"გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა..." - რას ამბობს სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა..." - რას ამბობს სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა, მათ მაინც ჩათვალეს, რომ ბრალი უნდა დაემძიმებინათ, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებას კობაურის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. "როგორც ჩანს ყველაფერს მალხაზ კობაურს აბრალებენ. გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა მათ მაინც ჩათვალეს, რომ ბრალი უნდა დაემძიმებინათ. ბრალი დაფუძნებულია მხოლოდ სპერმის აღმოჩენაზე და ამ მტკიცებულებაზე, თუმცა ჩვენ ამ მტკიცებულებას სადავოს ვხდით. მით უმეტეს მკვლელობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

პროკურატურამ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

"გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

დღემდე, მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

შესაბამისად, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ“, მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"