გია აბდალაძე: "ჩემს საქმეში პირადად გრიგოლ ვაშაძეს ვდებ ბრალს" - კვირის პალიტრა

გია აბდალაძე: "ჩემს საქმეში პირადად გრიგოლ ვაშაძეს ვდებ ბრალს"

"გრიგოლ ვაშაძემ ვერ გამიხსენა, მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას არასდროს დავავიწყდე"

"ვაშაძე ვერ მიხსენებს, სადა მაქვს ბერძენიშვილის ბედი..." - ამბობს ჯაშუშად შერაცხილი ფოტორეპორტიორი გია აბდალაძე. იყო დრო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილსაც ჯაშუშის იარლიყი მიაკერა, მაგრამ...

"გამოქვეყნდა ჩემი საუბარი რუსეთის საელჩოსთან. ეს სრულიად ღია საუბარი იყო, თუმცა ბრალი დამდეს მე, ამიტომ მივმართე ბატონ გრიგოლს თავის დროზე "ფეისბუკით"... მადლობელი ვარ, რომ მან მიაქცია ყურადღება, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნდა თავისი ის საქციელი სწორად. ბოდიშს ვინც მოიხდის, უნდა აპატიო. ვფიქრობ, არ არის იოლი, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ხარ თუ ყოფილი, სპეციალურად მიხვიდე კაცთან და ბოდიში მოიხადო. ვთვლი, რომ ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან," - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერს მხარს. გრიგოლ ვაშაძეც ამბობს, რომ ბერძენიშვილს ჯაშუშად არასდროს მიიჩნევდა.

ჩანს, ბერძენიშვილის გახსენება საპრეზიდენტო კანდიდატ ვაშაძეს ხელს აძლევდა და გაიხსენა კიდეც, აი, გია აბდალაძის ამბავი კი - ვერაფრით... თურმე მას წარმოდგენა არა აქვს, ვინ არის აბდალაძე...

ვაშაძისგან განსხვავებით, მთელ საქართველოს ახსოვს 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმე. გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეებისა და ზურაბ ქურციკიძის მძიმე მუხლით დაკავების მიუხედავად, რამდენიმე კვირაში ოთხივეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და გაათავისუფლეს. სააკაშვილის ხელისუფლების შეცლის შემდეგ საქმე ხელახლა გამოიძიეს. დადგინდა, რომ ფოტორეპორტიორების დაკავება უსაფუძვლო იყო. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს.

"ვაშაძეს ეშინოდა ვანო მერაბიშვილის, რომელმაც დაურეკა და აიძულა, შეეცვალა აზრი"

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრსა და დღევანდელ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ჰპირდება, რომ ყველაფერს შეახსენებს...

- გრიგოლ ვაშაძეს ვაჟკაცობა არ ჰყოფნის, აღიაროს, რომ მე დანაშაული არ ჩამიდენია. ეს კარგად იციან მისმა კოლეგებმაც, რომლებიც მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდნენ. თუ მე ჯაშუში ვიყავი და სტენოგრამა მოვიპარე, ვაშაძე, როგორც მინისტრი, იმ დღესვე თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო, ან იმისთვის მაინც უნდა გამოეცხადებინა საყვედური, ვისაც ინფორმაციის დაცვა ევალებოდა. ვაშაძეს ეს არ აინტერესებდა და არც ადარდებდა...

გრიგოლ ვაშაძემ ვერ გამიხსენა, მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას არასდროს დავავიწყდე. ორშაბათიდან ყოველდღიურად შევახსენებ თავს - აქციებს მოვუწყობ, ბილბორდებსაც გავუკრავ ქვეყნის მასშტაბით მათი ჩადენილი უბედურებების შესახსენებლად. 26 მაისს, 7 ნოემბერს, ციხის ამბებს - ყველაფერს შევახსენებ...

ჩემს საქმეში პირადად გრიგოლ ვაშაძეს ვდებ ბრალს. ის პირველივე წუთიდან იყო ინფორმირებული ჩვენი საქმის შესახებ. მას ეშინოდა ვანო მერაბიშვილის, რომელმაც დაურეკა და აიძულა, შეეცვალა აზრი... ჩვენ პროკურატურას ვთხოვდით, დაესაჯა დამკვეთები, თორემ "დოქსოპულოები" იმდენი ჰყავდა წინა ხელისუფლებას, ნებისმიერი შეასრულებდა უკანონო ბრძანებას. მათ არ აქვთ უფლება, ხელისუფლებაში იყვნენ! მათ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი! დღესაც არ სურთ, აღიარონ ჩვენი უდანაშაულობა, რადგან თუ აღიარეს, მაშინ ვანო მერაბიშვილი უნდა გალანძღონ, მისი ბრძანებით ხდებოდა ყველაფერიო.

ჩვენი გამამართლებელი სასამართლო განაჩენი 22 ნოემბერს იქნება. სასამართლო გადაწყვეტილებას სად გაექცევა, იმ ადამიანებს სად გაექცევა, ვინც აღიარა, აბდალაძე და მისი კოლეგები ვაწამეთ ციხეშიო?! თუ ხელისუფლებაში მოვა, იმათ შეწყალებასაც აპირებს? ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ ხელისუფლებაში მოსვლის უფლება!

მთელი უბედურება ის არის, რომ ძალიან ძლიერი "პიარშჩიკების" სპეცრაზმი ჰყავს რუსეთიდან ჩამოყვანილი. დიდ ფულსაც უხდის მათ ეს ქვეყანა, რომ ვაშაძე გახდეს პრეზიდენტი. არ დავუშვებ, მოძალადეები ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში! ვაშაძე აპირებს იმ ადამიანების შეწყალებას, ვინც მე მაწამებდა ციხეში, ვინც საქართველო ჩააგდო იმ მდგომარეობაში, რაშიც იყო 2012 წლამდე. ეს არ უნდა დავუშვათ!

მესმის მოსახლეობის იმედგაცრუება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ჩვენ შეგვიძლია, წელიწად-ნახევარში გადავირჩიოთ ისინი, მაგრამ ვაშაძეებს არ უნდა ჩავუგდოთ ხელში ძალაუფლება. სააკაშვილის დრო დამთავრდა და ის არ უნდა დაბრუნდეს!

"შეიძლება ადამიანს კონკრეტული საქმე არ ახსოვდეს კონკრეტულ სიტუაციაში. მგონი, ეს ნორმალურია, არა?"

ამ თემასთან დაკავშირებით მოვისმინეთ გრიგოლ ვაშაძის თანაპარტიელისა და თანამებრძოლის, გიორგი ვაშაძის პოზიციაც.

- პირადად ვიცნობ აბდალაძეს, თანაც - ძალიან კარგად. გრიგოლ ვაშაძემ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა. შეიძლება ადამიანს კონკრეტული საქმე არ ახსოვდეს კონკრეტულ სიტუაციაში. მგონი, ეს ნორმალურია, არა? სხვათა შორის, თუ არ ვცდები, თავის დროზე გრიგოლ ვაშაძე ცდილობდა, ამ საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა... მე მგონია, რომ ეს საქმეები ამ პოლიტიკურ სიტუაციასთან არ არის დაკავშირებული და სრულიად ახალი პროცესი იწყება.