"აივნიდან ფული გადმოგვიგდე, თორემ ბავშვი დაიღუპებაო"
"აივნიდან ფული გადმოგვიგდე, თორემ ბავშვი დაიღუპებაო"
ფოტო:გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე, რომელიც 11 წლის ბიჭის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა
გორში, 2004 წლის 1-ლ ნოემბერს 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი დედამ ეზოში­ ჩაუშვა და იმ დღის შემდეგ ბავშვი აღარავის უნახავს. ეს შემზარავი ისტორია მაშინ გაცოცხლდა, როცა ისევ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი მოკლეს. ამ სასტიკი მკვლელობის ჩამდენი იაგო ნებიერიძე ბიჭის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა - ის ბერძნიშვილებს 20.000 დოლარს სძალავდა. გაუჩინარებული ბავშვის ოჯახი დღემდე ნებიერიძეს ადანაშაულებს, თუმცა მას ეს დანაშაული არ უღიარებია და საქმეში მისი მონაწილეობა არც მტკიცებულებებით დადასტურებულა. "კვირის პალიტრა" 14
წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის დედას, ხათუნა რაზმაძეს ესაუბრა.

- ზაქრო 2004 წლის 1-ლ ნოემბერს გაიტაცეს... გვყავდა მოწმე, რომელიც ამბობდა, როგორ წაიყვანა ბავშვი ეზოდან მაღალმა, გამხდარმა ბიჭმა. მისი აღწერილობა იაგო ნებიერიძის გარეგნობას დაემთხვა. სად არ ვეძებეთ, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით.

- ამასობაში არავინ დაგკავშირებიათ?
- ორი
წერილი მივიღეთ. პირველში,­ რომელიც კართან დაგვიგდეს, ეწერა, რომ თუ 20.000 დოლარის გადახდაზე­ თანა­ხმა ვიყავით, თეთრი ზეწრები გამომეფინა­. მეორე წერილი მაწანწალა ბავშვმა მოგვიტანა და გვითხრა, უცხო კაცმა გამომატ­ანაო. მასში ეწერა, რომ ბავშვს თავი სტკიოდა, სიცხე ჰქონდა და დედას კითხ­ულობდა."მოითხოვდნენ, ერთ საათში აივნიდან სიგარეტის კოლოფით თანხა გადაგვეგდო, თორემ ბავშვი დაიღუპებოდა. ექსპერტიზით გაირკვა, რომ წერილებს იაგო ნებიერიძე გვწერდა, მაგრამ მან მხოლოდ წერილების წერა აღიარა, ამიტომ წაუყენეს ბრალი გამოძალვაზე.

მაშინ ნებიერიძე 20 წლის იყო. ეგ და მამამისი ავტოფარეხს გვიშენ­ებდნენ. ზაქრო ერთი თვის რომ გახდა, ჰიდროცეფალია დაუდგინდა და მას მერე ვმკურნალობდით - თავზე შვიდი ოპერაცია გაუკეთეს. ნებიერიძემ იცოდა, ბავშვისთვის არაფერს დავზოგავდით და უკან არ დავიხევდით.

ზაქრო სულ მამა-შვილი ნებიერიძეების გვერდით იყო. სადილის დროს ჩავიდოდა და მუშებს­ სახლში ამოიყვანდა ხოლმე. იმ დღეს ეზოში მარტო ჩავუშვი და... გაქრა. როცა ბავშვს ვეძებდით, მამა-შვილი­ თანაგრძნობის გამოსახატად ყოველდღე მოდიოდა, არადა, ჩანს, ინფორმაციას აგროვებდნენ... მერე ეს უბედურება დაგვატყდა თავს...

20 ოქტომბერს ზაქრო 25 წლის გახდა, დაბადების დღე გადავუხადეთ, ხუთ დღეში კი გავიგეთ, რომ ნაძირალა ნებიერიძემ პატარა ნანიკო მოკლა! ეს ჩვენთვის საშინელება იყო... ტრაგედია დედაჩემის უბანში დატრიალდა - სახლი, რომლის სარდაფშიც იმ მანიაკმა ნანიკო მოკლა, დედას სახლის მოპირდაპირედ დგას. ამ ამბავმა ყველას თავზარი დაგვცა. 25 ოქტომბერს ხელახლა დავკარგეთ ჩვენი შვილი.
ზაქრო ბერძენიშვილი
- რამ გაგიმყარათ ეჭვი, რომ წერილებს­ იაგო ნებიერიძე გწერდათ?
- იმ ბავშვმა გვითხრა, გზის იქით დგას ის ბიჭი, ვინც წერილი გამომატანაო­. ჩემი მეუღლე გავიდა, თეთრქურთუკიანი ბიჭი კი მის დანახვაზე გაიქცა. მეორე დღეს აღიდგინა, ეს ის იაგო იყო, ჩვენ რომ ავტოფარეხი გაგვიკეთაო... ნებიერიძე რუსთაველის ქუჩაზე, ცხრასართულიან სახლში ცხოვრობდა. ჩემი მეუღლე მეგობრებთან ერთად მის სახლში ავიდა და საკიდზე ზუსტად ის თეთრი ქურთუკი დაინახა.­ ამის მერე იაგო მალევე დააკავა პოლიციამ.

14 წელია, იმ იმედით ვარ, რომ ჩემი შვილი ცოცხალია. იქნებ მონასტერშია, ან სადმე... შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე დაგვპირდა, რომ საქმეს ხელახლა გამოიძიებენ.
დღეს ნანიკოს ამბით არის ყველა შეძ­რული, მაგრამ იმათ მიცვალებული მაინც ჰყავთ და იციან, რა მოხდა, ჩვენ კი, 14 წელია, გაურკვევლობაში ვართ.

ნებიერიძეს გორში არავინ იცნობს, უტყვი და კარჩაკეტილი ყოფილა. კლასელებიც ამბობენ, ხმას არ იღებდა, არც ახლობელი ჰყავდა, არც მეგობარიო. მალე გორელები მოვითხოვთ, რომ ეს ოჯახი ქალაქიდან გაასახლონ. მამაც გამოვიდეს იმ ეკლესიიდან, ექვსი წელი თავი რომ აქვს შეფარებული. დედა დამლაგებელია და ამ ამბის მერე სამსახურიდან გამოაგდეს.

კიდევ კარგი, ცხელ კვალზე გაიხსნა ეს საქმე. რომ დასცლოდა, ვინ იცის, კიდევ რამდენ ბოროტებას ჩაიდენდა. ან ვინ იცის, ამ ცხრა თვის განმავლობაში რა ჩაიდინა?­ იმდენი ბავშვის სურათი ჰქონდა ტელეფონში, ალბათ, კიდევ ბევრი დანაშაულის ჩადენა ჰქონდა განზრახული. იმედია, ახლა მაინც ამოიღებს ხმას და იტყვის სიმართლეს. გვინდა, გამოვიდეთ 14-წლიანი სიბნელიდან და სამართალმა იზეიმოს.

ლელა
16 ნოემბერი 2018 23:28
მაინტერესებს, რატომ არ აგებენ პასუხს ის პირები, რომლებმაც ხელი მოაწერეს მის შეწყალებას. კანონით, მათ რომ პასუხისმგებლობა ეკისრებოდეთ,ასე ადვილად არ მოაწერდნენ ხელს შეწყალებაზე. ლია მუხაშავრიას ნუთუ არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, ამ საქმეში მისი წვლილიც არის,
ლუკა
12 ნოემბერი 2018 04:22
ასეთი მანიაკები რამდენია კიდევ სამეზობლოში, უბანში, საახლობლოში? ამათზე ალალია ცოცხლად დაწვა. ეს ე.წ. პროგრესულად და ჰუმანურად მოაზროვნეთა იდეოლოგია ზღაპრულ სამყაროს შეესაბამება მხოლოდ. ამ ცოდვილ პლანეტაზე რეალობა ისეთია რომ დამნაშავეს უსასტიკესი სასჯელი თუ არ დაუწესე დანაშაული მუდმივად გამეორდება. შეიგნეთ პროგრესულო იდეალისტებო რომ სიცოცხლე არის დაუნდობელი პროცესი, მანიაკები ამ სიცოცხლის ერთერთი ფორმით გამოხატულება არის. ისინი არიან ბუნების შვილები. ბუნება ხშირად უშვებს სისასტიკეს. სისასტიკეს კი მხოლოდ სისასტიკით შეიძლება გაუსწორდე!
გიორგი
11 ნოემბერი 2018 17:38
წარმოგიდგენიათ რა უსუსური გამოძიება იყო რომ ტიპს გამოძალვა დაუმტკიცდა, მეზობელი მოწმობდა რომ იმან გაიყვანა ბავშვი და საქმე თურმე მის აღიარებაზე ყოფილა არ აღიარა გატაცება და ამიტომ ვერ დაუმტკიცეს...თავსლაფი დავასხი გამომძიებელს , მბრალდებელკ პროკურატურას და მერე მოსამართლეს,..... გთხოვთ მოიძიოთ და გამოაქვეყნოთ ამ სამი პერსონის გვარები

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები