რუსეთში შაქრო კალაშოვის "ტიტულოვანი" ნათესავი დააკავეს - რა დაპირისპირება ჰქონდა "კანონიერ ქურდს" ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან? - კვირის პალიტრა

რუსეთში შაქრო კალაშოვის "ტიტულოვანი" ნათესავი დააკავეს - რა დაპირისპირება ჰქონდა "კანონიერ ქურდს" ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან?

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, კრასნოდარში 32 წლის "კანონიერი ქურდი" შალვა ოზმანოვი იგივე "კუსო ტბილისკი" იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

როგორც ცნობილია, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი შალვა ოზმანოვი ე.წ. კანონიერ ქურდად 2014 წელს აკურთხეს. ასევე ცნობილია ოზმანოვისა და შაქრო კალაშოვის ნათესაური კავშირის შესახებაც, რომელიც დღეს რუსეთში კრიმინალური სამყაროს მმართველად ითვლება.

ესპანური ციხიდან შაქრო კალაშოვის რუსეთში დაბრუნების შემდეგ, შალვა ოზმანოვი და დათო ოზმანოვი, იგივე დათო "კრასნოდარსკი", რომელსაც "ობშიაკი" გადააბარეს, კალაშოვის დაახლოებული პირები გახდნენ. შაქროს არაპოპულარული მითითებების შესრულების შემდეგ კი ოზმანოვმა საკმაოდ ბევრი ქართველი "კანონიერი ქურდი" გადაიმტერა, მათ შორის კი "ონიანი-ჯანგველაძის" კლანის წარმომადგენლები. ხოლო ზუსტად ის ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც 2011 წელს დათო ოზმანოვი ბელგიაში დაჭრეს, ამბობენ, რომ ის "კანონიერი ქურდის" წოდებას არ იმსახურებს.

სააგენტოს ცნობით, ოზმანოვები კარგად იყენებდნენ ნათესავის, კალაშოვის ავტორიტეტს და აქამდე გაურბოდნენ ოპონენტებთან დაპირისპირებას, თუმცა მას შემდეგ, რაც კალაშოვი დააკავეს, ისინი იძულებულები გახდნენ "მთავარი ოფისი" დაეთმოთ და კრასნოდარის მხარეში გადაბარგებულიყვნენ.

შეგახსენებთ, ასევე, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში "კანონიერი ქურდი", 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე "დათო პანკისკი" მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. საქმე ეხებოდა შაქრო კალაშოვის, იგივე "შაქრო მალოდოის" ახლობელზე, ასევე "კანონიერ ქურდ" დათო ოზმანოვზე, იგივე "კრასნოდარსკიზე" 2011 წელს მომხდარ თავდასხმას, რასაც ქურდულ სამყაროში კონფლიქტის ახალი, სისხლიანი ფაზის დასაწყისად მიიჩნევენ. თავდასხმისას ოზმანოვი სასწაულად გადარჩა.

ერთ-ერთი ვერსიით, ალხანაშვილი სწორედ კალაშოვის კლანის წევრებმა მოკლეს, რადგან ის 2011 წელს, ოზმანოვზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

(წყარო)

იხილეთ ასევე:  შაქრო კალაშოვს 9 წლითა 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს - ვინ არის ქალი, რომლის გამოც "ბოსების ბოსი" ციხეში გაუშვეს?

თარგმნა ნიკა გულუამ