როდის ხდება ბავშვი აგრესიული - კვირის პალიტრა

როდის ხდება ბავშვი აგრესიული

რამდენიმე დღის წინ თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 31 აგვისტოს 8 წლის ალავერდ ბაირამოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები -1995 წელს დაბადებული ვალენტინ სერგოს ძე გრუნდინკინი და 1995 წელს დაბადებული ირაკლი ვაჟას ძე ავგუსტოვი დააკავეს.

ბაირამოვს მშობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

28 აგვისტოს ბავშვი დედასთან ერთად ნავთლუღის ბაზარში იყო (აქ მისი მშობლები ვაჭრობენ). ალავერდ ბაირამოვი ეჭვმიტანილებმა ჯართის შეგროვებაში დახმარების საბაბით ბაზრიდან მესამე მასივში ერთ-ერთ მიტოვებულ ავტოფარეხში გაიტყუეს, წებოვანი ლენტით ხელ-ფეხი შეუკრეს, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი თავში სამშენებლო ბლოკის ნატეხი ჩაარტყეს. ბავშვი  გარდაიცვალა. მოგვიანებით დაკავებულმა არასრულწლოვანმა დამნაშავეებმა აღიარეს, რომ მისი მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ბიჭი მათ დედასთან დაბეზღებით დაემუქრა.

ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი: - რადგან ამ ბავშვების ოჯახურ გარემოზე არაფერი ვიცით, სრული ფსიქოლოგიური ანალიზის გაკეთებაც შეუძლებელია. საინტერესოა ისიც, რა ვითარება აქვთ ოჯახში. შესაძლოა, ბავშვები ისეთ ოჯახში იზრდებოდნენ, სადაც ძალადობა ჩვეულებრივი ამბავია.

- ბავშვების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები მსოფლიოში გახშირდა. ეს მოვლენა რაიმე კანონზომიერებას ექვემდებარება?

- ამ კონკრეტულ ფაქტს მსოფლიოში ძალადობის ზრდას ვერ დავუკავშირებ. მოზარდები ნავთლუღის ბაზარში მტვირთავებად მუშაობდნენ. მათი ოჯახები უთუოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ. მოზარდები არ დადიან სკოლაში, მათთან არც აღმზრდელობითი მუშაობა მიმდინარეობს. ბავშვები მოკლებულნი არიან ყოველგვარ ადამიანურ პირობებს. არავინ ზრუნავს მათ ნორმალურ ფსიქოფიზიკურ, სქესობრივ განვითარებაზე. გაუპატიურება და მკვლელობა ასეთი ინდივიდისთვის მიუღებელი არ არის. ბავშვის ფსიქიკის განვითარებაში, მის ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების ქცევასაც. როცა ბავშვი შეჩვეულია ცემას, მშობლები ალკოჰოლიკები ჰყავს, რა ფასეულობები ექნება?

მანიაკებისა და მკვლელების პროცენტული რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე რუსეთია. ამ ქვეყნის კრიმინალიზაციის პრობლემით დიდი ხანია დაინტერესდნენ მეცნიერები და დაადგინეს, რომ ასეთი კატასტროფული შედეგი კანონზომიერია იმ გარემოსი, რაც ტრადიციულად ალკოჰოლის მოყვარულ რუსულ ოჯახებშია.

რუსული ინტერნეტსაიტების ერთდღიანი მიმოხილვაც კი საკმარისია იმისათვის, რომ გაარკვიო, რატომ არის რუსეთში ამდენი მანიაკი. მხოლოდ აგვისტოს ბოლო კვირას არაერთი შემზარავი ოჯახური ძალადობის ფაქტია დაფიქსირებული.

რუსეთის საავადმყოფოებში ყოველდღიურად მშობლებისგან სასტიკად ნაცემი უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი ხვდება.

ბავშვებზე ძალადობის ფაქტები არც საქართველოშია უცხო ხილი, თუმცა დანაშაულის ფორმები განსხვავებულია და უფრო ფსიქოლოგიური ხასიათისა.  უცხოურმა ორგანიზაციებმა საქართველოში ერთი უცნაური კანონზომიერება დააფიქსირეს. კერძოდ, თუ ევროპის ქვეყნებში ბავშვები აგრესიულები 10 წლამდე არიან, ქართველ ბავშვებში აგრესიულობა 13-14 წლის ასაკიდან იწყება. მიზეზად ბავშვებზე ძალადობა დასახელდა.

ვიდრე ბავშვი პატარაა, მშობელი გამუდმებით აკონტროლებს და მის ნებას ახშობს. ბავშვი მშობლის შიშის გამო ვერ ავლენს აგრესიულობას, ხოლო მას შემდეგ, რაც მშობელი ვეღარ ახერხებს მის გაკონტროლებას, აგრესია მთელი ძალით იფეთქებს ხოლმე.