რა კრიტერიუმებით იწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს
რა კრიტერიუმებით იწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს
"ეს ამნისტია იყო კატასტროფა, რადგან წამების ჩამდენ პირებსაც შეეხო"

გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის სადისტური მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისევ კრიტიკის სამიზნედ იქცა, რადგან მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სწორედ მან შეიწყალა, თუმცა მოგვიანებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განმარტა, რომ მარგველაშვილმა­ მას მხოლოდ წელიწადი და ერთი თვე მოაკლო.

იაგო ნებიერიძე 2004 წელს ჯერ გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, 2008 წელს კი ძარცვისა და ყაჩაღობისთვის 17 წელი და 4 თვე მიესაჯა; ხელისუფ­ლების
ცვლილების შემდეგ სასჯელი 10 წლამდე შეუმცირეს და ორი წელი და სამი თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა შეწყალების კომისიამ მისი საქმე განიხილა. საბოლოოდ ციხიდან ცხრა წელში გამოვიდა და ცხრა თვეში უმძიმესი ბრალდებით დააკავეს - მას არასრულწლოვნის მკვლელობასა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.

ეს არ არის
პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტ­ მარგველაშვილს შეწყალების გამო აკრიტიკებენ. ხმაური ატყდა მაშინაც, როცა გაირკვა, რომ თურქეთიდან რეანიმობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანაში ბრალდებული ირაკლი ქორიძეც შეწყალებული იყო.

"ჩვენ, ალბათ, კიდევ აღმოვაჩენთ სიურპრიზებს,­ რადგან მარგველაშვილს უამრავი ადამიანი ჰყავს შეწყა­ლებული... ის ამ საკითხზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა,"- თქვა მაშინ "ოცნების" წევრმა ვანო ზარდიაშვილმა. ყველაზე დიდი რისხვა კი პრეზიდენტს ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გამო დაატყდა. ბაქრაძემ გერი, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი სადისტურად მოკლა, შეწყალების თხოვნით კი პრეზიდენტს მისმა ყოფილმა ცოლმა მიმართა. ამ მკვლელობის შემდეგ მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დროებით წყვეტდა ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულთა შეწყალების აქტების გამოცემას... ხუთი წელია, შეწყალების კომისიის წევრია იურისტი ლია მუხაშავრია. მას ვთხოვეთ, განემარტა შეწყალების პროცედურები.

- გიორგი მარგველაშვილმა გაამარტივა მიმართვის პროცედურა. არა მარტო პატიმარს შეუძლია მოითხოვოს შეწყალება, არამედ მისი ოჯახის წევრს ან დაინტერესებულ პირსაც. თუ განსაკუთრებული შემთხვევაა, პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი პირი. პირველ ეტაპზე განცხადებებს აპარატი ამოწმებს, შემდეგ გზავნის პენიტენციარულ დაწესებულებაში, ამის შემდეგ­ კი იქიდან მოდის განაჩენი, მისი პირადი საქმე, ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგო­მარეობის შესახებ. საჭიროა სოციალური მუშაკის დასკვნაც, სადაც დეტალურად აღწერენ პატიმრის მდგომარეობას, მის დამოკიდებულებას ჩადენილი დანაშაულისადმი, რა გეგმები აქვს გათავისუფლების შემდეგ, მის ურთიერთობას ოჯახთან. ამის შემდეგ პრეზიდენტი წყვეტს, როდის მოხდეს­ შეწყალება. შეწყალებამდე ერთი კვირით ადრე კომისიის 11-ვე წევრი ვიკრიბებით და დეტალურად ვიხილავთ თითოეულ საკითხს.­ მეხუთე წელია, ერთად ვმუშაობთ­ და შეთანხმებული კრიტერიუმები გვაქვს, ვიცით, რა შეიძლება ვურჩიოთ პრეზიდ­ე­ნტს. მას კი შეუძლია ან გაიზიაროს, ან უარი თქვას ჩვენს რეკომენდაციაზე.

- პრეზიდენტს კომისიის გვერდის ავლით შეუძლია პატიმრის შეწყალება?
- დიახ. თუ მსჯავრდადებულს ხუთ წლამდე აქვს მისჯილი, ერთი მესამედის მოხდის­ შემდეგ აქვს უფლება, თხოვნით მიმართოს პრეზიდენტს. თუ ხუთ წელზე მეტი აქვს, მაშინ ნახევარი უნდა ჰქონდეს მოხდილი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ვთქვათ, როცა სამუდამო პატიმრობა აქვს, 15 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია ითხოვოს შეწყალება.
სამუდამო პატიმრობამისჯილის ათამდე საკითხი განვიხილეთ. პრეზიდენტს არც ერთი არ გაუშვია, მხოლოდ გათავისუფლების ვადა განუსაზღვრა.

- შესაწყალებელ პატიმრებს ხვდებით?
- მათ კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ესაუბრება. ხვდება მათი ოჯახის წევრებსაც. არის შემთხვევები, როცა დაზა­რალებული ან მსჯავრდადებულის ოჯახი ამბობს, არ შეიწყალოთო. საყურადღებოა დაზარალებულის პოზიციაც. ჩვენთან მოდის ნოტარიულად დამოწმებული მათი წერილი,­ თუმცა ხანდახან ჩნდება ეჭვი, ხომ არ მოხდა დაზარალებულზე ზეწოლა, ან ხომ არ მოისყიდეს.

- ზოგჯერ შეწყალებული უმძიმეს დანაშაულს სჩადის...
- იაგო ნებიერიძეს ცნობაში ეწერა, რომ იყო წამების მსხვერპლი საპატიმროში. მას უკვე მოხდილი ჰქონდა რვა წელი. ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ ის იყო ახალგაზ­რდა და პრეზიდენტმა ერთი წლით შეუმცირა სასჯელი. მესმის საზოგადოების შეშფოთება, მაგრამ შეწყალების აქტი არის სიკეთე, რასაც სახელმწიფო აკეთებს. ასეთი ერთეული შემთხვევების გამო არ უნდა ვითხოვდეთ შეწყალების პროცედურების გამკაცრებას ან მის აკრძალვას.

- რომ გცოდნოდათ, ნებიერიძე 11 წლის ბავშვის გატაცებაში იყო ეჭვმიტანილი, ეს რაიმეს შეცვლიდა?
- როდესაც პირი მეორედ არის ნასამა­რთლევი, ან პირობითი მსჯავრი ჰქონდა და წინა დანაშაული აპატიეს, მერე კი ჩაიდინა სხვა დანაშაული, მას შეწყალებაზე უარს ვეუბნებით. ჩვენ არ ვიცოდით ეს ამბავი.

- 25 წლის ახალგაზრდა ქალიც შეწყალებულმა დამნაშავემ მოკლა...
- ეს იყო შემზარავი ამბავი. მაშინვე მოვითხოვეთ, საქმის მასალებისთვის გადაგვ­ეხედა და ვნახეთ, რომ შეწყალებას ოჯახის წევრი ითხოვდა.
საყურადღებო ამბავს გეტყვით: ე.წ. უდოს კომისია უფრო მეტ პატიმარს ათავისუფ­ლებს, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს­. ეს მიკერძოებული დამოკიდებულებაა. კარგია შეწყალების საკი­თხით მედია რომ დაინტერესდა, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რა კრიტერიუმებით იღებს გადაწყვეტილებებს "უდოს" კომისია, არადა, ეს მექანიზმი დახურულია.

- პრეზიდენტის შეწყალებულთაგან რამდენი შებრუნდა ციხეში და მძიმე დანაშაული რამდენმა ჩაიდინა?
- 0,8%. მძიმე დანაშაული რამდენმა ჩაიდინა, ზუსტად არ ვიცით.

- სააკაშვილის შეწყალებულთაგანაც ბევრმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული. გავიხსენოთ ოქროპირიძის საქმე, რომელმაც ქუჩაში მოკლა­ ახალგაზრდა.
- ოქროპირიძე წამების მსხვერპლია. მე წამების საკითხებში გაეროს ექსპერტი ვარ და ვიცი, რომ ძალადობის მსხვერპლი ხშირად თვითონ ხდება მოძალადე. ჩვენ პენიტენციარულ სისტემაში ვერ აღმოვფხვერით სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულთა შედეგები. დაისაჯნენ დამნაშავეები, მაგრამ ორგანიზატორები და სისტემის ხელმძღვანელები დაუსჯელი დარჩნენ.
სახელმწიფოს არ უზრუნია მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე, არადა, მათ ხანდახან ეს მთელი სიცოცხლის მანძილზე სჭირდებათ. ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს ქუჩებში, სროლას, ანგარიშსწორებას.
ვფიქრობ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რომ ციხეში დანაშაულთა ჩამდენი პირები სახელმწიფომ არ დასაჯა.

- თუ არის მუხლი, რომლითაც გასამართლებულს კომისია უარს ეუბნება?
- ასეთი მუხლი არ არსებობს, მაგრამ როცა საქმე ეხება ძალადობრივ დანაშაულს, მოძალადეს, ძირითადად, უარს ვეუბნებით. შეიძლება მკვლელობა ჩაიდინოს ადამიანმა, მაგრამ ყურადღებას ვაქცევთ გარემოებებს,­ მოძალადემ კი, ჯობს, სრულად მოიხადოს სასჯელი.

- შეკრებითობის გაუქმებამ, ამნისტიამ, შეწყალებამ, ე.წ. უდომ მძიმე დანაშაულისთვის­ გასამართლებულებსაც გაუხსნა გზა თავისუფლე­ბისკენ. თქვენი აზრით, ამნისტია ყველას უნდა შეხებოდა?
- ეს ამნისტია იყო კატასტროფა, რადგან წამების ჩამდენ პირებსაც შეეხო. სახელმწიფოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ვალდებულებები, მას კონვენციები ავალებს, შეღავათი არ გაუწიოს წამების ჩამდენთ, მაგრამ... სააკაშვილი რისთვის გაასა­მართლეს?­ იმისთვის, რომ გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა. ეს არ არის ვიღაცის­ ახირება, პოლიტიკური დევნა, ეს არის საერთაშორისო ვალდებულება.

"უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს შეწყალების ექსკლუზიური უფლება?"


იურისტი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს: "შეწყალების დროს ეყრდნობიან სისტემიდან მიღებულ ინფორმაციას, მაგრამ ბევრი პატიმარი ვიცი, რომელსაც უკეთესი დახასიათება აქვს, თუმცა მათ მარგველაშვილი არ იწყალებს. კახი კახიშვილმაც თქვა, ხშირად პირს აქვს უარყოფითი დახასიათება, მაგრამ მას მაინც იწყალებენო. რამდენიმე შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა ექსკლუზიური უფლება და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები შეიწყალა, ქალბატონები, მცირეწლოვანი შვილების დედები კი ციხეში სხედან. შეწყალების კომისიაში ვერ ვხედავ პროფესიონალებს. ცალკე უნდა ჰყავდეთ იურისტებით დაკომპლექტებული მუშა ჯგუფი, რომელიც საფრთხეს შეაფასებს. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს კომისიის გვერდის ავლით შეწყალების უფლება, მაგრამ...

ახლა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მკვლელებს, ჩნდება კითხვა: უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს შეწყალების ექსკლუზიური უფლება?"

რამდენი ადამიანი შეიწყალა მარგველაშვილმა


პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 2013 წლის ბოლოდან დღემდე 4100-ზე მეტი მსჯავრდადებული შეიწყალა. შარშან შეიწყალა 840 მსჯავრდადებული, რომელთაგან 46 ქალი იყო. 37 ქალი გათავისუფლდა, სხვებს კი სასჯელი ან გაუნახევრდათ, ან შეუმცირდათ. შAარშაAნვე შეწყალება შეეხო 794 მამაკაცს. მათგან 513 გათავისუფლდა, სასჯელი გაუნახევრდა 235 პირს, 39-ს კი ვადა შეუმცირდა. შარშან შეწყალებით განთავისუფლდა ხუთი არასრულწლოვანიც. არ არსებობს წლევანდელი სტატისტიკა, თუმცა ცნობილია, რომ ბოლო შეწყალების აქტს პრეზიდენტმა ხელი 25 ოქტომბერს მოაწერა. ოქტომბერში კომისიამ 575 პირის საქმე განიხილა, პრეზიდენტმა მათგან 57 მსჯავრდადებული შეიწყალა. 30 იმავე დღეს გათავისუფლდა, 27-ს კი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები