პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა - კვირის პალიტრა

პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა

პაატა ბურჭულაძემ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა. პროცესი 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა. საქმე ეხება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან მსოფლიო ბანი, ფონდ "იავნანაში" საქველმოქედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში დაადანაშაულა.

ფონდ "იავნანას" ინფორმაციით, ბრალდების მხარე ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის სახით მოითხოვს, რაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.

"გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა. ვეთანხმები, რომ მან გული გაუტეხა და იმედი გაუცრუა საქართველოს მოქალაქეებს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით და თავად უკიდურესი უსამართლობისა და მავნებლობის ჩამდენი აღმოჩნდა. სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ნაცვლად, მათ ღია ომი გამოუცხადეს „იავნანას“ და შედეგად კიდევ უფრო დააზარალეს გაჭირვებული ხალხი, რომელსაც ამ ფონდის დახმარების იმედი ჰქონდა. საქართველოს იმიჯი შელახეს მსოფოლიო მნიშვნელობის არტისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლებზე, რომლებიც 14 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ფენის კეთილდღობაზე ზრუნავდნენ, განახორციელეს საინფორმაციო ძალადობა. ამ მძიმე და აშკარა დევნაში მონაწილე ყველა პირი კანონის ძალით უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო სამართალდამცავების მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, დახურონ ეს სამარცხვინო საქმე და ხალხს უთხრან სიმართლე, რომ მეორე წელია ეძებენ დანაშაულს და მხოლოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებს პოულობენ ფონდ „იავნანაში“, - აღნიშნავს პაატა ბურჭულაძე.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, მარიამ ჩიქოვანის განცხადეით, კობა დავითაშვილმა, აღნიშნული განცხადება, ერთ-ერთი ინტერნეტ ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა. ადვოკატი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პაატა ბურჭულაძემ სასამართოს მიმართა.

"საკუთარ შესაგებელს დავითაშვილმა და მისმა ადვოკატმა მტკიცებულების სახით დაურთეს მხოლოდ PosTv-ის მიერ მომზადებული და დისკზე ჩაწერილი 9 ვიდეო რეპორტაჟი. შესაგებელში ვკითხულობთ, რომ „ეჭვიც კი გამორიცხულია არსებობდეს იმის თაობაზე, რომ დავითაშვილის განცხადება არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს". კობა დავითაშვილისათვის ერთი კონკრეტული ინტერნეტ ტელევიზიის გაურკვეველი სიუჟეტები აღმოჩნდა საფუძველი იმისა, რომ ეჭვიც არ შეპარვოდა პაატა ბურჭულაძის დამნაშავეობაში და ემტკიცებინა, რომ იგი "იპარავდა ბავშვების ფულს. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ გადაწყვიტა, რომ კობა დავითაშვილს ცილისწამების უარყოფა სასამართლოს ძალით მოსთხოვოს", - განაცხადა მარიამ ჩიქოვანმა.

"ინტერპრესნიუსი"