ზუგდიდის ყოფილ მერს და მერის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ზუგდიდის ყოფილ მერს და მერის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და მერის მოადგილეს გია გულორდავას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვახტანგ მრელაშვილმა რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

„ექსპერტიზამ დაადგინა, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია", - აცხადებს საქმის პროკურორი ბექა ეჟიშვილი.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია.

"ინტერპრესნიუსი"