დაიკითხება თუ არა ოთარ ფარცხალაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე? - კვირის პალიტრა

დაიკითხება თუ არა ოთარ ფარცხალაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე?

აღარ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებითაც მოხდება, - ამის შესახებ პროკურორმა ემზარ გაგნიძებ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიებისთვის არ არსებობენ ხელშეუხებელი პირები. როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოიკითხება ყველა ის პირი და მოპოვებული იქნება ყველა საჭირო მტკიცებულება, რაც "ომეგა ჯგუფის" საქმის გახსნას შეუწყობს ხელს.

"ოთარ ფარცხალაძეს, მოგეხსენებათ, ბრალი უკვე წარდგენილი აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და რა თქმა უნდა, აღარ არსებობს იმის კითხვის ნიშანი, რომ იგი "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება. ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშრებით ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამომძიებელი თავად საზღვრავს ტაქტიკას, რა რის შემდეგ უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპისთვის ფარცხალაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე არ არის გამოკითხული, თუმცა ვადასტურებ, რომ გამოძიებისთვის არ არსებობენ ხელშეუხებელი პირები. ყველა ის პირი გამოიკითხება და ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს," - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

"ინტერპრესნიუსი"