"მამაკაცს პედოფილიის 44 ეპიზოდში ედება ბრალი, მათგან უმცროსი 10 წლის, ყველაზე უფროსი კი 14 წლისაა" - როცა სასჯელი დანაშაულის არაადეკვატურია - კვირის პალიტრა

"მამაკაცს პედოფილიის 44 ეპიზოდში ედება ბრალი, მათგან უმცროსი 10 წლის, ყველაზე უფროსი კი 14 წლისაა" - როცა სასჯელი დანაშაულის არაადეკვატურია

ლიბერალური თუ მკაცრი სისხლის სამართლის კოდექსი - დანაშაულის მზარდი სტატისტიკის გამო ამ საკითხმა აქტუალურობა კიდევ ერთხელ შეიძინა. საზოგადოების ნაწილი დამნაშავეებთან ლიბერალური მიდგომის მომხრეა, მეორე ნაწილი კი, პირიქით, სასტიკად დასჯას ითხოვს. სს კოდექსით განსაზღვრული დანაშაულების ადეკვატურობა-არაადეკვატურობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ თავად იურისტებსაც.

საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსი 2009 წლის 9 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო. ამ ხნის განმავლობაში მასში ცვლილებები თითქმის ყოველწლიურად შეჰქონდათ. სააკაშვილის მთავრობის დროს კოდექსი მკაცრი იყო, ახალმა ხელისუფლებამ კი უფრო ლიბერალური გახადა. იურისტების ნაწილის აზრით, პარლამენტმა სს კოდექსში დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ცვლილებები პრევენციული ზომების მისაღებად.

ბოლო წლებში გახშირდა სქესობრივი ძალადობის დანაშაულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 300 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა ანალოგიურ პერიოდში, 2017 წელს - 257, ხოლო 2016 წელს 336 შემთხვევა. აქედან 2017 წელს არასრულწლოვნებზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის 174 ფაქტია. ამ პერიოდში არასრულწლოვნის გაუპატიურების 11 შემთხვევა ფიქსირდება, 5 სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება, 3 კი–სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტი. 124 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სრულწლოვანმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დაამყარა, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით.

იურისტ დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, პედოფილია, როგორც უმძიმესი დანაშაული, მკაცრად უნდა ისჯებოდეს.

- მთელი მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობა ებრძვის პედოფილიას, როგორც სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამ მხრივ ესტონეთმა მონახა გამოსავალი, რომ კასტრაცია პედოფილებისთვის ყოფილიყო როგორც განაჩენი, სანქცია. ვფიქრობ, პედოფილია საქართველოშიც უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს და არა იმგვარად, როგორც ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული.

არცთუ დიდი ხნის წინ სააპელაციო სასამართლო განიხილავდა პედოფილიის 44 ეპიზოდში ბრალდებული მამაკაცის საქმეს, რომელიც არასრულწლოვნებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა. საქმეს ათობით დაზარალებული არასრულწლოვანი ჰყავს, მათგან ყველაზე უმცროსი 10 წლის, ყველაზე უფროსი კი 14 წლისაა. ბრალდებული 43 წლის ლიფტიორია, რომელიც ბავშვებთან სქესობრივ კავშირს, ძირითადად, ლიფტში ამყარებდა. საქალაქო სასამართლომ მას 8 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა, მან საქმე გაასაჩივრა და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს"(?!).

ლორთქიფანიძის თქმით, ადამიანის მოკვლისთვის სასჯელის ზომად 7 წლის განსაზღვრაც არაადეკვატურია:

"ვფიქრობ, 7 წელი არაადეკვატურია. მკვლელობა იმდენად გახშირდა, რომ ამაზე აღარავინ რეაგირებს, მორიგი ტრაგედია მხოლოდ სტატიკურად აღირიცხება. ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობისთვის გაცილებით მკაცრი სასჯელი უნდა არსებობდეს, ისევე როგორც ნარკოტიკის გასაღებისა და კონტრაბანდისთვის. გასამკაცრებელია ყაჩაღობისთვის სასჯელიც."

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, თაღლითობის დანაშაული მესამე ადგილზეა. ბევრი მოქალაქეა თაღლითობის მსხვერპლი იმის გამო, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება არ არის დახვეწილი და არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმატიულ აქტებს.

გარყვნილი ქმედებებისთვის გათვალისწინებული მუხლები

პედოფილიის, გაუპატიურებისა და ნებისმიერი სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე მუხლია გათვალისწინებული:

მუხლი 137. არასრულწლოვნის გაუპატიურება ისჯება 10-დან 13 წლამდე პატიმრობით.

მუხლი 138. არასრულწლოვანზე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება ისჯება 10-დან 13 წლამდე.

მუხლი 139. არასრულწლოვნის სექსუალური იძულება ისჯება 5-დან 7 წლამდე პატიმრობით.

მუხლი 140. გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან წინასწარი შეცნობით ისჯება 7-დან 9 წლამდე პატიმრობით.

მუხლი 141. გარყვნილი ქმედება 16 წლამდე ასაკის პირის მიმართ ისჯება 5-დან 7 წლამდე პატიმრობით.