"ბავშვი სკოლიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მიუახლოვდა და..." - რას ჰყვება 12 წლის ბავშვის დედა - კვირის პალიტრა

"ბავშვი სკოლიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მიუახლოვდა და..." - რას ჰყვება 12 წლის ბავშვის დედა

ჩემი შვილი სახლში ტირილით დაბრუნდა და მომხდარის შემდეგ ერთი კვირაა სკოლაში არ წასულა,- ამის შესახებ ბათუმში 12 წლის მოზარდის დედამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მოზარდის დედა 55 წლის მამაკაცს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა, შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. დედის თქმით, ბავშვი ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებს.

"ბავშვი სკოლიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მიუახლოვდა და გარყვნილი ქმედება განახორციელა. ბავშვმა თავი ცუდად იგრძნო და ავტობუსში მყოფებს დახმარება სთხოვა. მოძალადისგან თავის დასაღწევად, უცნობი მამაკაცი გათავისუფლებაში დაეხმარა და მოძალადეს უთხრა, რომ ავტობუსიდან ჩასულიყვნენ და ესაუბრათ, რაზეც უარი განუცხადა. ჩემი შვილი სახლში ტირილით დაბრუნდა. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაშია სკოლაში არ დადის. მომხდარის გამო, დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციას ვთხოვეთ, შემდეგ კი სამართალდამცავებს მივმართეთ. ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე ვართ ჩაწერილი, ბავშვი ერთი კვირაა სკოლაში არ დადის. მომხდარის შესახებ სკოლის დირექტორიც ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ იგივე მამაკაცისგან მსგავსი ქმედება ჩემი შვილის მიმართ მეორედ ისევ ავტობუსში განხორციელდა. მამაკაცი ვერ ამოვიცანი, რადგან არასდროს მინახავს",- განაცხადა მოზარდის დედამ.

იხილეთ ასევე: ბათუმში 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 55 წლის მამაკაცი დააკავეს