზურა ნაცემია. მას ოპერაცია აქვს გაკეთებული. ვერ გავიგე, სადაა. იქნებ დამეხმაროთ და გამირკვიოთ, სად წაიყვანეს ჩემი ძმა. არც თვითონ რეკავს, არც ოჯახისთვის შეუტყობინებიათ რამე. არ ვიცი, რატომ და რისთვის დასაჯეს. ვიცი, რომ ტკივილები აწუხებდა და წამლებს არ აძლევდნენ, უყურადღებოდ იყო. დამეხმარეთ, მაპოვნინეთ ჩემი ძმა. რამდენიმე დღის წინ, მოხუცი დედა წამექცა, მენჯის ძვალი მოიტეხა და ოპერაცია გავუკეთეთ. ზურას ამბავს კითხულობს და ვატყუებ, რომ არ ინერვიულოს. კვირაში ერთხელ ვუკავშირდებოდით, ახლა მისი ხმა რომ არ ესმის, ძალიან ნერვიულობს.

უვადო პატიმრის ასავალ-დასავალის გასარკვევად, სპეციალურ პენიტენციალურ დაწესებულებას მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ "6 ოქტომბერს უვადო პატიმარი ზურაბ გეთიაშვილი რუსთავიდან ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმარ გეთიაშვილს ჰქონდა ხმაურიანი და ქურდული მოწოდებები, ამიტომაც მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა უსაფრთხოების მიზნით მოხდა. როგორც ვიცით, ოჯახი ამის შესახებ ინფორმირებულია".

იხილეთ ასევე: "ბიჭებს რომ არ აეტეხათ ხმაური, ალბათ მომკლავდნენ"

(სპეციალურად საიტისთვის)