"ანას ბრმად უყვარდა ლადო, ეტყობა, სხვა ადამიანს იცნობდა და სხვა შერჩა ხელში - ცივსისხლიანი სადისტი... რატომ მომიკლა შვილი?!" - კვირის პალიტრა

"ანას ბრმად უყვარდა ლადო, ეტყობა, სხვა ადამიანს იცნობდა და სხვა შერჩა ხელში - ცივსისხლიანი სადისტი... რატომ მომიკლა შვილი?!"

20 წლის ანა ნაცვლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას მან განაცხადა, რომ აღიარებით ჩვენებას ხელი სამართალდამცველების ზეწოლის შედეგად მოაწერა. ხმაური მოჰყვა დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის დასკვნას, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილს 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თუმცა 9 მათგანი არ შეესაბამება იმ დანით მიყენებულ ჭრილობებს, რომელიც მთავარ ნივთმტკიცებად არის წარდგენილი. მანვე განაცხადა, რომ ყველა ჭრილობას გარდაცვლილს მხოლოდ ლადო გრიგალაშვილი ვერ მიაყენებდა. ანას ოჯახი ვარაუდობს, რომ დაცვა საქმის 109-ე მუხლის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას ცდილობს და საამისოდ ექსპერტის დასკვნას იშველიებს.

შეგახსენებთ, რომ ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე, მისი კორპუსის უკან მდებარე პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. მას ცივი იარაღით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. იმავე დღეს, ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. იგი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს.

მამუკა ნაცვლიშვილი, ანას მამა:

- ექსპერტმა გეჯაძემ ის თქვა, რაც ადვოკატმა და გრიგალაშვილის ოჯახმა დაუკვეთეს, ფული გადაუხადეს და აბა, მათ საწინააღმდეგო დასკვნას დადებდა? ისინი ამით ამბობენ, მკვლელი უდანაშაულოა და ციხიდან უნდა დავიხსნათო. ამ დასკვნას არავინ უყურებს, სასამართლოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, ექსპერტის დასკვნას რამე შეეცვალოს. ექსპერტს რომ ვქირაობ, რაც მე მინდა და რა ინტერესიც მაქვს, ისიც იმას ახმოვანებს. გეჯაძე მაფიოზია! ამ ექსპერტმა დაწერა, რომ კი არის 33 ჭრილობა, მაგრამ 9 გამორიცხა, დანით არა, სხვა საგნით არის მიყენებულიო, ანუ სხვამ მოკლა ჩემი შვილი. საქმე ისე მიჰყავთ, თითქოს მვლელობა გამოუძიებელია და პროკურატურა ნამდვილ მკვლელს აფარებს ხელს. ჩემი შვილი მოკლა ლადო გრიგალაშვილმა, ეგ არაკაცია დამნაშავე! სასამართლოზე ისეთი რაღაცეები ილაპარაკა, კიდევ კარგი კარი დაკეტილი იყო, თორემ ანგელოზად მომეჩვენა და ვიფიქრე, არ გაფრინდეს-მეთქი. ისევ უარყოფს ყველაფერს და ამბობს, არ ვიცი, ეს ვინ გააკეთაო.

- ბატონო მამუკა, რით ხსნით ასეთ სისასტიკეს, რა ვერსია გაქვთ?

- ეს იცის სამმა - ანამ, ლადომ და ღმერთმა. არ ვიცი, თუ აღიარებს... ეტყობა არც აპირებს. მისი ადვოკატიც არაქალია. გორში რომ მოკლეს 9 წლის გოგონა, მეგონა იმ საქმესაც ეგ აიღებდა, იმდენად უვარგისი ქალია, ფულის გულისთვის ყველაფერზე წავა. რატომ მოკლა ამ არაკაცმა ანა, ეგ კითხვა მაქვს მეც. გრიგალაშვილის აღიარება ჩემთვის არაფერს ნიშნავს, სულაც არ მჭირდება. უბრალოდ, მე ის მაინტერესებს, რატომ მოკლა. ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი მოსამართლეს რომ ვუსმენდი, ბრალდებულს ისეთ კითხვებს უსვამდა, ჩანდა, ისიც დარწმუნებულია, გრიგალაშვილი რომ დამნაშავეა. ამ არაკაცმა პროცესზე თქვა, პოლიციელების ზეწოლის ქვეშ ვიყავი, მითხრეს, დანაშაულს თუ არ აღიარებ, შენი მეგობრები გვყავს დაჭერილი და მათ გავატარებთ "პრესში", მათაც დამნაშავედ გამოვაცხადებთ, ამიტომაც ვაღიარე დანაშაულიო. მოსამართლემ პროცესზე პირჯვარიც კი გადაიწერა, გაოგნდა, ეს ვინ არისო. ეგ თუ არ არის დამნაშავე, მაშინ მე მომიკლავს ჩემი შვილი.

- თავის დროზე, მკვლელობის მოტივად ეჭვიანობაც დასახელდა... - გამორიცხეთ ეჭვიანობა, ეგ არაფერ შუაშია. ჩემი შვილი მოღალატე არ ყოფილა. რაღაც ვერსია წამოვიდა, თითქოს ლადომ ანა სხვასთან, ბმვ-ში დაინახა. ადვოკატმა ჰკითხა და მანაც უარყო, მსგავსი არაფერი ყოფილა, ეგეც გამომძიებელმა დამაწერინაო. ჩემი შვილი შეეწირა სიყვარულს და მორჩა! ანას ბრმად უყვარდა ლადო, ეტყობა, 7 წელი სხვა ადამიანს იცნობდა და სხვა შერჩა ხელში - ცივსისხლიანი სადისტი. ნეტა გენახათ, როგორ იჯდა სასამართლოზე და როგორ ლაპარაკობდა, ნერვიც არ ატოკებია, რომელ სინანულზეა ლაპარაკი?! ეგ არაკაცი ანაზე ერთი დღითაა დიდი, 13 აგვისტოს ეგ დაიბადა, 14-ში - ანა.

გრიგალაშვილმა 22 თებერვლის დილით გაიყვანა, მოკლა ჩემი შვილი და მერე თამაში დაიწყო, მოდიოდა და თითქოს ჩვენთან ერთად ეძებდა ანას, ეტყობა ალიბს იქმნიდა. მისი დაცვა ახლა ცდილობს მუხლის გადაკვალიფიცირებას, სასჯელის შემსუბუქებას. ნეტა დღესვე გამოუშვან, დამირეკონ და მითხრან, ვერ დავამტკიცეთ მისი ბრალეულობაო. ყველა ღონეს ვიხმარ, რომ მოკვდეს, მე თვითონ მოვკლავ, ავიყვან იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი მოკლა და იქ გამოვჭრი ყელს, ისე, როგორც ჩემს ანას გამოჭრა, არაკაცი ვიყო, ეს თუ არ გავაკეთო.

- თქვენი აზრით, ასე სასტიკად რატომ უნდა მოქცეულიყო შეყვარებული ბიჭი? - არ ვიცი, არ ვიცი... შეიძლება ჩემმა შვილმა ისეთი რამ იცოდა, რაც არ უნდა სცოდნოდა. მას ბრალის ხვა მძიმე დანაშაულშიც - პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო შენახვაში, გავრცელების მუქარასა და გამოძალვაშიც ედება, გოგონებს ფოტოების გასაჯაროვებით ემუქრებოდა, აშანტაჟებდა. ეს იცოდა ჩემმა შვილმა და ალბათ ამას უშლიდა, უყვარდა და არ უნდოდა ამ გზით ეშოვა ფული.

გრიგალაშვილზე მის სამეზობლოში, საახლობლოში და სამეგობროში გავიკითხე. ეს ბიჭი ყოვლად უვარგისი და მავნებელი ყოფილა, ჯერ კიდევ ბავშვობაში ავტოფარეხის სახურავიდან ბავშვი გადმოუგდია და ეს საქმე დედამისს ჩაუფარცხავს. არ ვიცი, რა გითხრათ, რატომ შეუყვარდა ჩემს შვილს ასეთი არაადამიანი, მაგრამ ანას მეგობრებიც ამბობენ, ამ არაკაცს იმის უნარი ჰქონდა, ადამიანებისთვის თავი ანგელოზად მოეჩვენებინაო. ასეთებიც ხომ არსებობენ?

იხილეთ ასევე: "მოსვენებას არ აძლევდა, სულ მის გვერდით უნდოდა ყოფნა" - რას ამბობენ თემქაზე მოკლული გოგონას მეგობრები ბრალდებულზე?

(სპეციალურად საიტისთვის)