"სპეცრაზმელმა დამიზნებით რეზინის 9 ტყვია მესროლა" - რას ჰყვება 26 მაისის აქციის დაშლის მოწმე - კვირის პალიტრა

"სპეცრაზმელმა დამიზნებით რეზინის 9 ტყვია მესროლა" - რას ჰყვება 26 მაისის აქციის დაშლის მოწმე

26 მაისის აქციაზე ჩემი გასვლის მთავარი მამოძრავებელი ის იყო, რომ 7 ნოემბერს მამა დაჭრეს, - ამის შესახებ 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო სხდომაზე 26 მაისს დაშავებულმა, საქმეზე ბრალდების მხარის მოწმემ ლევან ღლონტმა განაცხადა.

მოწმემ 26 მაისის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ აქციაზე მყოფ პირებს ტერიტორიის დატოვების საშუალება არ ეძლეოდათ და მათ სამართალდამცველები ან აკავებდნენ ან ცემდნენ.

"აქცია იყო პროტესტის გამოხატულება. აქციის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივ მოწოდებებს ადგილი არ ჰქონია. რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პოლიციელები და სპეცრაზმელები იყვნენ. მე პერიმეტრიდან გასვლა არ მიცდია, ვინც სცადა ტერიტორიიდან გასვლა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა დააკავეს ან სცემეს. 12:00 საათზე დაიწყეს მომიტინგეების დაშლა. ხალხი პანიკაში იყო, რადგან არსად გასაქცევი აღარ იყო. მე შევეცადე გაქცევას, თუმცა ვერ დავტოვე ტერიტორია. სრული ქაოსი იყო. მუზეუმის შენობის კუთხესთან 2 სპეცრაზმელი დამხვდა. ერთ-ერთმა დამიზნებით მესროლა რეზინის 9 ტყვია, საიდანაც 3 შემავალი ჭრილობა იყო. ტერიტორიის დატოვება მსურდა, თუმცა სამართალდამცველებთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. მომიტინგეების მხრიდან თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო უფრო თავდაცვითი ქმედება. რამდენიმე ადამიანს ხელში დროშის ტარი ეჭირა, თუმცა ამას თავდაცვისთვის იყენებდა. შემდეგ მე დამაკავეს და გადამიყვანეს ქალაქის მთავარ სამმართველოში. იქ უამრავი ხალხი დამხვდა. იყო გოდება და საშინელება. სამმართველოში დილის 10:00 საათამდე ვიყავი, საიდანაც საავადმყოფოში და შემდეგ ისევ სამმართველოში გადამიყვანეს. თუმცა მალევე გამათავისუფლეს. რეზინის ტყვიები მოგვიანებით ჩემით ამოვიღე ხელით 10 დღის შემდეგ. 26 მაისს ჩემი გასვლის მთავარი მამოძრავებელი ის იყო, რომ 7 ნოემბერს მამა დაჭრეს აქციაზე", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ბრალდების მხარის მოწმემ.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე, ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.